"ჩემი 20 წლის დაბადების დღე რიოს G2 პარატაეკვონდოს ჩემპიონატამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე იყო... და საუკეთესო საჩუქარი:
- ოქროს მედალი
- ღონისძიების საუკეთესო ქალი პარასპორტსმენი
სიურრეალისტურია, თუ როგორ იყო ყველაფერი ერთმანეთთან თავსებადი - მადლიერი ვარ თითოეული ბრძოლისთვის, ყოველი მომენტისთვის და ყველასთვის, ვინც ამ მოგზაურობის ნაწილი იყო" - წერს ანა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


ანა ჯაფარიძე
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა - 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. პირველ შეხვედრაში ქართველმა პარასპორტსმენმა აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა, მეოთხედფინალში პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონ მერიემ ბეთულ ჩავდარს სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი ირანელ ზაჰრა რაჰიმთან დათმო.
ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლები ნინა თიბილაშვილმა და ინა ქალდანმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობენ.
"ანა ჯაფარიძე პარიზში მიდის იმისთვის, რომ წარადგინოს თავისი ქვეყანა ღირსეულად და აიღოს მაღალი სინჯის მედალი... მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის გამახარებს, რომ საქართველოს ღირსეულად წარვადგენ და ჩვენს ქვეყანაზე ბევრი ადამიანი გაიგებს იმას, რომ, აი, ჩვენც შეგვიძლია", - ამბობდა გამარჯვებამდე ანა. მას ეს სურვილი საკუთარ თავსაც და ქართველ ხალხსაც აუსრულა - ღირსეულად წარადგინა ქვეყანა, აიღო მაღალი სინჯის მედალი და ახლა ყველა ამაყობს მისით.
ანას გზა წარმატებამდე იოლი არ ყოფილა. მან "პრაიმ შოუში" გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომ ხელის ამპუტაციის შემდეგ გაეგრძელებინა სულ სხვა ცხოვრება:
"16 წლის ვიყავი, როდესაც ხელის ამპუტაცია დამჭირდა. საწარმოო უთოში დამეწვა ხელი და ერთი კვირის მანძილზე მაკვირდებოდნენ, ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ ხელის ამპუტაცია არ დამჭირდებოდა. დედაჩემის ძალიან დიდი ინიციატივა იყო, რომ დამეწყო სპორტული ცხოვრება. აქტიური ბავშვი ვიყავი, ტანვარჯიშსა და სპორტულ ცეკვებზე დავდიოდი. ფიზიკური აქტივობა უცხო არ იყო ჩემთვის. ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი" - ამბობდა ანა.