რეზიუმე: ანონიმური პროფილის მქონე უცნობი უკავშირდება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ სამ გოგონას და უცნაურ თამაშში ჩაითრევს, სადაც მათ სხვადასხვა ყოფითი სიტუაციიდან თავის დაძვრენა, საიდუმლოებების ამოხსნა და გარკვეული მინიშნებების პოვნა მოუწევთ იმისთვის, რომ მოძებნონ თამაშის მთავარი ინიციატორი - ტრიქსტერი.
მოთხრობის გმირების მსგავსად, ნებისმიერ მსურველ მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ მოთხრობის მთავარი გმირები... - ანუ ითამაშოს!
მკითხველისთვის განკუთვნილი დავალებები ეპიზოდებს P.S.-ის სახით დაერთვება.
* * *
სალი და მია ნინისთან სახლში ავიდნენ და გვიანობამდე ცდილობდნენ ტრიქსტერის ჩანაწერების გაშიფვრას. კოორდინატები, რომლებიც დღიურში ეწერა, ყოფილი სამხედრო ბაზები თუ აეროდრომი აღმოჩნდა. საინტერესოა, ეს უცნაური ადგილები არის თუ არა რაიმე კავშირში თამაშთან, თუ, უბრალოდ, დასაბნევად ჩაწერა ტრიქსტერმა...
- ალბათ, ბევრი ცრუ ინფორმაციაა ჩაყრილი აქ! - თქვა მიამ და ყავა მოსვა.
- ხედავთ, გოგოებო... რამდენი ფურცელია ამოხეული? - ნეტა იქ რეები ეწერა... ისე, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ამოხეული ფურცლები მომდევნო დავალებებზე გვეპოვა ნელ-ნელა! ბოლოს გავაერთიანებდით...
- სავსებით ლოგიკურია, სალ! ტყუილად არ ამოხევდა მაგ ფურცლებს... მის ხასიათსაც თუ გავითვალისწინებთ, სიამოვნებით გაგვაწვალებდა მაგ ფურცლების ძებნით. - თქვა ნინიმ და სიგარეტს მოუკიდა.
- მალე უნდა წავიდე! ბავშვი დედაჩემთან მყავს დატოვებული...
- მეც, თორე გამიგიჟდებიან ჩემები! რაც თეატრიდან წამოვედი და ყოველ კვირას ნაირ-ნაირი კაცები მაკითხავენ მაგარი მანქანებით, მეზობლებიდან დაწყებული, ჩემი მშობლებით დამთავრებული, ყველა ეჭვის თვალით მიყურებს უკვე.
- მოდით, მოკლე მონახაზი გავაკეთოთ, რას ვაპირებთ...
- მოკლედ, ასე მოვიქცეთ... ხვალ, თორმეტ საათზე, ისევ მრგვალ ბაღთან შევხვდეთ და იმ BMW-ს კლუბში მივიდეთ... აქედან დავიწყოთ!
- ისე, ეს უცნაური სოფელი, ცისფერი სახლით, საეჭვოდ აქვს ნახსენები...
- მაგის დღიურში ყველაფერი საეჭვოა, ნინ!
- კიი... საეჭვოა, მია, მაგრამ თითქოს ამ სოფელზე აქვს გაკეთებული აქცენტი... ისე აღწერს გარემოს და ზოგადად, სიტუაციას, რომ ასე მგონია, უნდა, რომ მიგვახვედროს ადგილი...
- ჰო, მაგრამ... თუ "გუგლის" რუკაზეც არ არის აღნიშნული სოფლის სახელი, მაშინ ინტერნეტით ვერ ვიპოვით, გამორიცხულია...
-"კალიმერა" ბერძნულად გამარჯობაა და "ელა" - მოდის ნიშნავს... კრიალოსნებიც უყვართ ბერძნებს... და მხოლოდ მოხუცები თუ ცხოვრობენ, მაშინ ძალიან პატარა სოფელი უნდა იყოს... ბერძნების სოფელი...
- შეიძლება, ნინ... შეიძლება ეგრეც იყოს... ის ცისფერი სახლი... ვითომ მანდ ჩადის ხოლმე?
- არ ვიცი, მია... არ ვიცი... მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ ეგ სოფელი მართლა არსებობს სადღაც...
