დღეს, ციფრულ სამყაროში, სოციალური მედიის გავლენა რომ უდიდესია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ინფლუენსერები კი ჩვენს არჩევანსა და გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.
გარდა იმისა, რომ დღეს მარკეტინგისა და რეკლამის მსხვერპლი უამრავი ადამიანი ხდება, სოციალური მედია ჩვენს სასარგებლოდაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგალითად, თვალი ვადევნოთ ისეთ ინფლუენსერებს, რომლებიც ჩვენზე დადებით გავლენას იქონიებენ, მოგვიწოდებენ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, მათი გამოცდილება ჩვენთვის მოტივაციად იქცევა.
ამ სტატიაში სწორედ იმ ახალგაზრდა ინფლუენსერებისა და ცნობილი სახეების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც ჩვენს მოტივაციას აძლიერებენ და გვეხმარებიან სასარგებლო უნარებისა და ჩვევების დამკვიდრებაში:
ქეთი ჟღენტი

ქეთი ჟღენტი ახალგაზრდა მოდელია, რომელიც ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ცნობილი ბრენდის კამპანიებსა და გადაღებებში. ის განსაკუთრებით აქტიურია ინსტაგრამზე და გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას. ქეთი ბევრისთვის მოტივაციაცაა, რადგან მის გვერდზე აქტიურად ნახავთ ფოტოებსა და ვიდეოებს სპორტდარბაზიდან. ის ჩოგბურთითაცაა გატაცებული და ფორმას სწორედ აქტიური ცხოვრების წესით ინარჩუნებს.
ლიკუნა ხაჭაპურიძე

წარმატებულ ქართველ მოდელს, ლიკუნა ხაჭაპურიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებს, სასარგებლო რჩევებს და სთავაზობს არაერთ გათამაშებასაც.
ლიკუნა ცდილობს, იკვებოს ჯანსაღად, დროდადრო სპორტდარბაზსაც სტუმრობს და გამომწერებს ხშირად აძლევს ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის მოტივაციას.
ელენე ეპიტაშვილი

ელენე ეპიტაშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც გიორგი მამარდაშვილმა ხელი სთხოვა. მშვენიერი მოდელი პირველი შვილის დედა ცოტა ხნის წინ გახდა, თუმცა მალევე დაუბრუნდა იდეალურ ფორმას. ელენე ამას ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სწორი კვების საშუალებით ახერხებს.
მანიკა ასათიანი

მანიკა ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა ტელეწამყვანი და მოდელია. მანიკა თავისი პროფესიონალიზმითა და ქარიზმით ქართული მედიასივრცის გამორჩეული სახეა.
მანიკა ხშირად გვიზიარებს საკუთარი ცხოვრების წესის შესახებ სიახლეებს, თუმცა, ერთი, რაც მის ცხოვრებაში უცვლელია, ეს ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვაა. სწორედ ამის გამოა, რომ ის ყოველთვის იდეალურ ფორმაშია.
თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული სახეა მოდის სფეროში. მისი გარეგნობა უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს და კომპლიმენტებსაც არასდროს იშურებენ.
თაკოს მოზარდობიდან დღემდე აქტიური ცხოვრების წესი აქვს - ხშირად უწევს გადაღებებზე, ჩვენებსა თუ ქასტინგებზე სიარული. "კარგი გენეტიკისა" და აღნაგობის მიღმა კი ის მუდმივად ცდილობს, ივარჯიშოს სპორტდარბაზში, დაკავდეს პილატესით და იკვებოს სწორად.