ცნობილი ძმა, დიდი სიყვარული და ტრაგიკული ცხოვრება - მოგონებები ბაბო დადიანზე - Marao

ცნობილი ძმა, დიდი სიყვარული და ტრაგიკული ცხოვრება - მოგონებები ბაბო დადიანზე

2025-05-09 14:02:09+04:00

 ბაბო დადიანი 1904 წელს დაიბადა და 2000 წელს გარდაიცვალა. ამიტომაც ხშირად უწოდებენ მას "საუკუნის მანდილოსანს". უდიდესი რისკისა და გმირობის ფასად გადაარჩინა თავის წინაპართა - ქართველ დიდგვაროვანთა სურათები, რომლებიც მისი სახლის კედლებს ამშვენებდნენ.

ცნობილი ძმა

ბაბო დადიანის ძმა  "ქართველ მოდილიანად" წოდებული სვიმონ (სიმონიკა) დადიანი იყო.

"...ჩემს სურათებს შენი შვილიშვილებისთვის ვაგროვებდი... გაჩუქებას ამის გამო გადავეჩვიე... იმდენი ნამუშევარი მომიგროვდა, დასადგომ ადგილს ვერ ვნახულობ... შენ მალე შვილიშვილების ქორწილს დაესწრები. მე კი, თუ მეღირსა, მაშინ ლეკურს დავუვლი... და ეს ჩემი ბავშვობის მერე პირველად იქნება... სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ-მეთქი. და ასე დარჩა..." - წერდა  ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბაბო დადიანს ემიგრანტი უმცროსი ძმა სიმონიკა დადიანი.

  • 70 წელს გადაცილებული TOP 8 ქალი საქართველოში: როცა ასაკი მხოლოდ ციფრებია 

ბაბო

  • გასაოცარი წარმატება ამერიკაში და ოცნება საქართველოზე - სვიმონ დადიანის ძალიან საინტერესო ცხოვრება 

 ბაბოს დედა ადრე გარდაიცვალა და კოკი დადიანმა მეორე ცოლად იმერეთის მეფე სოლომონის შთამომავალი მერი წერეთელი შეირთო. სწორედ წერეთელთან ქორწინებისას შეეძინათ სვიმონი. 1921 წელს, როდესაც კოკი დადიანი და მერი წერეთელი საქართველოდან იძულებით წავიდნენ, ბაბოც გაჰყვა ოჯახით სტამბოლამდე, მაგრამ მეუღლესა და შვილებთან ერთად მალევე უკან დაბრუნდა...

მეუღლის წერილი

 "ჩემო სულიერად და ხორციელად ლამაზო და კარგო, სიხარულო და სიამაყევ, შენ, რომელიც უკიდურეს და სასოწარკვეთილ მომენტშიაც, როდესაც სული სიკვდილთან შერიგებული იყო და ამ წუთისოფლის სიცოცხლეს განვლილად სთვლიდა, მაშინაც თვალწინ მედექი, როგორც წმინდა ანგელოზი, აფაქიზებდი და აკეთილშობილებდი საზიზღარ, ბინძურ ატმოსფეროს, რაშიც მე ვიმყოფებოდი. არასოდეს წარმომედგინა, რადგან არასოდეს არ წამიკითხავს ისეთი ნაწერი ტრაგედია, რომელიც თავისი სიღრმით შეედრებოდეს იმ განცდებს, რადგანაც ალბათ არასოდეს გამოუანგარიშებიათ და შეუსწავლიათ ის მეთოდები წამების, რომლის საშუალებით კაცის მთელი არსება ყოველმხრივ გაეწამებინათ. იცოდე, ჩემო სიამაყევ, ყოველივე საშუალება წამების, რომელიც აქვს ამ საშინელ მანქანას, ჩემზე ნახმარი იყო, მაგრამ ყოველივე სიმწარე სიტკბოებად აქციე შენ.

babo

გთხოვ, ამ წუთსაც არ გექნეს ეჭვი, მაშინ, როდესაც მე ცივ, საშინელ სიმყრალეში ვიჯექი და სიკვდილს ველოდებოდი, კაცს რომ ეთქვა ჩემთვის, რა გირჩევნია, რომ არასოდეს საქართველოში არ ჩამოსულიყავი, ახლა სადმე ტაიტის კუნძულებზე იყო, სადაც მუდამ გაზაფხულია და სილამაზე და ქონებით, ფუფუნებით იცხოვრებდიო, შეურაცხყოფილად ჩავთვლიდი ჩემს გრძნობებს, რადგან იმდენ ბედნიერებას და ნეტარებას ვერსად ვნახავდი, რამდენიც მე შენ მომანიჭე. ოჰ, ცუცნა, როგორ მიყვარხარ, შენ რომ იცოდე, როგორ პატივს გცემ, როგორ გაფასებ, როგორ მინდა მოვესწრო იმ სანატრელ მომენტს, როდესაც მე შენ ისევ მოგივლი, გეალერსები, სიყვარულით დაგკოცნი...

მე მინდა, როგორც შენ გეკადრება, ისე გაგრძნობინო, რომ თუმცა ეს ცხოვრება უკუღმართია, სიკეთე, სისპეტაკე ყოველთვის ტანჯვით არ ჯილდოვდება, არამედ ბნელ ღამეს მოჰყვება ნათელი დილა და ცივ ზამთარს თბილი და ლამაზი გაზაფხული..." - ბაბო დადიანის მეუღლე  1937 წელს დააპატიმრეს და მალევე დახვრიტეს.

babo

  • ცეკვით დაწყებული ვარსკვლავური გზა, კინო და ქარიზმა: მანანა აბაზაძე როგორც ქართული კულტურის ხატი 

შვილის მოგონებები

"დედა და მამა, ორივე ხელგაშლილი და გულკეთილი ადამიანი იყო. დედაჩემს გადასახლებაში დედა ტერეზას ეძახდნენ. რაჭველი ბიჭი ნახა საავადმყოფოში, ჩონჩხი გინახავთ? ასეთი გარეგნობისა იყო, ბაბომ უპატრონა და ფეხზე დააყენა. მამა რევოლუციამდე აფინანსებდა 5 სტუდენტის უცხოეთში სწავლას. მარგანეცის საბადოების აქციონერს საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა. დედამ სამამულო ომის პერიოდში ბანძიდან თავისი ძიძიშვილის გოგონა, 5 წლის ლიდიკო სართანია ჩამოიყვანა, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრი გახდა."