თვალი გავახილე და გადმოვტრიალდი. კარის ზღურბლთან მაქსი იდგა. ლამის შიშველი, მხოლოდ თეთრი საცურაო ტრუსი ეცვა. მკერდზე წყლის წვეთები უბრწყინავდა. აშკარად ახლახან ამოსულიყო აუზიდან. მხარზე აბანოს პირსახოცი ჰქონდა გადაკიდებული. ის დაჟინებით მიცქეროდა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.
მსწრაფლ წამოვჯექი და პლედი მკერდზე ავიფარე.
_ აქ რას აკეთებ? _ წყრომანარევი ხმით შევეკითხე.
_ არც ისე ჭკვიანურია, ღამით კარი ღია დატოვო. ეს არცთუ უხიფათოა შენთვის. პირიქით, საშიშიც კია. სანაპიროზე უსაქმურები დაძრწიან. არაა გამორიცხული, ღამით სახლშიც კი შემოიპარონ.
_ შენს სახლში შემოპარვას ვინმე გაბედავს?
_ რატომაც არა? აქ ვინ იცის, მე ვინ ვარ?
_ ჰო, რა ვიცი, აბა, ამაზე არ მიფიქრია. აწი გავითვალისწინებ და კარს ყოველღამე ჩავკეტავ. ცხელოდა ძალიან, თანაც, ტალღების ხმა მიყვარს.
_ თუ დაგცხა, კონდიციონერი არ უნდა გამოგერთო.
_ ღამით არასდროს ვტოვებ კონდიციონერს, სადაც უნდა ვიყო. არ მიყვარს მისით გაგრილება. ეგრევე ვცივდები ხოლმე.
_ მაშინ ფანჯარას გამოგიღებ.
_ იყოს, მე თვითონ გავაღებ. _ ვთქვი და დაველოდე, როდის წავიდოდა, მაგრამ ის არ მიდიოდა. მეც ადგომა დავაგვიანე. არ მინდოდა ასე ნახევრად შიშველი ვენახე.
ის კი თვალს არ მაშორებდა და ხარბი მზერით მომჩერებოდა. კარგად მახსოვდა ეს მზერა, ან კი რა დამავიწყებდა?
_ ლიკა ძებნას არ დაგიწყებს? _ რაც შეიძლებოდა რბილად შევეკითხე, იქნებ მიხვდეს და წავიდეს-მეთქი.
_ ლიკას, როგორც დანარჩენ სტუმრებს, ღრმა ძილით სძინავს. რა გჭირს? გეშინია ჩემი? რატომ არ დგები? _ სიცილით მკითხა და საძინებელში შემოვიდა, _ რა, ჯერ არ მინახავხარ შიშველი, თუ მას მერე რამე შეიცვალა? წუხელ არ უნდა გამოგეწვიე, ამით უფრო გამაღიზიანე, თუმცა თავი მაინც შევიკავე.
_ რა გასაკვირია, რომ შეიკავე, _ გაღიზიანება ასე არ უნდა-მეთქი და გამჭოლი მზერა ვესროლე მოახლოებულს, _ ადრე ხომ სულ ასე აკეთებდი და მშვენივრად გამოგდიოდა… ყოველ ჯერზე. ყოველთვის ასე იყო. არა, განა?
_ ჰო, მაგრამ მაშინ მთლად პატარა გოგო იყავი, _ მიპასუხა და ჩემს საწოლთან შედგა. ფეხები ოდნავ განზე გადგა, ხელები ჩამოუშვა, სახეზე კი მბრძანებლური ნიღაბი აიფარა, _ ახლა კი პატარა აღარ ხარ.
შემკრთალი ზეწარს ორივე ხელით ჩავაფრინდი.
_ მე აქ ზურასთან ერთად ჩამოვედი, _ შევახსენე, რომ სიტყვებით მაინც დამეცვა ჩემი თავი, რადგან აშკარად თვალში საცემი იყო მისი განზრახვა.
_ ჰო, აბა რა. რათა ჩემთან ახლოს ყოფილიყავი. შენ და ზურა ერთმანეთს იყენებთ, იმას კი ვერ აცნობიერებთ, რომ ორივეს მე გჭირდებით. მე კი ეს არ მომწონს. შენ ზურა არ გიყვარს.