- ცუდია, რომ ვერც კურიერს ვიპოვით, ვერც მძღოლს და ვერც მოჭადრაკეს... -
სალი სავარძლიდან წამოდგა და ჟაკეტი ჩაიცვა.
- სამაგიეროდ, მრბოლელის ვინაობა ვიცით! - ნინიმ სალის ჩანთა გადააწოდა.
- მეც მოვდივარ! მადლობა, ნინ, მასპინძლობისთვის და ხვალ 12-ზე არ დააგვიანოთ!
- მოიცა, მედალიონებს რა ვუყოთ?
- რომ მოვედით, წყლიან ჭიქაში ჩავდე. თუ მოსასმენი აპარატები მართლაა შიგნით, გაფუჭდებოდა! დღიურში უწერია, რომ მედალიონების გაერთიანებით რაღაცა მოხდება. ამიტომ აჯობებს, რომ ვატაროთ... რა ვიცით, როდის და სად გამოგვადგება?
- მართალია!
გოგოებმა მედალიონები ისევ ჩამოიკიდეს და დაიშალნენ. ნინიმ რამდენჯერმე სცადა ტრიქსტერის მოძებნა "ფეისბუქზე", მაგრამ ამაოდ... მისი გვერდი გამქრალი იყო.
მეორე დღეს, 12 საათზე გოგოები ერთმანეთს შეხვდნენ და BMW-ს კლუბში ერთად მივიდნენ. პირველი ნინი შევიდა. სალი და მია უკან მიჰყვნენ. ოფისში 5 თუ 6 ბიჭი იყო. მათგან რამდენიმემ ნინი იცნო. ქერა ბიჭი ფეხზე წამოდგა და ნინის ისე მიესალმა.
- გამარჯობა! - თქვა ნინიმ. სალი და მია მის გვერდით დადგნენ და იქ მყოფები შეათვალიერეს.
- ვაჰ, ქერა, შავგვრემანი და წითური ერთად... სამოთხეში ვარ თუ მძინავს? - თქვა ერთ-ერთმა ბიჭმა, რომელიც დივანზე იჯდა და მუხლებზე ipad-ი ედო. სიმპათიური იყო. ეს რომ თქვა, თან გოგოებს თვალი ჩაუკრა.
- თქვენ ყველანი რეზის ეძებთ? - იკითხა ქერა ბიჭმა და გაიცინა.
- კი...
- აუ, რას აკეთებს ამისთანას ეს ბიჭი, ტოო... სულ გოგოები დასდევენ. - თქვა ისევ იმ შავგვრემანმა და გაიცინა.
- ჩვენ არ დავდევთ! ჩვენ ვეძებთ! - აუხსნა მიამ.
- აჰა, გაგიიასნეს ეგრევე? - გაეცინა ქერა ბიჭს და შავგვრემანს გადახედა.
- რისთვის ეძებთ, ხომ ვერ მეტყვით? - შავგვრემანმა ipad-ი გვერდით გადადო და დივნის საზურგეს მოხერხებულად მიეყუდა.
- შენ არა და მას ვეტყვით, როცა ვიპოვით! - უთხრა ნინიმ.
- რეზი არ არის აქ! მე მითხარით და გადავცემ! რისთვის ეძებთ? საქმე გაქვთ?
- არა, უბრალოდ, ვთამაშობთ! - უთხრა სალიმ.
- საქართველოში არ არის, თუ აქ არ არის? - ჰკითხა ნინიმ ქერა ბიჭს და მისკენ რამდენიმე ნაბიჯიც გადადგა. მან კი დაბნეული გამომეტყველება მიიღო და შავგვრემანს გადახედა.
- არც ერთი და არც მეორე! - ქერას ნაცვლად უპასუხა დივანზე მჯდომმა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა, გოგოებს მიუახლოვდა. რაღაც უცნაურად იღიმოდა... მოულოდნელად სალის ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა და თქვა:
- რეზი კვესელავა!
სალიმ ინსტინქტურად ჩამოართვა ხელი და სახეზე დააკვირდა. რეზი მას უყურებდა და ეღიმებოდა.
- მე სალი! - ეს მიაა... ის ნინი...
რეზიმ სათითაოდ ჩამოართვა ხელი გოგოებს.
- შეიძლება, სადმე დავილაპარაკოთ? მოწმეების გარეშე? - ჰკითხა ნინიმ.
- ძიმ, კაბინეტის გასაღები მომე რა!
