ნინი შერმადინი, 1987 წლის 11 დეკემბერს, თბილისში დაიბადა. სიმღერა სამი წლის ასაკში დაიწყო.15 წლისამ დაამთავრა კონსერვატორიამდელი ვოკალური სკოლა. მისი ადრეული კარიერა მოიცავდა მონაწილეობას საქართველოს ეროვნულ ტელევიზიაში, მუსიკალურ პროექტში "ნუცას სკოლაში", ასევე გამოჩნდა სხვა მუსიკალურ სატელევიზიო პროექტში, "ორი ვარსკვლავი".
2005 წელს შერმადინი "ახალი ტალღის" კონკურსის ფინალში გავიდა. 2006 წლიდან 2008 წლამდე უძღვებოდა ეროვნულ სატელევიზიო შოუს "იმედის ტალღა" და იყო "ცეკვავენ ვარსკვლავების" სპეციალური სტუმარი.
2009 წელს შერმადინმა მონაწილეობა მიიღო "X Factor Greece"-ის მეორე სეზონში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა კატეგორიაში, რომელსაც გიორგი თეოფანუსი ხელმძღვანელობდა.
მუსიკალური კარიერის გაფართოების მიზნით, 2012 წლეს ნინი შერმადინი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. სწავლობდა Nola Studios-ში ბროდვეიზე. ჯერ სამსახური რესტორან „პასაჟში“ იპოვა, მერე – რესტორან „მიმინოში“ მღეროდა.
"ამერიკაში დიზაინერმა ფატუნა ბუშიჰედმა წამიყვანა. მისი ჩვენება იყო „ვოლდორფ ასტორიაში“, რომელიც სიმღერით გავხსენი და დავხურე. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს, ბევრი კომპლიმენტი მივიღე. ცხადია, მომეწონა. იმ დღიდან გადავწყვიტე, ბედი აქ მეცადა და ჩემი ადგილი მეპოვა. შემდეგ ისე მოხდა, რომ სოსო თოლორაია (ალბათ, საქართველოში ყველას ახსოვს) მაშინ ბროდვეის სპექტაკლისთვის ემზადებოდა და მეც შემომთავაზა, მასთან ერთად წავსულიყავი, რაზედაც, რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი. აი, ასე წამოვედი ბედის საძებნელად ამერიკის შეერთებულ შტატებში." - ამბობდა ნინი.
ნინის ყოფილი მეუღლე ვაჟა ციცაგი იყო. წყვილის დაშორების შემდეგ, გავრცელდა ჭორი, რომ ვაჟა ქალების მოყვარული გამოდგა და ნინის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომღერალი ამ ჭორს სასტიკად უარყოფდა:
"ეს ჭორი დიდი შეურაცხყოფაა, პირველ რიგში, ვაჟასი და მერე ჩემი. გამოდის, რომ სულელი ვარ, რომ ასეთ ვამპირს და ფსიქოპათს გავყევი ცოლად. ეს ბევრჯერ დაიწერა და მეც სულ ვიმეორებ, ხალხო, მსგავსი სისულელე აღარ თქვათ-მეთქი. ხომ შეიძლება, ორმა ადამიანმა ერთმანეთს ვერ გაუგოს? ადამიანები არ შეიძლება, სკანდალის გარეშე დაშორდნენ? მეც და ვაჟაც ძალიან ჯიუტები ვართ. ორივეს ჩვენი პრინციპები გვაქვს. მე ჩემს პრინციპებს ვერაფრით გადავაბიჯე. სულით ხელოვანი ვარ და ბავშვობიდან ვოცნებობ, ჰოლივუდის მსახიობი ან მომღერალი ვიყო და "გრემიზე" საუკეთესო მომღერლად დამასახელონ. ჩემი შრომისმოყვარეობისა და ნერვების წყვეტის ფასად მალე დიდ წარმატებებს მივაღწევ. ვაჟა კარგი ადამიანია, მაგრამ წარმატებას მარტო უფრო მივაღწევ, ვიდრე ვაჟასთან ერთად.
ყოველთვის გვერდში მედგა, "იქს ფაქტორიდან" დაწყებული. მაგრამ ქართველ კაცს ცოლი სახლში უნდა. რთულია, ცოლი ერთი თვე წავიდეს და კაცი სახლში დარჩეს. მე არ ვცხოვრობ ჩვეულებრივი, რიგითი ქალის ცხოვრებით. ხელოვანის ცხოვრება მაქვს. როგორ ფიქრობ, დედაჩემისა და მამაჩემისთვის ადვილი ასატანია, შვილი ღამის თორმეტ საათზე რომ გადის სახლიდან და ოთხზე შემოდის? მაგრამ იმდენად მენდობიან, რომ ეს სალაპარაკო თემა არ ხდება. ჩემი მიზანი ისაა, რომ ოცნება ავისრულო და ჩემი შვილი უზრუნველყოფილი იყოს. ჩემსა და ვაჟას შორის ბოლო დროს ურთიერთობა დათბა, შვილს ნახულობს. ვაჟამ გაიგო, რომ მე ჩემი კარიერა მაქვს გასაკეთებელი, მიხვდა, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ და მისი შვილის დედა არაფერს შეურაცხმყოფელს არ აკეთებს" - ამბობდა ნინი "რეიტინგთან" ინტერვიუში.