წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძიგური საფრანგეთში "დიორის" პარფიუმის სახლის სახე იყო, საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის ანსამბლ "ერისიონის " მოცეკვავე გახლდათ, 2008 წელს "ვიცე მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და მონაწილეობა მიიღო მალაიზიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.
"პარიზში ჩემი ოცნებები ახდა, რადგან "კრისტიან დიორთან" ორჯერ ვიმუშავე: პირველად "პარფიუმ-მაკიაჟი" წარვადგინე. მაშინ ჩვენებაში 20 გოგო ვმონაწილეობდით, მეორედ კი მხოლოდ ორნი შეგვარჩიეს. როცა "დიორთან" მეორედ მუშაობის შანსს გაძლევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ "დიორის სახლის" მოდელი ხდები. "ელისააბთანაც" ვმუშაობდი. პროფესიონალებთან ურთიერთობა სრული ჰარმონიაა".
ქრისტინე და იოანე (ხუან) ბაგრატიონებმა 2014 წელს ესპანეთში იქორწინეს, სადაც ხელი მოაწერეს. ქრისტინე ცნობილი მოდელი გახლდათ. იოანე კი ესპანეთში მცხოვრები მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალია.
პრინცი ხუან ხორხე დე ბაგრატიონ-მუხრანი (დაიბადა 1977 წლის 18 აგვისტო) არის ესპანელი წარმოშობის ქართველი თავადი და ბაგრატიონთა დინასტიის მუხრანთა სახლის წევრი, ასევე ესპანეთის სამეფო ოჯახის შორეული ნათესავი.
მამამისის პაპა, უფლისწული ირაკლი ბაგრატიონი, წითელი არმიის შემოსევის დროს საქართველოდან გადაასახლეს, ცხოვრობდა გერმანიაში, იტალიაში და ბოლოს ესპანეთში დასახლდა. მისი ბებია, ინფანტა მარია დე ლას მერსედესი ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრი იყო.
პრინცი ხუანის მშობლები 2005 წელს განქორწინდნენ და მამა 2009 წელს ხელახლა დაქორწინდა ფრანსუაზა კაზაუდეჰორზე.
წყვილმა ერთმანეთი 2014 წელს გაიცნო. მათი ქორწილი გადაიდო საქართველოში სოციალური და პოლიტიკური კონფლიქტების გამო, რასაც ხუანის მამის ჯანმრთელობის გაუარესებაც დაემატა.
"ჩვენი საერთო ნაცნობები მეუბნებოდნენ, რომ ქრისტინე კარგ მეგობრობას გამიწევდა, საქართველოსა და ქართველებს უკეთ გამაცნობდა, მაგრამ როცა ის ვნახე, მეგობრობა აღარ მინდოდა, გაცილებით მეტი მომინდა", - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ქართველი პრინცი.
"ხუანი საფრანგეთში გავიცანი, მითხრეს, საქართველო კარგად რომ გაიცნოს, ქართველი მეგობრები სჭირდებაო. ხუანს კი უთხრეს, ქრისტინეს დიდი გეგმები აქვს და სხვა რამე არც იფიქროო, თუმცა, როცა ჩემი სურათები უნახავს, თურმე, თავიდანვე მოვეწონე. რამდენიმე კვირის წინ კი, როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, მომწერა თბილისში ვარო, ვუთხარი, მე ხვალ მოვფრინავ საქართველოში-თქო. როცა ჩამოვედი და ტელეფონი ჩავრთე, პირველი მესიჯი ხუანს ჰქონდა გამოგზავნილი, მერე შეხვედრა მთხოვა. შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ მეზობლად ვცხოვრობდით - ჩემი სახლის გვერდით მდებარე სასტუმროში იყო დაბინავებული" - იხსენებდა ქრისტინე.