მსახიობი თამარ ბუხნიკაშვილი 1972 წლის 23 აპრილს, თბილისში დაიბადა. მსახიობობის გარდა სხვა პროფესიაზე არასდროს უფიქრია. 5 წლიდან "მსახიობობდა", ლექსებს კითხულობდა, ცეკვავდა, წარმოდგენებსაც მართავდა. მერე ვოკალზეც დადიოდა, მაგრამ დრამა მეტად აინტერესებდა.
"ჩემი სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ერთდროულად ძალიან ბევრ წრეზე დავდიოდი. არ ვიცი, ამას დედა როგორ ახერხებდა. ამაზე მოგვიანებით დავფიქრდი, მეტად მივხვდი, როცა თავად გავხდი დედა და გავიაზრე, ეს რამდენად რთული იყო: ჩემი შვილების სხვადასხვა წრეზე ტარება ფიზიკურად ძალიან გამიძნელდა" - ამბობდა მსახიობი.

კარიერა
ბოლოს ფილმში "გრძელი ნათელი დღეები" ითამაშა, მანამდე იყო რუსუდან ჭყონიას - "გაიღიმეთ". ქართველმა მაყურებელმა მის მიერ შესრულებული როლი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც" იხილა.
"ჩემმა გმირმა ფული ორი დაპირისპირებული მხარისგან აიღო და გაქრა - მაყურებელი ამას არ მპატიობს. "აიღე ბევრი ფული და მაღაზიებში დადიხარ, რა გენაღვლება". "როგორი გოგო ყოფილხართ, ძალიან მანერვიულეთ", - ჩემი მისამართით მსგავსი ფრაზები გამუდმებით მესმის. თავიდან ვერ ვხვდებოდი, ხალხი რატომ მეჩხუბებოდა, მერე ამას მივეჩვიე. მაყურებლების ნაწილი მეუბნება: ცუდი ქალი ძალიან დამაჯერებლად განასახიერეო. წინასაახალწლო პერიოდში დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა. თეატრში "საშობაო სიმღერა" დავდგით, სერიალში გადაღებები იყო და პარალელურად, "ჯიდიესზე" - სერიალში "პანიკის გარეშე" ვთამაშობდი" - იხსენებდა მსახიობი.

შესრულებული როლები:
ბიანკა - ჯოვანი ბოკაჩოს მიხედვით ”დეკამერონი” რეჟისორი ლევან წულაძე
უნტერ ოფიცრის ქვრივი - ნიკოლოზ გოგოლი ”რევიზორი”, რეჟისორი გიზო ჟორდანია
მორინ ფოლანი - მარტინ მაკდონაჰი "სილამაზის დედოფალი" რეჟისორი გურამ ვაშაკიძე
ქალი – "ტანგო ნაბიჭვართან" რეჟისორი ქეთევან ხარშილაძე, გურამ ვაშაკიძე
ბეტი - არტურ მილერი "სეილემის პროცესი", რეჟ. თემურ ჩხეიძე
სონია - დავით კლდიაშვილი "ქამუშაძის გაჭირვება", რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი
კესო - ლალი როსება "სახლის ანგელოზები", რეჟ. მედეა კუჭუხიძე