_ სულაც არ ვცდილობ შენთან დაახლოებას! _ ვიყვირე. თვალებს გაცეცხლებული ვაკვესებდი, _ როგორ შევაგნებინო შენს თვითკმაყოფილ გონებას, რომ არ მიყვარხარ, შე ეგოისტო? როგორ შეგიძლია ამდენი წელი ატარო ღვარძლი? მე უკვე დავივიწყე ყველაფერი, შენც დაგივიწყე!
მაქსმა ნელა გააქნია თავი.
_ არა, ეს ასე არ არის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, როგორ ვილტვოდით ერთ დროს ერთმანეთისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ფინიშამდე არ მივსულვართ. და ამ მხრივ, როგორც ვატყობ, არაფერი შეცვლილა.
_ მე შენთან არ მინდა. მე შენ არ მინდიხარ! _ ჩურჩულით ამოვთქვი.
_ როგორ გგონია, დაგიჯერებ? _ მაქსი მოულოდნელად ჩემკენ გადმოიხარა და ზეწარი ხელიდან წამგლიჯა.
რამდენიმე წამით გაქვავებული იდგა. იმასაც კი ვერ ამჩნევდა, როგორ ვცდილობდი მისთვის ზეწრის წართმევას.
_ გეყოფა, მაქს! გთხოვ… _ ხვეწნაზე გადავედი.
_ არა, ახლა არა! _ ამოიხრიალა და ხელი მტაცა. მერე ისე მძლავრად მიმიკრა მკერდზე, რომ ამოსუნთქვა ვერ შევძელი.
არ ვიცი, რა ეგონა… რომ წინააღმდეგობას გავუწევდი? ალბათ. მე კი არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. გასუსული ვესვენე მის მკლავებში და დაბნეული მივჩერებოდი.
_ რას აკეთებ, მაქს? საით მიმათრევ? რა დაგემართა? _ ახლა კი ვცადე, ხელიდან დავსხლტომოდი, მაგრამ ისე მძლავრად ვყავდი ჩაბღუჯული, არაფერი გამომივიდა.
ჯერ ოთახიდან გამათრია, მერე კიბეზე ჩამიყვანა და გეზი პირდაპირ ზღვისკენ აიღო.
_ შეწყვიტე, ფართხალი, გაბი, თორემ სილაში ჩაგაგდებ და გაჩვენებ, რაც დამემართა, _ მუქარით მითხრა.
ამან მაიძულა, შემეწყვიტა წინააღმდეგობა _ ახლა მხოლოდ საკუთარ გულისცემას ვგრძნობდი, სხვას არაფერს. მას კი კვლავ ძლიერად ვყავდი ჩაბღუჯული და ნახევრად ხელში აყვანილი მივყავდი.
_ იქ ვერავინ დაგვინახავს, ჯერ წესიერად არც გათენებულა. ასე რომ, ნურავის იმედი ნუ გექნება. ახლა ვერავინ გადაგარჩენს, _ ქოშინით მეუბნებოდა.
როგორც კი ბულვარი გადავიარეთ და სანაპიროზე აღმოვჩნდით, მიხვდა, რომ დაიღალა და შეჩერდა. ხელი შემიშვა და სუნთქვაგახშირებული მწველი მზერით მომაჩერდა. ადვილი წარმოსადგენი იყო, როგორ გამოვიყურებოდი ჩემს სიფრიფანა პერანგში.
_ მდაა, _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა, თან თვალს არ მაცილებდა, _ ნებისმიერ მამაკაცს დააჩოქებ, ასეთ ფორმაში თუ პოზირებ კამერის წინ.
_ შემეშვი, სახლში მინდა დაბრუნება, _ წამოვიძახე და გავტრიალდი, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვასწარი, რომ ისევ დამიჭირა და ჩამიხუტა თუ არა, ვიგრძენი, როგორ შეაკანკალა ჩემს შეხებაზე.
მერ თმაში ჩამავლო ხელი, თავი უკან გადამიწია და შეეცადა, ტუჩებში ეკოცნა.
_ გაბი… გაბრიელა… ნუ გამიძალიანდები. მომეცი შენი ტუჩები. ჩვენ რამდენი წელია, ამის გაკეთება გვინდა, მოდი, დავასრულოთ ოდესღაც დაწყებული. მე და შენ ხომ ასე ძალიან გვინდა ეს!
