მოდა ხშირად განიხილება, როგორც ტრენდების ცვალებადი ველი, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ცვალებადობას თავად წარმართავენ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა ანა ვინტური — ქალი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა Vogue-ის რედაქცია, ხედვა და კულტურული გავლენა. მისი Vogue-ში მისვლა 1988 წელს შეიძლება მივიჩნიოთ გლობალური მოდის მედიის გარდატეხის წერტილად. 2025 წლის ივნისში ანამ 37 წლიანი კარიერა Vogue-ში დაასრულა.
ანა ვინტურამდე Vogue იყო მაღალი კლასის, კლასიკური მოდის ჟურნალის ეტალონი. მისი გვერდები იყო ფორმალური და ინტელექტუალური, ხოლო ფოტოებსა და კონტენტში სჭარბობდა ხელოვნება. Vogue გათვლილი იყო ვიწრო აუდიტორიისთვის. მხოლოდ მოდის ექსპერტები და მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.
მიუწვდომელი ლუქები, განყენებული ფოტოგრაფია და მოდის ექსპერიმენტული შინაარსი Vogue-ის ელიტარულ იდენტობას ქმნიდა.
1988 წელს ბრიტანული წარმომავლობის მქონე ანა ვინტური გახდა ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორი. ანამ ჟურნალის პირველივე ნომერი განსხვავებული გარეკნით წარმოადგინა - მოდელი ჯინსებით და Christian Lacroix-ის კაბით, შემთხვევითობის ეფექტით და არა კამერიკენ მომზირალი. ეს ნაბიჯი მკაფიო გზავნილი იყო, რომ Vogue იწყებდა ახალ ეპოქას, სადაც მაღალი მოდა აღარ იქნებოდა მიუწვდომელი, ის ყველასთვის ხელშესახები უნდა გამხდარიყო.
ვინტურის ხედვით მოდა უნდა გამხდარიყოპ ყველსთვის თავისუფალი და ღია. მაღალი მოდა ყოველდღიურ სტილტან სინთეზში უნდა ყოფილიყო. ამასთან ანა ახალბედა დიზაინერებს მისცა შესაძლებლობა, რომ მოდის ინდუსტრიის ნაწილი გამხდარიყვნენ.
ანა ვინტური აქტიურად წარადგენდა ახალ მოდელებსა და დიზაინერებს. მისი მხარდაჭერით საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩნდნენ ალექსანდერ მაკქუინი, მარკ ჯეიკობსი, ჯონ გალიანო, ქეით მოსი და ნაომი კემპბელი. ის პირველი რედაქტორი იყო, ვინც მოდის ინდუსტრიაში კულტურული მრავალფეროვნების აუცილებლობა აღიარა და დააფასა.
ვინტურის ხელმძღვანელობით Vogue-ის ყდაზე გამოჩნდნენ არა მხოლოდ მოდელები, არამედ ცნობილი მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები და საზოგადო მოღვაწეები. ეს სიახლე აქცევდა ჟურნალს უფრო მასშტაბურ კულტურულ მოვლენად, ვიდრე მხოლოდ მოდის პუბლიკაციად.
Vogue-მა დაივიწყა ელიტისტური მოდა - დაიწყო ყოველდღიური სტილის გაშუქება, რეალურ ქალებზე ორიენტირებული ლუქების წარმოჩენა და ბრენდების ინტეგრაცია მაღალ მოდაში.
ანა ვინტურის ხელმძღვანელობით Met Gala გადაიქცა წლის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და კულტურულ მოვლენად. Met Gala-ს გავლენა სცდება მოდის ფარგლებს და მოიცავს პოლიტიკას, საზოგადოებრივ ტენდენციებს და ახალ იდეალებს.
ვინტური არა მხოლოდ მოდაზე, არამედ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზეც წერდა. ფემინიზმი, კლიმატის ცვლილება, რასობრივი თანასწორობა, ეს თემები მოდაში მხოლოდ ვინტურის შემდეგ გახდა დისკუსიის ნაწილი.