„ბუნებამ მას ყველაფერი მისცა – სილამაზე, შესანიშნავი ხმა, ნიჭი და ერთში დაჩაგრა – არ მისცა ბედი!“ - ასე ახასიათებდა რობერტ სტურუა ცნობილ ქართველ მსახიობს, თათია ხაინდრავას.
თათია ხაინდრავა
თათია ხაინდრავა 1928 წლის 16 მაისს, ქალაქ გაგრაში დაიბადა.იგი კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას დის შვილი იყო. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1951-1959 წლებში მუშაობდა თეატრალურ ინსტიტუტში, 1959-1961 წლებში - ბათუმის, 1961-1963 წლებში - სანკულტურის, 1963-1983 წლებში კი მარჯანიშვილის თეატრში.

ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა რადიოში დაიწყო მუშაობა, სტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“ ჩაწერა, რაც ძალიან მოეწონა მსმენელს. თეატრშიც მუშაობდა, მაგრამ როლებს არ აძლევდნენ.
მამა, სიმონ ხაინდრავა რეპრესირებული იყო, 1937 წელს დაეღუპა. საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო იმ პერიოდში, მაგრამ ყველაფერი ჩამოართვეს და ოროთახიან კომუნალურ, საშინელ ბინაში შეასახლეს.
პირადი ცხოვრება
კარიერაში წარმატებული იყო, თუმცა სიყვარულში არ გაუმართლა – 1957 წელს მსახიობ რამაზ ჩხიკვაძისგან ქალიშვილი შეეძინა, მაგრამ მათი თანაცხოვრება, სამწუხაროდ არ შედგა… როგორც თავად ამბობდა, სწორედ, ამ სიყვარულმა მისცა მას ყველაზე დიდი ბედნიერება – მირანდა. „მე ვიპოვე ბედნიერება, ჩემი შვილის სახით!“ – ამბობდა მსახიობი.
რამაზ ჩხიკვაძეს შვილთან ურთიერთობა არ ჰქონია და პირდაპირაც არასდროს შეხვედრია. მირანდა ჯერ დედის ოჯახში იზრდებოდა, შემდეგ კი რამაზის მშობლებთან.

"პატარა რომ ვიყავი, რამაზი ყველგან დამატარებდა და ზრუნავდა ჩემზე. როგორც კი, ის ქალი (ნატაშა) გამოჩნდა, ყველაფერი დამთავრდა. რა თქმა უნდა, ეს მე არ მახსოვს, მაგრამ დედასგან გადმოცემით ვიცი, რომ ჩემთან, კარგი ურთიერთობა, ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა, მამობას მიწევდა.
ნატაშას მერე დამთავრდა ყველაფერი. როგორც ვიცი, წინააღმდეგი იყო, ბებია-ბაბუასთან რომ ვცხოვრობდი. ასე ძალიან, რამ შეაყვარათ ეს ბავშვი, ვერ გავიგეო, ამბობდა. რატომ ვერ გაიგო, ვერ ვხვდები! რატომ ვერ შეაყვარა რამაზმა, თავის გერი მის მშობლებს?
შემიყვარა ამ ხალხმა და რა იყო ამაში გასაკვირი! რამაზზე ბევრი გაუაზრებელი და უაზრო გამონათქვამები გამიგია. უაღრესად დიდი პატივს ვცემ, როგორც უდიდეს მსახიობს. მართლა ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ როგორც პიროვნებას, არა" - იხსენებდა მამას მირანდა ხაინდრავა.