რეზი ქერასთან მივიდა და გასაღები გამოართვა. მერე კიბისკენ მიუთითა გოგოებს და პირველი თვითონ დაწინაურდა. მეორე სართულზე ხის კარი დახვდათ, რომელიც რეზიმ გასაღებით გააღო.
ოთახში კედლებზე სულ პლაკატები იყო გაკრული. რეზის ფოტოც იყო მათ შორის, მანქანასთან იდგა.
- დასხედით! - აბა, გისმენთ... რისთვის მეძებენ ასეთი ლამაზი გოგოები...
რეზი პირდაპირ მაგიდაზე შემოჯდა. გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს... სამივე ახლა მიხვდა, რომ ჯერ არ ჰქონდათ მოსაზრებული ის, რაც უნდა ეთქვათ მისთვის, როცა იპოვიდნენ.
- ჩვენ ვიცით, რომ ტრიქსტერი შენ ხარ! - უთხრა ნინიმ და გამომცდელად დააკვირდა. რეზიმ ნინის მზერა თამამად გაუსწორა, ისე, რომ სახეზე ღიმილი არ მოშორებია!
- ტრიქსტერი?
- დიახ! - თქვა მიამ და ისიც მიუახლოვდა და ნინის გვერდით ამოუდგა.
- მგონი, რომ ვიყო ეგ ვიღაც ტრიქსტერი, კარგი იქნებოდა არა ჩემთვის? - გაიცინა რეზიმ და მაგიდიდან კალმისტარი აიღო.
- რატომ არ გვეკითხები, რას ნიშნავს ტრიქსტერი? წესით, პირველი რეაქცია ეგ უნდა ყოფილიყო... - თქვა სალიმ.
- მივხვდი, რომ ვიღაცას ეძებთ, მაგ მეტსახელით. ჩვენთან, კლუბში ეგეთი არავინაა!
- და ხელში რომ მაგ კალამს ნერვიულად ათამაშებ, ეგ მეჩვენება? - ჰკითხა ნინიმ და თვალებში ჩააცქერდა.
- ცოტა დამძაბეთ და რა გასაკვირია! მოულოდნელად მოდის სამი ლამაზი გოგო და უცნაურ კითხვებს მისვამს...
- სიტყვა "თამაში" რამეს გეუბნება? - ჰკითხა მიამ.
- ბევრ რამეს! - რა არის რო?
- შენ ეთოს იცნობ, ვიცი! შეყვარებულები იყავით!
- შეყვარებულები ნაკლებად... ისე, ვხვდებოდით ცოტა ხანი... საიდან იცი? ვინ ხართ, ტო?
- ჯერ უნდა გავიგოთ, ვინ ხარ შენ და მერე შეიძლება გითხრათ, ჩვენ ვინ ვართ...
- თქვენ უკვე იცით, ვინც ვარ! - ეთომ გამოგაგზავნათ?
- მეგიზე რას გვეტყვი? თუ ეგეც არ ყოფილა შენი შეყვარებული? - ჰკითხა ნინიმ.
- მეგისაც იცნობთ? რა იყო, პირი შეკრეს მაგათმა, თუ რა ხდება? - გაეცინა რეზის.
- მაგათმა არა, - ჩვენ შევკარით პირი და დღეიდან ერთად ვიმოქმედებთ! - თქვა მიამ.
- მეგი დაგშორდა და გაბრაზებული იყავი ძალიან, ხომ?
- ვინ, მეე? რა სისულელეა! მე არასოდეს ვბრაზდები, ქერა! მით უმეტეს, გოგოების გამო...
- ქერა?
- ჰო, რა იყო? არა ხარ ქერა?
- ვარ!
- მაინც ვერ გავიგე, რა გინდათ! მეჩქარება თან მაგრად...
რეზიმ მაჯის საათზე დაიხედა და ფეხზე წამოდგა. უცებ მია კართან მივიდა, გარეთა მხრიდან გაყრილი გასაღები გამოაძრო, კარი შიგნიდან გადაკეტა და გასაღები მაისურის შიგნით ჩაიგდო. მისი საქციელი ძალიან მოულოდნელი იყო ყველასათვის.
- აქედან ვერ გახვალ მანამ, სანამ არ იტყვი ყველაფერს, რაც იცი! - ვინ არის ტრიქსტერი?
