მანიკა ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა ტელეწამყვანი და მოდელია. მანიკა თავისი პროფესიონალიზმითა და ქარიზმით ქართული მედიასივრცის გამორჩეული სახეა.
მანიკა 13 წლის ასაკში ბებიამ მიიყვანა სამოდელო სააგენტოში კასტინგზე. მისი კარიერა სწორედ აქედან დაიწყო - თვალში საცემი გარეგნობისა და დამახასიათებელი ჟღალი თმის გამო ის უამრავ რეკლამაში გადაიღეს.
მისი ნამდვილი სახელი მარიამია, მაგრამ ის ყველამ მანიკას სახელით გაიცნო. უფროსმა დამ, ანიმ ბავშვობაში მას მანი დაარქვა, მოგვიანებით კი ეს მეტსახელი მანიკად იქცა.
„ტელევიზიაში შემთხვევით აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ ჩემი სფერო იყო. ამან გადამაწყვეტინა ჟურნალისტის პროფესია ამერჩია. მანამდე, 15 წლისა "ჯეოსტარში" ვმონაწილეობდი. პროექტი დამთავრდა თუ არა, "რუსთავი 2"-ს დილის გადაცემისთვის გოგონა სჭირდებოდა და კასტინგზე გავედი. ამიყვანეს და მუშაობა დავიწყე. მათემატიკა სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი იყო, ეკონომიკურ ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება. ჩემი მასწავლებლები და მეგობრები რომ მხვდებიან, ხშირად მეუბნებიან, ამ მიმართულებითაც ხომ შეგეძლო წასულიყავიო... არ ვნანობ, რადგან ჟურნალისტიკაში თავს კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, მათემატიკური ტვინი ადამიანს ნებისმიერ პროფესიაში და ზოგადად, ცხოვრებაშიც გამოადგება, - ამბობდა მანიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
"მანიკა ჩემ თვალწინ გაიზარდა. მახსოვს, 6-7 წლის რომ იყო - მაშინაც ძალიან ლამაზი და გამორჩეული ბავშვი იყო. მერე ეს გოგო, მშვენიერის გარდა, პროფესიონალიც გახდა. ეს ძალიან იშვიათია - როცა ადამიანი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება.
განსაკუთრებულად მიყვარს, იმიტომ, რომ თავისი თავის ფასი იცის. მახსოვს, ერთხელ დიდი საახალწლო კონცერტი მიგვყავდა. ამ დროს ძალიან ცუდად ვიყავი და მანიკამ წამიყვანა. იცით, როგორ მომიარა? - ყველა აფთიაქთან აჩერებდა, კულისებში მოიყვანეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გადასხმები გამიკეთეს. ამ დროს პარტნიორს ძალიან დიდი ძალა აქვს" - ასე ახასიათებდა მანიკა ასათიანს ყველასთვის საყვარელი თეატრმცოდნე, ნიკა წულუკიძე.
მანიკას გამოჩენისთანავე ბევრი კითხვა გაჩნდა, აქვს თუ არა მას ნათესაური კავშირი საქართველო ერთ-ერთ ულამაზეს ქალთან, მაკა ასათიანთან. ამაზე თავად მანიკამ არაერთხელ ისაუბრა და განმარტა, რომ მას და მაკას ერთი წარმოშობა აქვთ - ორივე ლეჩხუმიდანაა, თუმცა ახლო ნათესაობა არ აკავშირებთ:
„მაკაზე ბავშვობიდან ვგიჟდები და სილამაზის ეტალონად მიმაჩნია. დაახლოებით 9 წლის წინ, ერთ-ერთი ჟურნალის გადაღებებზე სხვადასხვა ასაკისა და სფეროს წარმომადგენელი რამდენიმე ქართველი ქალბატონი მიიწვიეს, მათ შორის, მე და მაკა ვიყავით. თავიდანვე კარგი ურთიერთობა დავამყარეთ, რომელიც დღემდე გრძელდება. ერთხანს "მაესტროში" ვმუშაობდი და ხშირად მქონდა მასთან შეხება. საზღვარგარეთაც ვყოფილვართ ერთად. მაკა და მე ერთი შტოდან ვართ, წარმოშობით ლეჩხუმიდან, თუმცა ჩვენი მშობლები ერთმანეთს არ იცნობდნენ”, - ამბობდა მანიკა.