ნეკა სებისკვერაძე 1983 წლის 9 დეკემბერს, თბილისში დაიბადა. სატელევიზიო დებიუტი 9 წლის ასაკში გადაცემა "ალიონში" შედგა. აქტიური შემოქმედებითი პერიოდი 13 წლის ასაკში დაიწყო.
"ტრადიციულ ქართულ ოჯახში გავიზარდე. მშობლები უკვე ასაკში იყვნენ, როცა შეუღლდნენ და ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობაც დიდია. ბავშვობის წლები, ერთი მხრივ, უშუქობასთან, ნავთის სუნთან, უწყლობასთან და არეულობასთან ასოცირდება, მეორე მხრივ კი ბევრ ნათელ მოგონებასთან, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მუსიკასთან, ხელოვნებასთან და იმ აქტივობებთან, რომლებშიც, მშობლების წყალობით, ექვსი წლიდან ვიყავი ჩართული. დავამთავრე 57-ე საშუალო სკოლა და ევგენი მიქელაძის სახელობის საკრავიერი კოლეჯი. ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებები უკავშირდება წარმატებებს, რომლებსაც მუსიკაში ვაღწევდი. თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი დიდი სტიმული იყო ჩემთვის. მშობლების მადლიერი ვარ, რომ ამ გზაზე დამაყენეს და არჩევანის თავისუფლება მომცეს."

ცხოვრების განმავლობაში უამრავ სხვადასხვა პროფესიისა თუ ხასიათის ადამიანს შეხვდა. მათგან ბევრი ისწავლა და მათი დახმარებით ბევრი რამ აღმოაჩინა. არ უჭირს სხვადასხვა ფსიქოტიპის პიროვნებებთან ურთიერთობა, საბოლოოდ კი თავად ირჩევს, ვინ რა დოზით შემოვუშვა ჩემს ცხოვრებაში.
პირადი ცხოვრება
პირველად დედა 24 წლის ასაკში გახდა. ორი შვილი ჰყავს - დავითი და ნიკოლოზი. ადრე აღნიშნავდა, რომ არც ერთი მშობელი ერთ შვილით არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დედმამიშვილზე კარგი საჩუქარი შვილისთვის არაფერია.
"24 წლის ასაკში მეყოლა დათა, მისი გაჩენისთანავე გავიაზრე, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა ჩემს ცხოვრებას. ბედნიერება უსასრულოა, როდესაც შვილის მოვლის და მათზე ზრუნვის სიხარულს განიჭებს ღმერთი. ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარი შვილებია. ნიკოლოზიც წელიწადსა და სამ თვეში გავაჩინე და დღეს მათ ერთად რომ ვუყურებ, ვხვდები, ბოლო წლებში ამაზე დიდი და კეთილშობილური არაფერი შემიქმნია.
ჩემს შვილებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ჩემი მეუღლე ოდნავ უფრო მკაცრია. ვაჩვევ წესრიგს, ზრდილობას, ადამიანების სიყვარულს და ვცდილობ, მათი ხედვა საინტერესო გავხადო, სხვადასხვა ხერხით" - აღნიშნავდა ნეკა.