გვინდა… თანაც, რამდენი ხანია… წლებია, წლები… თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა, ვეღარ მოვითმინე და მის ტუჩებს ჩემი შევუშვირე. მაქსსაც მეტი რა უნდოდა? პირსახოცი იქვე მიაგდო, ჩემი სახე ფრთხილად ჩაიჭირა ხელისგულებში და თავი ამიწია. გამიკვირდა, ასე უცებ რამ გაანაზა-მეთქი.
გონდაკარგული მკოცნიდა. შიგადაშიგ ვნებიანი კვნესა აღმოხდებოდა, გულისცემაც გაუხშირდა. მეც აბსოლუტურად ბოლომდე მოვეშვი, არანაირი ძალა აღარ შემრჩა, ხელი მეკრა და გავქცეულიყავი. არც მინდოდა. ისეთი სიამოვნება მეუფლებოდა მისი თბილი სხეულის შეხებისას, რომ გონს ვკარგავდი.
ყველაფერი იმან გააფუჭა, რომ მოულოდნელად ღამის პერანგის გახდა მომინდომა. ეს იმდენად მიუღებად მეჩვენა, რომ განწირულივით დავიკივლე, მაგრამ მან კვლავ ჩამიჭირა მკლავებში და ცალი ხელით მკერდზე შემეხო.
_ შენ თვითონ გაიხადე! _ ჩახრინწული ხმით ყურში მიჩურჩულა.
_ არა, არა! _ განწირულმა დავიყვირე.
_ გაიხადე! _ მიბრძანა მან და ხმის ამოღება არ მაცალა, ისე დამაკვდა ტუჩებზე.
_ არ გინდა, მაქს… ასე არ შეიძლება! დაგვინახავენ! _ ვემუდარებოდი.
_ შეიძლება, შეიძლება, _ გამალებით იმეორებდა ერთსა და იმავეს, _ შეიძლება. ჩვენ ეს ყოველთვის გვსიამოვნებდა, ხომ გახსოვს? ამ ლოდებს შევეფარებით და ვერავინ შეგვამჩნევს.
უღონოდ მიმოვატარე მზერა. მართლაც, სანაპიროზე უამრავი ლოდი იყო ახოხოლავებული, მის ძირში მიწოლილ ადამიანს ძნელად თუ დაინახავდა ბულვარიდან ვინმე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაპირზე ჩამოვიდოდა.
_ არა, არ შემიძლია, გთხოვ, ხელი გამიშვი!
ის კი თავს არ მანებებდა. თავის ვეება ხელებს მსუბუქად დაასრიალებდა პერანგქვეშ, ჩემს სხეულზე. ყველაზე დიდხანს მკერდზე მეფერებოდა.
_ ულამაზესი ხარ, პირდაპირ მათრობ შენი სილამაზითა და სითბოთი. შენ ხომ ყოველთვის მოგწონდა, როცა ასე გეფერებოდი?
_ მაშინ მხოლოდ თექვსმეტი წლის ვიყავი, _ ძლივს ამოვთქვი და ისევ მივყუჩდი.
მისი ძლიერი მკლავები ბანგივით მოქმედებდა ჩემზე, თითქოს რაღაც მაგიურ ენერგიას ასხივებდა, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი.
_ შენ გვერდით ყოფნა, ოდნავი შეხებაც კი საოცრად ამაღელვებელია. არანაკლებ ამაღელვებელი, ვიდრე სექსი. ხელს ნუ მკრავ, ადრე ასე არ იქცეოდი. ახლა რა გემართება?
_ მე შენზე ჭკუას ვკარგავდი, გაღმერთებდი. _ აცრემლებულმა მივუგე, _ საკმარისი იყო, მოგსურვებოდა და ბოლომდე შენი ვიქნებოდი ისე, რომ წამითაც არ დავფიქრდებოდი. მაშინ თავი მქონდა დაკარგული.
_ ახლაც ასეა, ჩემო პატარავ! ახლაც ასეა, _ გაცხოველებული გზნებით მეჩურჩულებოდა მაქსი, _ არასდროს არავისთან ასე არ მიგრძნია თავი _ როგორც კი ოდნავ შეგეხები, მაშინვე რაღაც ჯადოქრობა იწყება. მაპატიე, ახლა მე გაჩერება არ შემიძლია. შენ ჩემი უნდა გახდე.
_ არ გინდა, გთხოვ… მაქს! შეჩერდი, მათქმევინე! შეჩერდი-მეთქი, ვის ვუთხარი! _ ჩურჩულიდან ყვირილზე გადავედი, _ მე ჯერ ისევ ქალიშვილი ვარ! გესმის?
