დემნა გვასალია იტალიური მოდის სახლის, Gucci-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა - Marao

დემნა გვასალია იტალიური მოდის სახლის, Gucci-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა

2025-03-14 09:48:42+04:00

 დემნა გვასალია იტალიური მოდის სახლის, Gucci-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრენდის მფლობელმა ფრანგულმა ჰოლდინგმა, Kering-მა გაავრცელა.

"მო­დამ გან­სა­ზღვრა მისი გზა და დღეს ეს გზა უნი­კა­ლუ­რია. ეს არის ის, რაც Gucci-ს იმ­სა­ხუ­რებს და სჭირ­დე­ბა მას მო­მავ­ლის­თვის“, - თქვა Gucci-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სტე­ფა­ნო კან­ტი­ნომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

  • ისტორიული მომენტი: რატომ მიანიჭეს დემნა გვასალიას საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება? 

ინფორმაციას თავად დემნა გვასალიაც გამოეხმაურა:

"ნამ­დვი­ლად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შე­ვუ­ერ­თდი Gucci-ის ოჯახს. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო სახ­ლში, რო­მელ­საც ღრმად ვცემ პა­ტივს და დიდი ხა­ნია აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ. მო­უთ­მენ­ლად ველი, რომ სტე­ფა­ნო­სა და მთელ გუნდთან ერ­თად Gucci-ის სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­ის ახა­ლი თავი დავ­წე­რო“, - ნათ­ქვა­მია დემ­ნა გვა­სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • დემნა გვასალიას დიდი დაბრუნება: ქართველი დიზაინერი ფოტოებს აქვეყნებს 

გავრცელებული ინფორმაციით, დემ­ნა თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას Balenciaga-ში 9 ივ­ლისს მა­ღა­ლი მო­დის მო­რი­გი ჩვე­ნე­ბით და­ას­რუ­ლებს და მა­ლე­ვე და­ი­წყებს საქ­მი­ა­ნო­ბას Gucci-ში.

დემნა გვასალია

დემნა გვასალია ეროვნებით ქართველია, თუმცა გერმანიის მოქალაქეობა აქვს. დაიბადა სოხუმში 1981 წლის 25 მარტს. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიატი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა, ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება.

  • ქართველი დიზაინერის დიდი წარმატება - David Koma იტალიური ბრენდის, BLUMARINE-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა 

გვასალია გაემგზავრა ანტვერპენში, რათა ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩარიცხულიყო. 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომლებმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყეს. პირველი კურსის ბოლოს იგი 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან, წელიწად-ნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა. ამგვარად იგი პარიზში მიიწვიეს, სადაც Maison Margiela-ში დაიმკვიდრა ადგილი. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში "მარჯიელაში" დაიწყო.

დემნა გვასალიამ პარიზში, "მარჯიელას" ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა H&M & Margiela-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას "ლუი ვიტონში" მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“).

2015 წლის ოქტომბერში დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა.