რეზიუმე: ანონიმური პროფილის მქონე უცნობი უკავშირდება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ სამ გოგონას და უცნაურ თამაშში ჩაითრევს, სადაც მათ სხვადასხვა ყოფითი სიტუაციიდან თავის დაძვრენა, საიდუმლოებების ამოხსნა და გარკვეული მინიშნებების პოვნა მოუწევთ იმისთვის, რომ მოძებნონ თამაშის მთავარი ინიციატორი - ტრიქსტერი.
მოთხრობის გმირების მსგავსად, ნებისმიერ მსურველ მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ მოთხრობის მთავარი გმირები... - ანუ, ითამაშოს!
მკითხველისთვის განკუთვნილი დავალებები ეპიზოდებს P.S.-ის სახით დაერთვება.
* * *
რეზიმ კარი გააღო და დაიცადა, სანამ სამივე გამოვიდოდა ოთახიდან. მერე ისევ დაკეტა და კიბეზე დაეშვა. გოგოები უკან გაჰყვნენ. გასაღები დიმას გადაუგდო, დივნიდან ipad-ი აიღო, ზურგჩანთაში ჩადო და მხარზე გადაიკიდა.
- ძიმ, წავედი და თუ ვინმემ მიკითხა, ხვალ საღამომდე არ ვიქნები!
- კაი, მიდი! - უპასუხა დიმამ და გოგოებს შეხედა.
- ჩვენც მივდივართ... კარგად...
თქვა ნინიმ და სამივე გასასვლელისკენ გაემართა.
- მანქანით ხარ? თუ გინდა, გაგიყვანთ ჩვენ! - უთხრა ნინიმ რეზის, როცა გარეთ გავიდნენ.
- მეკაიფები, ხოო? - გაეცინა რეზის.
- თუმცა შენ უმანქანოდ როგორ იქნები... გამოვშტერდი მეც! - გაეცინა ნინის.
- მოკლედ, გავიქეცი, მართლა მაგრა მეჩქარება! წარმატებებს გისურვებთ!
რეზიმ გოგოებს გაუღიმა და იქვე, სიხლოვეს მდგარ BMW-სთან მივიდა, რომელიც წარწერებით და ნახატებით იყო გაფორმებული.
მანქანაში რომ ჯდებოდა, წამიერად მიასკენ გაიხედა და თვალი ჩაუკრა.
- ახლა რა ვქნათ? - თქვა მიამ და გოგოებისკენ შემობრუნდა.
- რას ფიქრობთ ამ ტიპზე? ვითომ ისაა? რაღაც, ქცევებით კი "პადმახივაეტ ნა ტო"...
თქვა ნინიმ და მანქანისკენ გაემართა.
- შეიძლება ეგაა! - თქვა სალიმ და ნინის უკან გაჰყვა.
- ეგრე ადვილად არ გამოჩნდება ტრიქსტერი! - თქვა მიამ და მანქანის კარი გამოაღო.
გოგოები მანქანაში ჩასხდნენ.
- რატომ უთხარი შენ, სიყალბე ვიგრძენიო?
- არც კი ვიცი... რეაქცია მაინტერესებდა...
- გაუტყდა აშკარად! - გაიცინა ნინიმ.
- ჰოო... სოფელზე რას ფიქრობთ?
- წასვლას არაფერი უდგას წინ! თეთრიწყაროს რაიონში ჩავიდეთ და იქ ეცოდინება ვინმეს... აბა, ისე როგორ იქნება!
ნინიმ მანქანა დაქოქა.
- როდის წავიდეთ?
- კვირას გაწყობთ? რადგან თამაშის დღეებად კვირა აირჩია, მაშინ აჯობებს, რომ კვირას ჩავიდეთ.
- მაზეგ?
- ჰოო... მანამდე მოვემზადოთ! საქმეები თუ გაქვთ რამე, მოიშორეთ...
ნინიმ გოგოები სახლში მიიყვანა და თვითონაც სახლში წავიდა. ის იყო, მანქანა დააყენა, რომ მობილურზე უცხო ნომერმა დარეკა.
- გისმენთ!
- გამარჯობა, ნინი...
- რომელი ხარ?
- ვაკო ვარ!
- აა, უი... როგორ ხარ?
- კარგად... შეგიძლია შემხვდე?
- როდის?
- საღამოს შეძლებ?
- რამე ხომ არ ხდება?
- არა, არაფერი... ვახშამზე გეპატიჟები!
- კარგი... სად?
- სახლში გამოგივლი, 6-ზე...
- ოკეეი...
- ველოდები საღამოს, მოუთმენლად!
ნინიმ მობილური გათიშა და სახლში ავიდა. წყალი გადაივლო, თმა გაიშრო, მოწესრიგდა და მიკროტალღურ ღუმელში ჭიქა შედგა, რომ ყავისთვის წყალი გაეცხელებინა. ყავა რომ ჩაყარა, მისაღებ ოთახში, დივანზე ფეხებმოკეცილი დაჯდა და ლეპტოპი ჩართო. ტრიქსტერი ისევ არ ჩანდა.
უცებ ნინის რეზის სიტყვები გაახსენდა, შეიძლება სხვა პროფილიდანაც გწერდესო და თავისი მეგობრების სიას გადახედა.
სულ 457 მეგობარი ჰყავდა. ამათგან ძალიან ბევრს ჰქონდა ანონიმური პროფილი. ასე რომ, ნებისმიერი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ტრიქსტერი...
ექვს საათზე ნინი ქვემოთ ჩავიდა. ვაკო მოსული იყო და მანქანაში ელოდა. ნინი დაინახა თუ არა, მანქანიდან გადმოვიდა და მისკენ გამოეშურა.
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- მეც...
ორივე მანქანაში ჩაჯდა.
- სად მივდივართ?
- მცხეთაში რომ წაგიყვანო, წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
- არა, რატომ...
- ძალიან კარგი! - თქვა ვაკომ და მანქანა დაძრა. გზაში ზოგად თემებზე საუბრობდნენ. - მუსიკაზე, ხელოვნებაზე და ა.შ. მცხეთაში, რესტორანში რომ მივიდნენ, ვაკომ ვახშამი შეუკვეთა და როგორც კი მიმტანი მაგიდას მოშორდა, ნინისკენ გადაიხარა და ხმადაბლა ჰკითხა:
- მედალიონი გიკეთია?
- არა, სახლში დავტოვე!
- კარგია! შენთან ლაპარაკი მინდოდა... მოკლედ, რაღაც გავიგე!
- რა გაიგე?
- ირაკლი და გიო ხომ გახსოვს, რესტორნიდან?
- რა თქმა უნდა!
- ეგენი ორივე მართლა ბიზნესმენები ყოფილან და ორივე რაღაც გაუგებარ ორგანიზაციაშია...
- რას ნიშნავს გაუგებარი ორგანიზაცია?
- მგონი, საიდუმლო ორგანიზაციაა რაღაც, სახელად - "სფერო" ჰქვია! ჰოდა, ორივე მანდ მუშაობს!
- როგორ გაიგე?
- ჩემი კავშირებით... მაგას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა! მთავარია, რომ გავიგე...
- და ეგ ორგანიზაცია რა საქმიანობას ეწევა?
- ჰოდა, მაგაშია საქმე! - კაცმა არ იცის!.. ჯერჯერობით ვერაფერი გავიგე... ვითომ, რაღაც ფონდია... პერიოდულად საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევიან, მაგრამ ზოგადად, კაცმა არ იცის... რაღაც აქციებს ფლობენ... დახურული ორგანიზაციაა!
- და შენ ფიქრობ, რომ ტრიქსტერიც მაგ ორგანიზაციის პროდუქტია?
- ან დამფუძნებელი...
- ვაიმე, თავი ფილმში მგონია! რა საინტერესოა!
- ნინ, მგონი, აჯობებს, რომ საერთოდ შეეშვათ ამ თამაშს... ჩემზე აზარტული ადამიანი არ მეგულება, მაგრამ, მიუხედავად ამისა...
- თამაში თვითონ დაგვიმთავრა!
- რა?
- სამივეს დაგვემშვიდობა, გვითხრა, რომ წესები დავარღვიეთ და ამის გამო თამაშს გამოვეთიშეთ... მერე თავისი გვერდის დეაქტივაცია მოახდინა... გაქრა...
- გამოჩნდება!
- ჩვენ დღეს მრბოლელი ვიპოვეთ!
- რეზი?
- ჰო... იმ კლუბში მივადექით სამივე... გვითხრა, რომ თამაში ახლა იწყება... და ესეც ტრიქსტერის გეგმის ნაწილი იყო...
- არ მომწონს ეს ყველაფერი... ძალიან ბევრი ადამიანია უკვე გარეული! - იქნებ სექტაა რამე? არ გიფიქრია ამაზე? იქნებ ეგენი ყველანი შეთანხმებულად მოქმედებენ და... რა ვიცი...
- გამორიცხული არაფერია, ვაკო... კიდევ იმ უცნაური სოფლის მისამართი გავიგეთ, რომელიც მის დღიურში იყო ნახსენები...
- ვის დღიურში?
- უი, შენ არ იცი! ტრიქსტერის სამალავი ვიპოვეთ! იმ შენობაში იყო, რომელიც ირაკლიმ ახსენა!
- თქვენ აღარ ხუმრობთ...
- დღიურში ერთ სოფელს ახსენებდა, ცისფერი სახლით... და რეზიმ გვითხრა, რომ მანდ უნდა მივიდეთ!
- არ გაბედოთ! საერთოდ შეეშვით ამ ყველაფერს! გოგოებსაც უთხარი, ნინ... ძალიან სახიფათოა! ცეცხლს ეთამაშებით...
- მაგაშია მთელი მუღამი... რომ ცეცხლს ვეთამაშებით!
- მესმის! მაგრამ არ ღირს...
- რა იცი? იქნებ ღირს?
- ნინ...
- კარგი... ვიფიქრებ მაგაზე! გპირდები...
ნინი და ვაკო კიდევ კარგა ხანს ლაპარაკობდნენ. ივახშმეს. საკმაოდ გვიანი იყო, როცა ვაკომ ნინი სახლში მიაცილა და დაემშვიდობა.
ნინიმ ასვლისთანავე დაურეკა გოგოებს და ყველაფერი მოუყვა. მიას გადაწყვეტილება არ შეუცვლია სოფელში წასვლაზე. სალის ცოტა შეეშინდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გადათქვა.
კვირას ნინის მანქანით გაემგზავრნენ. თეთრიწყაროს რაიონში შევიდნენ და ცენტრში სოფელი "ივანოვკა" იკითხეს. გადასახვევი მიასწავლეს, რომელიც მხოლოდ იმ სოფელთან მიდიოდა და მიგნება არ გაუჭირდებოდათ.
გზა მართლა საშინელი იყო. რამდენიმე ადგილას ხევზე გადავიდნენ მანქანით და კინაღამ იქ ჩარჩნენ.
გზა სულ ტყით მიდიოდა. გზაში რამდენიმე სახის ტყე გაიარეს, როგორც დღიურში ეწერა... დროდადრო საოცარი სილამაზის ჩიტები გამოჩნდებოდნენ ხოლმე...
საათნახევარში სოფელიც გამოჩნდა.
შესასვლელშივე სასაფლაო იყო... წინ უცნაური ძეგლი იდგა და ეს ყველაფერი მისტიკურ განწყობას უფრო უღვივებდა გოგოებს.
სახლებიც გამოჩნდა. ძველი სახლები იყო... ბერძნული... მანქანა ნელი სვლით მიდიოდა და გოგოები გაფაციცებულნი აკვირდებოდნენ ყველაფერს...
უცნაურია... რამდენიმე წუთი იარეს ისე, რომ ერთი კაციც კი არ შეხვედრიათ. თითქოს უცებ რაღაც მოხდა, ხალხმა დატოვა ეს ადგილი და გადაიკარგა...
როგორც იქნა, ერთი მოხუცი კაცი გამოჩნდა, რომელიც ღობის წინ, ხის გრძელ სკამზე იჯდა და ხელში კრიალოსანი ეჭირა...
- ზუსტად ისეა ყველაფერი, როგორც თავის დღიურში აღწერს! - აღმოხდა სალის.
გოგოები განცვიფრებას ვერ მალავდნენ.
სოფელი პატარა იყო და მალე შემოიარეს. მათ გასაკვირად, არც ერთი მაღაზია არ იყო... სოფელს ერთი მაღაზიაც კი არ ჰქონდა.
- ასე მგონია, წარსულში მოვხვდი! - თქვა მიამ და მანქანიდან გადმოვიდა.
- მეც! მოდი, ვინმეს დაველაპარაკოთ! - დავიჯერო ქართული არავის ეცოდინება?
გოგოები ერთ სახლთან მივიდნენ და ჭიშკარზე დააბრახუნეს. ჯერ ძაღლის ყეფა მოისმა, მერე კარი მოხუცმა ქალმა გააღო და გოგოების დანახვაზე გაკვირვებული სახე მიიღო.
- ქართული გესმით? - ჰკითხა სალიმ.
- ია ნე პანიმაც...
- ა რუსკი?
- რუსკი დაა...
- ნე პადსკაჟიტე, გდე ნაიწი გალუბოი დომიკ?
- გალუბოი? ტოტ, მალინკი? ნა სამომ კონცე?
- მოჟედ ბიც...
- ვოტ, ტაკ პაეძიწე ი უვიძიწე... ეტა სამი პასლედნი დომიკ...
- სპასიბა!
გოგოები მანქანაში დაბრუნდნენ და იმ მიმართულებით წავიდნენ, რომელიც ქალმა აჩვენა.
მოუხვიეს თუ არა, ისიც გამოჩნდა! - პატარა ცისფერი სახლი... თეთრი ორნამენტები ჰქონდა მიხატული გარედან.
ჭიშკარი ღია დახვდათ და მანქანა ეზოში შეაყენეს. ეზო ჭინჭრით იყო სავსე. სახლში არავინ ჩანდა.
გოგოები კიბეზე ავიდნენ და კართან მივიდნენ. კარს უცნაური საკეტი ჰქონდა! ასეთი რამ არასოდეს ენახათ გოგოებს... დიდი, ოთხკუთხედი მეტალის ყუთივით რაღაც იყო მიმაგრებული, რომელსაც გასაღების ჭუჭრუტანა არ ჰქონდა. მხოლოდ უცნაური ფორმის ჩაღრმავება ჰქონდა...
კარი არ იღებოდა. ფანჯრებიც მყარად იყო დაკეტილი. დიდხანს უტრიალეს სახლს გოგოებმა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს სალი ისევ დაბრუნდა კართან და იმ უცნაურ საკეტს დააკვირდა. ცოტა ხანს უყურა, ბოლოს ხმამაღლა წამოიძახა:
- მედალიონები თან გაქვთ?
მის შეძახილზე მიამ და ნინიმ მოირბინეს.
- ვაიმე, რა დებილები ვართ! - მედალიონები...
თქვა ნინიმ და თავისი მედალიონი მოიხსნა. სამივე ნაწილი გააერთიანეს და მეტალის ყუთის ჩაღრმავებულ ნაწილს მიადეს. მედალიონი ზუსტად მოერგო და რაღაცამ დაიწკაპუნა.
კარი გაიღო.
გოგოები ოთახში შევიდნენ... პირველი ოთახი მისაღებს და სასადილოს ერთად ითავსებდა. იქაურობა ძალიან დასალაგებელი იყო, მტვრით და თაგვის ცურცლებით იყო სავსე...
ოთახში ხის ავეჯი იდგა. მეორე ოთახში საძინებელი იყო მოწყობილი, სამი საწოლით...
პირველი, რაც გოგოებს თვალში მოხვდათ, დიდი მუყაოს ყუთები იყო, რომლებიც ოთახის ცენტრალურ ნაწილში დაელაგებინა ვიღაცას. ყუთებს იარლიყები ჰქონდა დაკრული, რომლებზეც ეწერა: - "ორგანიზაცია - სფერო"
გოგოები ყუთებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნიდნენ. ყუთებში დიდი მარაგი იყო, -პროდუქტი, კონსერვები, ყავა, ჩაი, ხელსახოცები, საპნები და ა.შ...
ამ მარაგით ერთი თვე იცხოვრებდი. ბოლო, სულ ქვედა ყუთში კონვერტი იდო. სალიმ კონვერტი ფრთხილად გახია და წერილი გაშალა.
- "თუ ამ წერილს კითხულობთ, ესე იგი, ყველაფერი კარგადაა!
იმისთვის, რომ ბოლომდე მოხვიდეთ, ძალიან ბევრი უნდა იაროთ!
დრო პირობითია!
მიმართულება პირობითია!
მანძილიც პირობითია!
"ძალიან ბევრი" შეიძლება ნიშნავდეს "ძალიან ცოტას"...
ჩვენ ვცხოვრობთ პირობით სამყაროში!
მე ვარ პირობითი!
შეიძლება ვარ ან შეიძლება არც ვარ... იქნებ სულაც თქვენი ფანტაზიის ნაყოფი ვარ?
ან პირიქით...
თქვენ ხართ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი...
და ვინ ვარ მე?..
აქ ყველაფერია იმისთვის, რომ რაღაც პირობითი დროით დარჩეთ და...
ესეც თქვენი გადასაწყვეტია! - გააგრძელებთ თუ უკან სვლით წახვალთ...
მე არაფერს ვწყვეტ! მე, უბრალოდ, თქვენ მოგყვებით...
გელოდებით...
თუ თქვენ სახლებში დაბრუნებას გადაწყვეტთ, მაშინ თამაში დამთავრდება!
შესაბამისად, ვერასოდეს გაიგებთ, ვინ ვარ მე!
- წახვალთ თუ...
- ვითამაშოთ?
Trickster
პირველი ნაწილის დასასრულიავტორი: - თეა ინასარიძე
P.S. მკითხველს:
"თამაშის" პირველი ნაწილი დასრულდა.
ერთმანეთს მეორე ნაწილში შევხვდებით.
მადლობა ყველას, ვინც თამაშობდა და თვალს ადევნებდა პროექტს!
მეორე ნაწილში უფრო მეტი თავგადასავალი გელოდებათ, ასე რომ...
ვითამაშოთ!!!