ნინო ნოდია წლებია ცნობილი პარფიუმერული ქსელის პიარმენეჯერია. ადრე ტელევიზიაში მუშაობისას ზუზუ შეარქვეს და ამ მეტსახელით უკვე დიდი ხანია იცნობენ.
განსაკუთრებით პოპულარული სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენის შემდეგ გახდა, სადაც ჩიკას მეგობრის "პუსკუნას როლს ასრულებდა.
ნინო 1974 წელს დაიბადა. 12 წელი ნიჭიერთა ათწლედში სწავლობდა, მერე კონსერვატორიაში ჩააბარა, იქიდან უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა... სერიალში გამოჩენამდე საზოგადოება მას კარგად იცნობდა.
სცენის გამოცდილებაზე მეტად, თავის დროზე, სატელევიზიო ეთერში მუშაობის გამოცდილება დაეხმარა. კამერა არ ეუცხოვა. ერთადერთი სირთულე იყო სცენის გათამაშება რამდენიმე პერსონაჟთან ერთად... კასტინგის დღესვე, ეკა მჟავანაძესთან რომ მივიდა, ეს პერსონაჟი უცბად გაიაზრა და მისი იმიტაცია მაშინვე გააკეთა.
"ჩემი სხვადასხვა საქმიანობიდან გამომდინარე, საზოგადოება სერიალამდეც მიცნობდა, მაგრამ ამ სერიალის ცნობადობა სხვა რამ არის. მას უყურებს, როგორც ვთქვი, ყველა ასაკობრივი კატეგორია. შესაბამისად, ყველასგან იგრძნობა პოზიტიური განწყობა. ბავშვებისგან განსაკუთრებით დიდი სითბო მოდის. ხანდახან პირბადეშიც კი მცნობენ, მეხვეწებიან, სურათი გადავიღოთ. თბილად მელაპარაკებიან, ეს კი მოტივაციას მიზრდის... სასიხარულოა, რომ ამდენ ადამიანს უყვარხარ, მოსწონხარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პერსონაჟი, პუსკუნა არ არის გასაგიჟებელი და მოსაწონი... ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სალონში შევედი, სტილისტი თმას მვარცხნიდა და შევატყვე, შეშინებულივით მიყურებდა, თითქოს ცდილობდა, ზედმეტი არაფერი ეთქვა. ეს რომ შევნიშნე, ვუთხარი, - არ გეგონოს სერიალში ვისაც ვთამაშობ, ცხოვრებაშიც ისეთი ვარ-მეთქი...
ჩემი შვილები აჟიტირებულები იყვნენ, როდესაც გაიგეს, რომ სერიალში უნდა მეთამაშა. არაერთი სეზონის განმავლობაში "დაქალების" მაყურებლები იყვნენ. რომ გაიგეს, მეც უნდა მეთამაშა, გადაირივნენ. ასე რომ, ბედნიერები არიან. როდესაც სადმე ერთად მივდივართ, კესო მეუბნება, რომ ვიღაცამ მიცნო, თვალი გამომაყოლა. მონიტორინგს აწარმოებენ, ვის მოვწონვარ და ვის - არა. თუმცა მეუღლე ამ ამბით არც თავიდან იყო აღფრთოვანებული და არც - ახლა. ზოგადად კრიტიკული მაყურებელია, იმ სცენაში ცუდად გამოიხედე, ამ სცენაში ასე დაილაპარაკე... ასეთი დეტალები ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, თუ ერთ ადამიანს მაინც მოეწონა ჩემი ნამუშევარი, იცინა, იხალისა, ან მაგალითი აიღო, რომ ისეთი არ იყოს, ეს ჩემთვის ბედნიერება იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაკლოვან მხარეს ზუსტად ისე წარმოვადგენ, როგორც არის." - ამბობდა ნინო.