"ხანდახან მგონია,რომ გული გამიჩერდება… ეს მუდმივი ბრძოლაც სიცოცხლისთვის რა ძალიან რთულია!" - წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი მაია ასათიანი და სოციალურ ქსელში შვილთან, ნუცა მახვილაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 2017 წლის 23 თებერვალს მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად მენინგოკოქცემიის დიაგნოზი დასახელდა.
მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელისშემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი. ერთ-ერთი გამომწერის კითხვაზე, სჯერა თუ არა იმქვეყნიური სიცოცხლის, მაია ასე პასუხობდა:
"სხვა გზა არ მაქვს, უნდა მწამდეს და მჯეროდეს, რომ იქ რაღაც არსებობს და ოდესღაც ჩემს შვილს შევხვდები".
მაია ასათიანი ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და ტელეწამყვანია, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა გადაცემით „პროფილი“.
მაია ასათიანი დაიბადა 1977 წლის 4 მაისს, თბილისში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და 2000 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი. ჟურნალისტური კარიერა მაიამ 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მოხვდა „საყმაწვილო ტელევიზიაში“. მაყურებელმა ის პირველად გადაცემა „ალიონით“ გაიცნო. შემდგომში მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტად, შემდეგ კი საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტად. მაია ასათიანი იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართულ ანალოგ „ნიჭიერის“ პირველი სეზონის ჟიურის წევრი.
მაია ასათიანის ყოფილი მეუღლე იყო ირაკლი მახვილაძე. მათ ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე, ჰყავდათ, რომელიც სამწუხაროდ 18 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაიას ორი და ჰყავს - ვერონიკა და ნანა. ვერონიკა კალანდარიშვილი მსახიობია და ცნობილია სერიალიდან „შუა ქალაქში“. ნანა იშვიათად ჩნდება მედიაში.
მაია ასათიანმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „სიცოცხლე 25 წამში“, სადაც გულახდილად ჰყვება თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდზე.