მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი, ღირსეული - ასე ახასიათებენ ჟანრი ლოლაშვილს მეგობრები. მან წლების მანძილზე შეძლო, რომ არაერთი თაობისთვის საყვარელი მსახიობი გამხდარიყო და ყოფილიყო მაგალითი ახალგაზრდა მსახიობებისთვისაც. ალბათ, გამორჩეული და დაუვიწყარია მისი გმირი 2000-იანების პოპულარულ სერიალში "ცხელი ძაღლი". მის ციტატებს უბრალო საუბრებში დღემდე მოისმენთ...
ჟანრი ლოლაშვილი 1942 წლის 22 აპრილს თბილისში, პლეხანოვზე დაიბადა. მისმა ბავშვობამ საბჭოთა თბილისის მულტიკულტურულ გარემოში ჩაიარა, სადაც მეზობლობა და ურთიერთდახმარება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. როგორც თავად იხსენებს, იმ დროს კარები არ იკეტებოდა, მეზობლები ერთმანეთს საჭმელს უზიარებდნენ და საერთო ეზოში ბავშვები ერთად თამაშობდნენ.
სწავლობდა თბილისის 23-ე სკოლაში, სადაც გამოირჩეოდა როგორც აკადემიური წარმატებით, ისე მხატვრული ნიჭით. განსაკუთრებით უყვარდა ხატვა, რაც შემდგომში მის პროფესიულ არჩევანზეც აისახა. 1958-1961 წლებში მუშაობდა მხატვარ-მულტიპლიკატორად კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ხოლო 1963 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი კურსები მხატვარ-მულტიპლიკატორის სპეციალობით.
"ბავშვობაში მამაჩემმა საოცარი ინდაური დამიხატა. ის ნახატი ახლაც მაქვს სადღაც შენახული, მაგრამ არ ვეძებ, იმიტომ რომ მეშინია, რომ ვერ ვიპოვო, მერე გული დამწყდება. ვიცი, რომ სადღაც არის. ინდაურების მიმართ საოცარი დამოკიდებულება მქონდა და იმის შემდეგ ბევრი დავხატე. მერე მოსკოვში ვსწავლობდი ხატვას. ჩემი ცხოვრება ყოველთვის იყო მხატვრობასთან დაკავშირებული, მაგრამ ახლა მთლიანად გადაეწყო. ხანშიშესული კაცი ვარ, ამაოების მოძალებული გრძნობა მაქვს, ამიტომ ასე ჯდომასა და ფილოსფიურ აზრებთან ყოფნას, მირჩევნია, სახელოსნოში ჩავიდე და რაღაც დავხატო, იქ გავიწყდება სახელი, გვარი, ხდები სუბსტანციური, საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, არ გყავს რეჟისორი. ჩემი მოღვაწეობა ხელოვნებაში მხატვრობით დავიწყე, თუ შეიძლება ასე ვუწოდო გაპრანჭულად. ახლა უფრო სხვანაირად ვუდგები როგორც მსახიობის ოსტატობას, ისე მხატვრობას. რთულია, მენტორული ტონით ილაპარაკო ან ერთ დარგზე, ან – მეორეზე. საერთოდ, ხელოვნება არაჩვეულებრივი რამ გახლავთ და ამ არაჩვეულებრიობას თან სდევს უამრავი სიმწარე, აღშფოთება, ნერვების გლეჯა, გაუთავებელი გამოცდები, სიხარულის განსაკუთრებული გრძნობები და ასე შემდეგ. თეატრალური ხელოვნება თავის თავში ძალიან ბევრ ხელოვნებას მოიცავს ერთდროულად: პლასტიკას, დრამატურგიას, მუსიკას, რეჟისურას... მოკლედ, ამ „დავიდარაბაში“ ძალიან ბევრი რამ ხდება საინტერესო, ოღონდ, მას შემდეგ, როდესაც უკვე რაღაცა გზა განვლილი გაქვს და პროფესიონალურად უდგები ამა თუ იმ საკითხს. ჩემთვის როგორც მსახიობობაში, ისე მხატვრობაში ყოველთვის მთავარი იყო არა – „რა“, არამედ - „როგორ“. ხელოვნებაში ძალიან რთულია ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე შესვლა. როდესაც ხატავ და პირადად შენ გეკუთვნის ეს ნაღვაწი, მაშინაც კი, მაინც გჭირდება მაყურებელი, რომელიც დროზე შეაფასებს ამას და, შენი პირადი ზრახვები, რაღაც განსაკუთრებული სათქმელი ან ნააზრევი, შეიძლება, დილით, მთელი ღამის მუშაობის შემდეგ, სასაცილო და არაფრის მთქმელი აღმოჩნდეს. ხდება ხოლმე ასე და, რაც ხაზგასმით აღსანიშნავია, ძალიან ხშირად ხდება...."