რეზი ცოტა ხანი გაკვირვებული უყურებდა მიას, მერე მიუახლოვდა, ძალიან ახლოს მივიდა მასთან და ცოტა ხანს კიდევ უყურა უხმოდ.
- ახლა მე ერთ რაღაცას გავაკეთებ და შენ უნდა მიხვდე, ტრიქსტერი ვარ თუ არა! - გაწყობს ეგრე?
- კარგი!
- დარწმუნებული ხარ?
- კიი...
- დახუჭე თვალები!
მია დაემორჩილა. ნინი და სალი მოშორებით იდგნენ და გაკვირვებულები შესცქეროდნენ ამ სცენას.
- მოეშვი... მიენდე შენს შეგრძნებებს... - უთხრა რეზიმ და მოულოდნელად აკოცა. მია შეკრთა, ხელები მკერდზე მიადო, რომ მოეშორებინა, მაგრამ მრბოლელს მაგრად ჰყავდა დაჭერილი. მიამ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა და კოცნაზე კოცნით უპასუხა.
ნინი და სალი გაოგნებულები უყურებდნენ ერთმანეთს. კოცნის მერე რეზიმ ორი ნაბიჯით უკან დაიხია და გაიღიმა.
- აბა, რას იტყვი?
მია სუნთქვაშეკრული იდგა. სახეზე გაწითლებული იყო.
- რა იგრძენი?
ცოტა ხანი კიდევ ჩუმად იდგა მია, ბოლოს სახიდან ხელით თმა გადაიწია და თქვა:
- სიყალბე!
- დარწმუნებული ხარ?
- კი...
- ასეთი რამ კოცნის მერე ჩემთვის არასოდეს უთქვამთ. - კარგი, რახან ასეა...
რეზი ისევ მაგიდაზე ჩამოჯდა.
- რაღაცას მეც გეტყვით! - წესების დარღვევა ერთადერთი სწორი სვლა იყო ამ თამაშში...
მისმა სიტყვებმა სამივე უცებ გამოაფხიზლა.
- მაგით რისი თქმა გინდა? ანუ თამაში არ დამთავრებულა? - ჰკითხა ნინიმ.
- თამაში ახლა დაიწყო! ჩემი პოვნა იყო თქვენი დავალება, ამას თვითონვე უნდა მიმხვდარიყავით!
ჭკვიანი გოგოები ხართ და ბოლომდე მხოლოდ იმ შემთხვევაში გახვალთ, თუ წესებს დაარღვევთ და თავისუფლებას მისცემთ თქვენს სურვილებს და შეგრძნებებს... რაც შეეხება სოფელს, რომელიც დღიურში იყო ნახსენები... მას "გუგლის" რუკაზე ვერ იპოვით, რადგან მისი სახელი არ არის შეტანილი... სოფელი აღმოსავლეთ საქართველოშია! ქვემო ქართლის მხარე, - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში... თეთრიწყაროს რაიონიდან გადასახვევია და გზა ტყით გრძელდება! ძალიან ცუდი გზაა, ჯიპის გარდა გაგიჭირდებათ მისვლა. რამდენიმე წლის წინ, აღწერის მიხედვით, სოფელში 75 ადამიანი ცხოვრობდა... ბერძნების სოფელია და მას "ივანოვკა" ჰქვია!
- და იქ უნდა წავიდეთ?
- იქ უნდა წახვიდეთ, იპოვოთ ცისფერი სახლი... დანარჩენი თქვენ იცით! ჰო, და კიდევ... - მე არ ვარ ტრიქსტერი! - ან ვარ, არ ვიცი...
რეზიმ მიას ხელისგული გაუშვირა და მკერდზე შეხედა...
- სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია თქვენთვის! ახლა მართლა ძალიან მეჩქარება...
მიამ გასაღები ამოიღო და რეზის ხელში ჩაუდო.
- ამისთვისაც მადლობა! ე.ი. ტრიქსტერი აღარ მოგვწერს "ფეისბუქით"?
- არ ვიცი... შეიძლება გწერთ კიდეც... სხვა პროფილიდან! კაცმა არ იცის... - ორაზროვნად გაიღიმა რეზიმ და კარი გასაღებით გააღო.
გაგრძელება იქნება პარასკევს
P.S. მკითხველს:
სამალავი და დღიური იპოვა ნატალი17-მა.
ვულოცავ გამარჯვებულს
Trickster