ეს ულამაზესი ქალბატონები ყოველ წუთს ამტკიცებენ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და წლების გასვლასთან ერთად კარიერაში კიდევ უფრო ვითარდებიან:
ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 88 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას.
გიული ჩოხელი ქართველი მომღერალი, საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ-მომღერალი ქალი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, ხელოვნების ქურუმის ჯილდოს მფლობელი, თბილისის საპატიო მოქალაქე და, რაც მთავარია, ხალხის დიდი სიყვარულის მატარებელი არტისტია.
მოდის ექსპერტი, ბლოგერი და დიზაინერი, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც გემოვნებიანად იცვამს და მუდმივად ფორმაშია - ასე ახასიათებენ დალი ჩიტალაძეს, რომელიც სოციალურ ქსელსა და საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. პატარა გოგონასავით მხიარულია. ცდილობს, იყოს ლაღი და ეცვას ხალისიანი ფერის სამოსი.
ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს ყველა დროის საუკეთესო ქართველ სპორტსმენ ქალად მოიხსენიებენ. ჭადრაკის თამაში ნონას 5 წლისას ასწავლეს ძმებმა. სწორედ მათი მეშვეობით მოხვდა ნონა ზუგდიდის ნაკრებში, რომელიც 1953 წლის ზაფხულში ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაში მონაწილეობდა. სწორედ ამ ტურნირზე შეამჩნია ის ჭადრაკის ცნობილმა პედაგოგმა ვახტანგ ქარსელაძემ.
ნანა ჯორჯაძე გახდა პირველი ქართველი ქალი რეჟისორი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიიღო. მისი ფილმები გამოირჩევა პოეტური კინემატოგრაფიით, მელანქოლიური იუმორით და ემოციური სიღრმით.
ეკა მამალაძე 1960 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა პროფესიონალური მუსიკალური განათლება ოჯახში აუცილებელი იყო. ტელევიზიაში პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შეასრულა. დიდ სცენაზე გამოსვლა კი 1980-ინი წლებიდან დაიწყო. გამორჩეულია დედასთან ერთად ნამღერი ცნობილი სიმღერები: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „ერთხელ ამამღერე“, „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“, „მეფის ქალი“ და სხვა.
ნაირა გელაშვილი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მისი შემოქმედება ღრმა ანალიზითა და საინტერესო ფილოსოფიური თემატიკით ხასიათდება. ნაწარმოებებში კარგად ჩანს როგორც ქართული კულტურა, ისე თანამედროვე სამყაროს გამოწვევები.
სალომე ზურაბიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა. მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა.
ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
მარინა კახიანი ყველასთვის საყვარელი მსახიობია. სამსახიობო კარიერის საწყისი ეტაპები 1974-76 წლებში მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიარა, 1980 წლიდან დღემდე კი იგი შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამ ხნის მანძილზე მან კინოსა თუ თეატრში არაერთი წარმატებული როლი შეასრულა და ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.