მიუხედავად იმისა, რომ კარიერა მხატვრობით დაიწყო, ჟანრი ლოლაშვილმა თეატრისადმი სიყვარული მალევე აღმოაჩინა. 1961-1965 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, აკაკი ხორავასა და გივი სარჩიმელიძის სახელოსნოში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ერთი წელი ზუგდიდის თეატრში მუშაობდა, ხოლო 1966 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის მსახიობია.
ჟანრი ლოლაშვილი სულ ცოტა ხნის წინ პოპულარულ ქართულ სერიალში "ბოლო სეზონი" გამოჩნდა და გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი გამორჩეული და სახასიათო პერსონაჟი შექმნა.
განსაკუთრებულია ჟანრი ლოლაშვილის პერსონაჟები რუსთაველის თეატრშიც - წლების მანძილზე მან საკუთარი ეპოქა და არაერთი დაუვიწყარი გმირი შექმნა.
მსახიობობის პარალელურად, ჟანრი ლოლაშვილი აქტიურად იყო ჩართული მხატვრობაში. მისი ფერწერული ნამუშევრები არაერთ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, მათ შორის 2020 წელს თბილისში, "გალერეა არტში" და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
"ჩვევებისგან შედგება ადამიანი, ეს ხელწერაა. ჩემს სახელოსნოში ყოფნა არის საგიჟეთი, იქ ყველაფერი დაწყობილი და დალაგებული არ არის, იქ ყველაფერი ყრია – რაც დამჭირდება, უცებ ხელშესახები რომ გახდეს. მე სწრაფად ვხატავ ყველაფერს და მიმაჩნია, რომ ორი-სამი დღე საკმარისია, მინდა, რომ ნახატი ერთი განწყობის ქვეშ მოხვდეს. ჩვევები საინტერესო რამ არის. ვფიქრობ, მაქვს ჩემი ტექნოლოგიური პროცესები ხატვაში, ბევრი ამოცანა. ამით შეიძლება ამაოების გრძნობებს გასცდე და ამაზე ფიქრი შეანელო, იმიტომ რომ ეს საქმეა, ეს არის წრიალი. ეს ნიშნავს სიცოცხლეს, მექანიკას და ყოველ დღეს, რითაც ადამიანი დაკავებულია. როცა ვხატავ, არავინ ხელს არ მიშლის – მარტო ყოფნის გენიალურობაც ეს არის. აკი ვამბობ, როგორც მინდა... მაგრამ აქ ცენზურა დაცულია. სახელმწიფო ცენზურა სხვა რამეა, შენი ცენზურა სხვაა. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის ცენზურა, რა შეიძლება, რა არ შეიძლება და ეს აყალიბებს ჩვევებს..."
"მაღიზიანებს პოლიტიკური ცხოვრების ავადმყოფური მოვლენები. ჩემს ქვეყანაში არსებული ჯახები. ქართველების თავშეუკავებლობა. „პოლიტიკა არის სახელმწიფო მართვის ხელოვნებაო“. ეს სიტყვა მოსწონთ – „ხელოვნება“. აიყვანონ მაშინ ხელოვნების დონეზე და იქნება. ვერ აჰყავთ, პირიქით. ანგრევენ ქვეყანას, თავიანთი ზრახვები აქვთ. ხალხია ქვეყანა. თბილისელი კაცი ვარ და მახსოვს ის პერიოდი, როდესაც წყლიან ქილაში კარაქს ვინახავდით, რადგან მაცივარიც არ გვქონდა, მაგრამ ხალხი ერთმანეთს უსმენდა და ჰქონდათ ერთად ყოფნის სურვილი. ახლა ადამიანს თუ არ უნდა სხვასთან ჰქონდეს კომუნიკაცია, იმ წუთში აიღებს ტელეფონს და ვითომ იქ რაღაცას ეძებს, გენიალური ის არის, რომ მეორე მხარესაც კარგად ესმის, რომ ვითომ ტელეფონში საქმე აქვს, დაკავებულია. ჩემთვის ეს სასაცილო მოვლენაა და ტელეფონს ამ მიზნით არ ვიყენებ. სიზმარი ყველაფერ უბედურებასთან ერთად ღმერთმა ადამიანს ჩაუდო სიზმარი, ამით დაიმორჩილა", - ამბობდა ჟანრი წლების წინ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ „საქართველო 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან საქართველოს მოლაპარაკებების დაწყების საკითხს“. ამ განცხადებას მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციები დედაქალაქში უკვე 150 დღეზე მეტია გრძელდება, რასაც თან ახლდა დარბევა და პროტესტის მონაწილეების დაკავება. სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, საკუთარი პოზიცია გამოხატა ჟანრი ლოლაშვილმაც:
"გული მისკდება, რომ ვუყურებ. იცით, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს არა ვართ თავისუფალი. გასაგებია, რომ ამ საოცარ ბავშვებს ასე სწყურიათ თავისუფლება, განვითარება, განათლება. გალაკტიონს რომ აქვს: “მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა!" ეს “როგორც მინდა” ჩვეულებრივი სიტყვა არ არის. სულ კითხვის ნიშნები აქვს ადამიანს, იმის გამო, რომ არჩევანი აქვს. ყოველი წუთი და წამი არჩევანია.
