TOP 8 ქართველი ქალი სპორტსმენი ქალი - Marao

ქალები, რომლებიც ისტორიას ქმნიან – TOP 8 ქართველი ქალი და გამარჯვების 8 ამბავი

2025-06-20 16:43:22+04:00

ქართული სპორტის ისტორიაში არაერთმა ქალმა  წარუშლელი კვალი დატოვა. მათმა გამბედაობამ, შრომისმოყვარეობამ და გამარჯვების წყურვილმა არა მხოლოდ ტიტულები და რეკორდები მოიტანეს, არამედ შთააგონეს თაობები, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართულიყო სპორტში. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ წარმატებულ ქართველ ქალ სპორტსმენებს, რომლებმაც მსოფლიო სპორტულ არენაზე ჩვენი ქვეყნის სახელი გააჟღერეს.

  •  სილამაზე და ნიჭი: ვინ არის 10 ყველაზე პოპულარული ქართველი სპორტსმენი გოგო 

ნონა გაფრინდაშვილი - ჭადრაკი

ნონა გაფრინდაშვილი, ქალი, რომელმაც მსოფლიო ჭადრაკი შეცვალა. პირველი ქალი, ვინც ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიიღო. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, 20-ზე მეტი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი, ჭადრაკის „ოსკარის“ ლაურეატი და საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი. საუკუნის საუკეთესო ქართველი ქალი სპორტსმენი, რომლის სახელი სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი.

nona-gaprindashvili

ნინო სალუქვაძე - მიზანში სროლა

ნინო სალუქვაძე, ქართველი სპორტსმენი, რომელმაც მიზანში სროლის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ის არის ოლიმპიური თამაშების სამგზის მედალოსანი, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი. ნინომ ოლიმპიური ოქროს და ვერცხლის მედლები სულ რაღაც 19 წლის ასაკში მოიპოვა, რაც მის წარმატებულ კარიერას შესანიშნავი დასაწყისი იყო. ის ასევე გახდა პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიადებზე მონაწილეობა 10-ჯერ მიიღო - უნიკალური მიღწევა, რომელიც ძალის, გამძლეობისა და პროფესიონალიზმის ნათელი მაგალითია.

nino_salikvadze

  • სილამაზე და ძალა, რომელიც სპორტულ ისტორიას წერს - წარმატებული ქართველი ქალები სპორტის სხვადასხვა სახეობაში

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

ალექსანდრა ჯაფარიძე,  პირველი ქართველი ქალი მთამსვლელი, რომელმაც კავკასიონის თითქმის ყველა მწვერვალი დაიპყრო. 1936 წელს დააარსა საქართველოს ალპური კლუბი. 1940 წელს მონაწილეობდა რთულ ექსპედიციაში, რომელიც მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში ქალის უპრეცედენტო მონაწილეობად ჩაითვალა. 68 წლის ასაკშიც უხელმძღვანელა ექსპედიციას მყინვარწვერზე.

მწერალი ლევან გოთუა ალექსანდრაზე წერდა: "ქალმა დაამხო ძველი განდეგილი ბერი და ისევ ქალმა აღმოაჩინა იგი - ალბათ, თავისი ძლიერების ხელმეორედ დასადასტურებლად."

aleksandra_japaridze

ლეილა მესხი - ჩოგბურთი

ლეილა მესხი ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელი, ქალთა წყვილში, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ფედერაციის თასის ფინალისტი. კარიერის დასრულების შემდეგ დააფუძნა ჩოგბურთის აკადემია, იყო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარე და ამავდროულად, აზერბაიჯანის WTA ტურნირის „ბაქოს თასის“ დირექტორი.

leila_meskhi

ქეთევან ლოსაბერიძე - მშვილდოსნობა 

ქეთევან ლოსაბერიძე, ერთადერთი ევროპელი მშვილდოსანი ქალი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა. 2-გზის მსოფლიო და 3-გზის ევროპის ჩემპიონი, 2-გზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

ketevan_losaberidze

ნინო დუმბაძე - ბადროს ტყორცნა

ნინო დუმბაძე, პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ბადროს ტყორცნაში მსოფლიო რეკორდები დაამყარა და მედეა ჯუღელის თანამედროვე იყო. 1939 წელს უკრაინაში მძლეოსნობის ჩემპიონატი მოიგო და ოთხჯერ გადააჭარბა მსოფლიო რეკორდს, თუმცა საბჭოთა ფედერაციის არაწევრობის გამო საერთაშორისო აღიარება ვერ მიიღო. 1943-1950 წლებში მიღებულ ყველა ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო 1952 წელს დაფიქსირებულია მისი პირადი საუკეთესო შედეგი,  1960 წლამდე კი იყო მსოფლიო რეკორდი.

nino_dumbadze

  • სტერეოტიპების წინააღმდეგ - ქართველი ძიუდოისტი ქალები 

ირმა ხეცურიანი - პარაფარიკაობა

ირმა ხეცურიანი  15 ოქროს მედლის მფლობელი პარამოფარიკავეა. აფხაზეთში დაიბადა, ომმა ოჯახი წყალტუბოში გადაასახლა.  ზურგის ტვინში არსებული სწრაფადმზარდი სიმსივნის გამო, ოპერაცია გაიკეთა, რამაც 18 წლის ასაკში მოძრაობა შეუზღუდა, მაგრამ 27 წლისამ, მეგობრების რჩევით, ეტლით დაიწყო ფარიკაობა. ექვსი თვეში უკვე შეჯიბრებაში მონაწილეობდა. 2017 წელს ახალგაზრდებში მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა, რის შემდეგაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის მედლები მოიპოვა. მსოფლიო თასზე კი 9 ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

irma_khetsuriani

ლიანა ჯოჯუა - შერეული საბრძოლო ხელოვნება

ლიანა ჯოჯუა პირველი ქართველი ქალია, რომელიც UFC-ში 61 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ჯოჯუამ ბოლო ბრძოლა 2024 წლის დეკემბერში ჩაატარა, როდესაც პირველ რაუნდში ბრაზილიელი ჟაკლინ ფერეირა დაანოკაუტა. 

ჯოჯუა პროფესიით მასწავლებელია. დამთავრებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი და ამასთან, აქვს მუსიკალური განათლება.

liana_jojua