საზოგადოების ნაწილი ალბათ კარგად იცნობს ოთარ ფარულავას პერსონასა და მის შემოქმედებას. ის ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე იყო. ოთარ ფარულავა არაერთი სკულპტურული კომპოზიციისა თუ მემორიალური დაფის ავტორია, მის ნამუშევრებს თბილისის ქუჩებშიც მრავლად შეხვდებით, თუმცა ია ფარულავას მამის გზა არ აურჩევია - მას თავდაპირველად კონსერვატორიაში ჩაბარება სურდა, მოგვიანებით კი მისი ცხოვრების მთავარ საქმედ მსახიობობა იქცა.
მამასთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა - სწორედ მამის რჩევისა და სურვილის დამსახურებაა ისიც, რომ იამ მსახიობის კარიერა აირჩია:
„მამა ჩემს ავანტიურისტულ ვნებებს - გაქცევას, ამერიკაში წასვლას, პრობლემად არ აღიქვამდა, არაფერში მზღუდავდა. ჩვენ ტრადიციული ოჯახი არასდროს გვქონია. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა 1975 წელს ორ მეგობართან ერთად ჩოხოსანთა საზოგადოება დააარსა, თვითონ ტრადიციული ბუნების კაცი არ იყო. პირველად ფილმში რომ გადამიღეს, მეუბნებოდა, ლამაზიც ხარ, ნიჭიერიც, აუცილებლად მსახიობი უნდა გახდეო. იყო ჩემში რაღაც მსახიობური ნიჭი და ამას ხედავდა.
როცა ბოლო ზარი მქონდა, პერანგზე მამაჩემმა დამიხატა ორი ნიღაბი - ერთი იცინის, მეორე ტირის და დააწერა - VINI, VIDI, VICI - მოვედი ვნახე გავიმარჯვე. მეუბნებოდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრების მოტო, რომ ცხოვრებაში ყოველთვის გავიმარჯვებ. მამის შთაგონებით, ეს სიტყვები არაცნობიერში დამრჩა და დღემდე მუშაობს.
მე ვამბობდი, რომ კონსერვატორიაში მინდოდა ჩაბარება, სადაც ჩემი უფროსი და უკვე სწავლობდა. მამაჩემის პირველი მეუღლე იყო მედეა ამირანაშვილი და მყავს ერთი და, მარინა ფარულავა. როცა მამა გაშორდა მედეას, შემდეგ მოიყვანა დედაჩემი ცოლად. მეც და დედაჩემიც ვმეგობრობდით მედეასთან. ჩემთვის მეორე დედა იყო, მე და ჩემი ძმა „მედიკო-დედიკოს“ ვეძახდით.
ამერიკაში ყოფნის დროს მამას ყოველთვის ვურეკავდი, ვესაუბრებოდი. 1997 წელს რომ ჩამოვედი საქართველოში, მამამ ჩოხოსნების შეკრებაზე წამიყვანა, სადაც მიხეილ სააკაშვილი სკოლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვნახე...
მამაჩემი შვილიშვილებზე ოცნებობდა.ოცნება ვერ შევუსრულე, მაგრამ მე დავბადე ია ფარულავა“, - იხსენებდა მამისა და მასთან ურთიერთობის შესახებ ია ფარულავა გოგი გვახარიას საავტორო გადაცემაში „შვილი“.
ია უკვე მრავალი წელია, მაყურებლისთვის საყვარელი და, ამავდროულად, საინტერესო ფიგურაა. მას საკუთარი ცხოვრების, განვლილი გზისა თუ ოჯახის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ. საინტერესო ამბებსა და ისტორიებს ია ფარულავას შესახებ კიდევ ერთხელ გაგაცნობთ.
ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორისა და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში. მისი სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას, თიკოს როლი შეასრულა.
როგორ უკვე გითხარით, მამამისი, ოთარ ფარულავა, ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე იყო. მისი პირველი მეუღლე ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი გახლდათ, რის გამოც ია ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს და კულისებიდან ადევნებდა თვალს წარმოდგენებს.
ია ფარულავას ბავშვობა ფერად და მხიარულ პერიოდად ახსოვს, სადაც ხელოვნება და კულტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მამის გავლენით, ის და მისი ძმა ხშირად ათვალიერებდნენ რენესანსის მხატვრების ნამუშევრებს და უსმენდნენ კლასიკურ მუსიკას, რაც მათ ესთეტიკურ აღქმაზე დიდ გავლენას ახდენდა. ია ფარულავას ერთ-ერთ ინტერვიუში დედასაც იხსენებდა და ამბობდა, რომ განსაკუთრებული გარეგნობის ქალი იყო: "დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო - მოდელი და მოცეკვავე. დედასაც ვგავარ და მამასაც. როდესაც მოსკოვში მოდის ჩვენება გაიმართა, ამ ჩვენებაში მონაწილეობას დედაჩემიც იღებდა. ტოქსიკური დედა იყო - თვითონ ვერ განახორციელა თავისი დიდი ოცნებები, არაჩვეულებრივად მღეროდა. ეგზოტიკური გარეგნობა ჰქონდა. თავისი თავის რეალიზება ვერ შეძლო და ამიტომ ცოტა ტოქსიკური იყო. თავისი მიზნები შვილებს გადასცა - და ჩვენც ისეთები გავხდით, როგორიც მას სურდა".