_ კარგი, კარგი, მომაჩვენე თავი ქალიშვილად, ეს ძალიან კარგია, _ მკერდთან მოდებული ტუჩებით დაიჩურჩულა, ცალი ხელით მეალერსებოდა, მეორით ღამის პერანგს ნელ-ნელა მხდიდა, _ ეს ოცნებაა, რამდენი წელი ვოცნებობდი ამაზე. და აი, შენ აქ ხარ. მე შემიძლია მოგეხვიო და მოგეალერსო.
როცა მთლიანად გამაშიშვლა, მიწაზე დამაწვინა. ჩემს ბედად, იმ ადგილას ქვიშა აღმოჩნდა და ამან მიშველა, თორემ ქვებზე ალბათ სხული დამენგრეოდა. ბოლოს მეც ვერ შევიკავე თავი და ხელები მოვხვიე. ვგრძნობდი მის სიმძიმეს, მაგრამ ეს არ მაწუხებდა. მე მინდოდა მისი გავმხდარიყავი და ამ სურვილს წინ ვეღარაფერი აღუდგებოდა…
იმ წუთებში ყველაფერი დავივიწყეთ _ მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობდით მთელ სამყაროში _ მე და მაქსი. აღარც ტალღების ხმა მესმოდა და ვეღარც ქვიშას ვგრძნობდი ზურგზე გაშოტილი. მართლაც რომ ღვთაებრივი სიამოვნება იყო, ჩემს მკლავებში მისი ძლიერი სხეული მეგრძნო…
თვალები გავახილე და მაქსის ვნებით დაბინდულ თვალებს ჩავაცქერდი, სანამ გავერთსხეულიანდებოდით. სრულიად მოულოდნელად შეჩერდა, თავი ოდნავ ასწია და მიჩურჩულა:
_ პრეზერვატივი თან არ მაქვს… როგორ ფიქრობ, ამაზე უნდა ვინერვიულო?
ცოტა არ იყოს, შევშინდი. წამებში წარმოვიდგინე, რაშეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩვენს თავდავიწყებას _ შეიძლება დავორსულებულიყავი, ამიტომ უყოყმანოდ მივუგე:
_ უნდა.
და მორჩა, იქ დამთავრდა ყველაფერი. მაქსმა ხელი შემიშვა, ჩემი სხეულიდან გადავიდა და ქვიშაზე დაჯდა თავზე ხელწავლებული.
_ ჯანდაბას, ჯანდაბას, ჯანდაბას! რამ დამავიწყა? _ წამოიყვირა და ტრუსის ჩაცმას შეუდგა.
მეც ავდექი და სრულიად უმწეო, ღამის პერანგის ჩაცმას შევუდექი. ვერაფერს ვამბობდი, ან კი რა უნდა მეთქვა? საშინლად განხიბლული დავრჩი. გამწარებულმა ამის თქმაღა მოვახერხე:
_ რა, ლიკა ვერ გაკმაყოფილებს? _ საკუთარი ხმა საოცრად ყრუდ მომესმა, _ თუ ეს შურისძიება იყო იმ სიტყვებისთვის, წუხელ რომ გითხარი?
_ შესაძლებელია! _ კბილებშუა გამოცრა და სახეზე ღვარძლი აღებეჭდა, _ ზურამ თუ იცის, როგორი ვნებით ნებდები სხვა კაცებს? მარტო ზურა ცოტაა შენთვის? ვერც ის ახერხებს შენს დაკმაყოფილებას?
_ მე მასთან არ ვწევარ, _ მშვიდად მივუგე, _ და არც არასდროს ვწოლილვარ.
ამომხედა და თვალი მომაშტერა.
_ მართლა ფიქრობ, რომ შენ გარდა სხვისი შეყვარება შემეძლო? _ ვკითხე და შევამჩნიე, როგორ დაეჭიმა სახის კუნთები, თვალები კი ჩაუმუქდა, _ ამ ცხრა წლის განმავლობაში არც ერთ მამაკაცთან სიახლოვე არ მქონია, არავის დავნებებივარ, რადგან შენ ვერ გივიწყებდი. სულ მეშინოდა, ვაითუ სხვისგან ისეთი სიამოვნება ვერ მივიღო, როგორსაც მაქსი მაძლევდა-მეთქი. შენ კი ცილს მწამებ… რა სამწუხაროა, როცა უეცრად იგებ, თუ რას ფიქრობს შენზე ადამიანი, რომელიც გიყვარს. თუ ასე გინდოდა ჩემთან, დროზე მოგემთავრებინა ყველაფერი. ახლა რა, გინდა ჩემზე შური იძიო?
