ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საქართველოს ისტორიაში პირველად, ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქალია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ეს ტრიუმფი საბოლოო გამარჯვებით დაასრულა.
ლიპარტელიანმა ფინალში ბრწყინვალე იპონი შეასრულა და ამით 57 კგ-იან წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
ეთერს აქამდე ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისას, ამაღელვებელი იყო ეთერ ლიპარტელიანის მეუღლის, თემურ ნოზაძის ემოციები.
ეთერ ლიპარტელიანი და თემურ ნოზაძე
2024 წლის თბილისის გრანდ სლემზე გამარჯვების შემდეგ, ასევე ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ ეთერ ლიპარტელიანს ხელი სთხოვა. კადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.
მოგვიანებით, 2024 წლის ოქტომბერში წყვილმა ქორწილი გადაიხადა. სპორტსმენი წყვილის ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ეთერი ამბობდა, რომ ცოლ-ქმარი ერთად ხშირად ვარჯიშობს და მეუღლე ხშირად იმარჯვებს:
„მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანი შემახვედრა. თემო თვითონაც სპორტსმენია, ერთად ვჭიდაობთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგებით და მომავალში დიდ წარმატებებს მივაღწევთ”, - ამბობდა “თბილისელებთან“ ინტერვიუში ლიპარტელიანი.
ეთერ ლიპარტელიანის განვლილი გზა
ეთერ ლიპარტელიანი ლენტეხში დაიბადა, სადაც მისი სპორტული კარიერა დაიწყო. 8 წლის ასაკში, გარშემომყოფების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შეძლო ძიუდოზე სიარული. 10 წლის ასაკში რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად და ვარჯიში მწვრთნელ, კახა მოცარიძესთან გააგრძელა.
ეთერი 2015 და 2016 წლებში ევროპის ზაფხულის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალსა და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ფინეთში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ასევე პირველი ადგილი დაიკავა 2019 წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოში. ამავე წელს, იჟევსკში გამგზავრებამდე მას სუპერვარსკვლავი უწოდეს.
2024-2025 წლებში ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ-სლემის გამარჯვებული ზედიზედ ორჯერ გახდა. 2024 წლის გამარჯვება ლიპარტელიანისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან ამ წარმატებასთან ერთად, მან ოჯახიც შექმნა:
„დაუჯერებელი ემოციებია. ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე, რა მოხდა ჩემს თავს – ჯერ ის, რომ ჩემპიონი გავხდი და ისტორიაში პირველმა ქართველმა ოქროს მედალი მოვიპოვე, რამდენიმე წამში კი საყვარელმა ადამიანმა ხელი მთხოვა. შეიძლებოდა, ის შეჯიბრება წამეგო და დაღონებული შევხვედროდი ხელის თხოვნას, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემპიონი გავხდი და ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით”, - ამბობდა ეთერ ლიპარტელიანი „თბილისელებთან“ ინტერვიუში.