ეს თაობა ყველაზე ლაღი, მოაზროვნე თაობაა! ამათ ვერ მოატყუებთ, გამორიცხულია! სანამ კიდევ დროა, უკან დაიხიოს ყველამ, ვინც ამ ბავშვების წინააღმდეგ გამოდის. რა მნიშვნელობა აქვს, ვის მხარეს ხარ და რომელ პარტიას ეკუთვნი? ამ ახალგაზრდების გამო ყველა დათმობაზე უნდა წავიდეთ, სხვა გზას ვერ ვხედავ! არ შეიძლება ძალადობა, არა!“, – ამბობდა მსახიობი „კვირის პალიტრასთან“.
"მწამს სიყვარულის და მწამს ღმერთის. მე უფრო შოთას ღმერთი მწამს: „რომელმან შექმნა სამყარო“, ეს სხვა რამეა ჩემთვის. იყო ინდოეთის ომები, არის მახინჯი „დარა“. ციდან ჩამოსული რაც იყო, ღმერთებს ეძახდნენ საცოდავი ადამიანები. თუმცა იყო გენიალური ჭიდილები, ისტორია ყველაზე გაუპატიურებული მეცნიერებაა, სულ ტყუილებზეა აგებული, არაფერთან კავშირში არ არის...
პირველ რიგში საკუთარი თავის მეშინია, რომ რაღაც სისულელე არ ჩავიდინო. თავშეკავებული ვიყო, ჩემი ზრახვები ბოლომდე არ გამოვხატო. თუმცა სიყვარული უნდა გამოხატო, მაგრამ მე ვიცი სხვადასხვა მომენტები, რომ სიყვარულსა მალვა უნდა და არა ასე ცხვირ-პირში ტაკება. მოკლედ, ძნელია ადამიანი, რთულია მისი ცხოვრება, კითხვის ნიშნები არ ყოფნის ამ ყველაფერს და არის დინება, რასაც ცხოვრება ჰქვია, ჩვენ ყველა მივედინებით....
პირველ რიგში, სიყვარული სექსუალური მომენტის დაკმაყოფილების საშუალებაა და მერე სხეულის მიჩვევაა, მერე სურვილია ერთად ყოფნის. სექსუალური მომენტების გარეშე ადამიანი საცოდაობაა, ეს განაპირობებს სიყვარულს. ვნებაა სექსუალური პროცესები. სექსი ვნებაცაა და ომიც ორ ადამიანს შორის, დაკმაყოფილების განსაკუთრებული მოვლენები და მექანიკაა. სექსუალური ქალი, აღგზნებადია, ხელშესახებად საინტერესო, უამრავი სურვილი რომ ჩნდება. ჩემს მხატვრობაში ხედავენ ძალიან სექსუალურ წინახედებს და უკანახედებს, იმიტომ რომ მე, საერთოდ, სხეულისა და ფორმების ხატვით ვარ გართული. მომხიბლავი ადამიანი უყურებს სხეულს, სხეულებს არჩევს ერთმანეთისგან, ამიტომ სხეულს ვაწვდი ნახატში".
ჟანრი ლოლაშვილი და თათული დოლიძე — ქართული თეატრისა და კინოს ორი გამორჩეული ფიგურა, რომელთა სიყვარულის ისტორია სცენიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოვიდა და უკვე ათწლეულებია, რაც ერთობლივ ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნებიან.
მათი შეხვედრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში შედგა, სადაც ორივე მსახიობად მოღვაწეობდა. ჟანრი ლოლაშვილი იხსენებს:
"თათული რომ დავინახე, თითქოს რაღაცამ თავში დამცხო და დამარეტიანა."
მათი ურთიერთობა სპექტაკლ "ქალის ტვირთი"-ს დროს დაიწყო და მალევე გადაიზარდა სიყვარულში. მიუხედავად იმისა, რომ ორივესთვის ეს მეორე ქორწინება იყო, მათმა ურთიერთობამ დროის გამოცდას გაუძლო და დღემდე მტკიცედ გრძელდება.
ჟანრი და თათული ერთად არაერთ სპექტაკლში მონაწილეობდნენ, მათ შორის "კავკასიური ცარცის წრე" და "კაცია-ადამიანი?!". მათ ერთი ვაჟი ჰყავთ. თათულის თქმით, მათი ურთიერთობის საიდუმლო ერთმანეთის გვერდით დგომა, ოჯახის საკეთილდღეოდ ბევრ უსიამოვნო წვრილმანზე თვალის დახუჭვა და, რაც მთავარია, სიყვარულია. მათმა პროფესიულმა ურთიერთობამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათ ურთიერთობაში. თათული აღნიშნავს, რომ ჟანრი ძალიან კარგი მსახიობია, რომელიც სულ ძიებაშია და ამითაცაა საინტერესო მასთან, როგორც პარტნიორთან, თანამშრომლობა.
ჟანრის და თათულის ერთი საერთო შვილი ჰყავთ.