მაქსს რისხვისგან სახე დაეღმიჭა.
_ რით ვერ შეიგნე, რომ მაშინ მთლად ბავშვი იყავი და არ მინდოდა ამის გაკეთება!
_ პირველ რიგში, მე ქალი ვიყავი! _ თვითონაც ავუმაღლე ხმას და ბრაზიანი მზერა ვესროლე, _ და მე შენ მიყვარდი!
რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა, ხელი ჩაიქნია და ზღვას მიაშურა.
_ დიდი ლამაზი გრძნობა! _ ხელებგაშლილმა ირონიული ტონით წამოიძახა, _ მე ერთი საწყალი ავტომექანიკოსი ვიყავი, შენ კი სკოლის მოსწავლე. რა მომავალი უნდა გვქონოდა ერთად?
მის განიერ ზურგს თვალს არ ვაშორებდი, ამომავალ მზის სხივებზე ლაპლაპი რომ გაჰქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, მე ის ახლაც მიყვარდა.
_ მე მაინც ბედნიერი ვიქნებოდი შენთან ერთად, _ შეფიქრიანებულმა ვუთხარი, _ სამწუხაროა, რომ სხვა ვარიანტზე არ იფიქრე. შენ რომ მაშინ ჩემზე დაქორწინებულიყავი, ექვი ათას დოლარზე მეტს მიიღებდი. მე კი მაშინ ისე ვიყავი დაბრმავებული, რომ ვერ ვხვდებოდი, რატომ არ გინდოდა ჩემი ცოლად შერთვა. შენ მე მომკალი, სამაგიეროდ, ოცნება აისრულე და ფული მიიღე.
_ მაგრამ ასე არ ყოფილა, _ თქვა მან და შემობრუნდა. ისეთი ტკივილი ეხატა სახეზე, რომ შემეშინდა. ერთიანად მოქუფრულიყო, _ სულაც არ ყოფილა ასე. გინდა მოგიყვე, სინამდვილეში რა მოხდა? ფული რატომ ავიღე? გინდა სიმართლის გაგება?
_ არა, არ მინდა, _ ცივად ამოვთქვი, _ ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. და მოდი, მეტად ნუღარ დამატან ძალას. კარგი? მაცალე ზურასთან ერთად ყოფნა და ნურაფერს გაართულებ. არ მინდა ზურას ტკივილი მივაყენო.
_ კი მაგრამ, რატომ მნებდებოდი? _ ჯიქურ მომაჩერდა, _ რატომ მომეცი უფლება, მოგფერებოდი და გამეშიშვლებინე, თუ ზურა ასე მნიშვნელოვანია შენთვის? რატომ მეფერებოდი შენ თვითონ, თუ შენთვის სულერთი ვარ?
_ ალბათ, წარსულის მოგონებებმა შემომიტია. როგორც ვატყობ, არასდროს მომიშუშდება ის ჭრილობები, შენ რომ მომაყენე.
უხმოდ მომაჩერდა, თითქოს ჩემი სიტყვების არსში ჩაწვდომას ლამობსო.
_ რას გულისხმობდი, როცა თქვი, არავის შეყვარება არ შემიძლიაო? ფიზიკურად არ შეგიძლია თუ…
_ არანაირად, აბსოლუტურად არანაირად, _ მივუგე.
დამღალა ამ ლაპარაკმა. ყველაფერმა დამღალა. წასვლა მინდოდა.
_ ძალიან გთხოვ, მაქს, თავი დამანებე. ვნანობ, რომ ჩამოვედი. ახლა ვეღარც ვხვდები, ეს რატომ გავაკეთე. როგორც ჩანს, შენი განრისხება მსურდა. მე ხომ ვხედავ, როგორ არ მოგწონს ჩემი ზურასთან მეგობრობა.
მაქსმა ზურგიდან მომიარა და ხელები მხრებზე დამაწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნიავი უბერავდა, მის ცხელ სუნთქვას მაინც ვგრძნობდი.
გაგრძელება იქნება