დემნა გვასალია იტალიური მოდის სახლის, Gucci-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრენდის მფლობელმა ფრანგულმა ჰოლდინგმა, Kering-მა გაავრცელა.
"მოდამ განსაზღვრა მისი გზა და დღეს ეს გზა უნიკალურია. ეს არის ის, რაც Gucci-ს იმსახურებს და სჭირდება მას მომავლისთვის“, - თქვა Gucci-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანო კანტინომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ინფორმაციას თავად დემნა გვასალიაც გამოეხმაურა:
"ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი Gucci-ის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია წვლილი შევიტანო სახლში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. მოუთმენლად ველი, რომ სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის საოცარი ისტორიის ახალი თავი დავწერო“, - ნათქვამია დემნა გვასალიას განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დემნა თავის საქმიანობას Balenciaga-ში 9 ივლისს მაღალი მოდის მორიგი ჩვენებით დაასრულებს და მალევე დაიწყებს საქმიანობას Gucci-ში.
დემნა გვასალია ეროვნებით ქართველია, თუმცა გერმანიის მოქალაქეობა აქვს. დაიბადა სოხუმში 1981 წლის 25 მარტს. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიატი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა, ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება.
გვასალია გაემგზავრა ანტვერპენში, რათა ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩარიცხულიყო. 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომლებმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყეს. პირველი კურსის ბოლოს იგი 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან, წელიწად-ნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა. ამგვარად იგი პარიზში მიიწვიეს, სადაც Maison Margiela-ში დაიმკვიდრა ადგილი. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში "მარჯიელაში" დაიწყო.
დემნა გვასალიამ პარიზში, "მარჯიელას" ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა H&M & Margiela-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას "ლუი ვიტონში" მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“).
2015 წლის ოქტომბერში დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა.