ჯადოსნური საშუალება მხოლოდ 3 ლარად: ზურა შევარდნაძის რჩევები, როგორ გამოვიყენოთ სარეცხის 72%-იანი საპონი - Marao

ჯადოსნური საშუალება მხოლოდ 3 ლარად: ზურა შევარდნაძის რჩევები, როგორ გამოვიყენოთ სარეცხის 72%-იანი საპონი

2025-07-01 14:56:25+04:00

"ბევრმა იცის 72%-იანი სარეცხის საპნის სიკეთეები, მებაღეობა კი ამ საპნის გარეშე არ არსებობს. მე სულ მაქვს, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, ბევრ რამეში ვიყენებ. 

  • პირველი - ძალიან კარგად იცავს ფრჩხილებს. თუ მიწასთან მუშაობამდე ამ საპნით ამოივსებთ ფრჩხილებს, აღარ გაგიშავდებათ. ძველი მეთოდია, ძველი მებაღეები იყენებდნენ.
  • მეორე - გარდა იმისა რომ იცავს, ძალიან კარგად ასუფთავებს ხელებს. თბილ წყალში სარეცხის საპნით რომ დაიბანთ ხელს, შემდეგ ამ წყლით შეგიძლიათ გაწმინდოთ ლიმონის ფოთლები, რომელიც ძალიან მარტივად ავადდება ქოთანში. ჩვენ ლიმონს სხვას არაფერს ვუკეთებთ, მხოლოდ ასე ვწმენდთ. 
  • მესამე - უებარი საშუალებაა ნაცართან ერთად ქვაბების გასათეთრებლად, ემალისა და ალუმინის ჭურჭლისთვის. 

ვჭრი პატარა კუბიკებად და ვაწყობ ქილებში, ვადა არ გასდის არასდროს, წლობით ვინახავ ასე. გახსოვდეთ ეს საშუალება და სულ ახლოს გქონდეთ", - ამბობს ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მებაღე, ზურა შევარდნაძე ვიდეოში, რომელსაც საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. 

shevardnadze

ზურა შევარდნაძის ისტორია და რჩევები 

ზურა შევარდნაძე ბოტანიკოსი, მებაღე და გარდენია შევარდნაძის მფლობელია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 2001 წელს. მიღებული აქვს ბიოლოგიის  მაგისტრის ხარისხი.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა  ყვავილების მაღაზიაში, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში; 2000 წელს გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ბონის უნივერსიტეტში, Rheinische Friedrich-Wilhelms-Universität Bonn, სწავლის პარალელურად მუშაობდა ადგილობრივ ბოტანიკურ ბაღებში, ბევრ ცნობილ ფლორისტთან, ლანდშაფტის დიზაინერთან და დეკორატორთან; 2004 წლიდან, საქართველოში დაბრუნებულმა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე წამოიწყო ახალი კონცეფციის ბაღის, გარდენია შევარდნაძის  მშენებლობა, რომელიც  ეტაპობრივად გაფართოვდა და დღეს არის ბაღი მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებით, სახელოსნოებით, ბაღზე მორგებული კაფეთი და სადღესასწაულო სივრცეებით.

  • "სანამ ასეთი და ამდაგვარი ამბები კიდევ ხდება, ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა" - ზურა შევარდნაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს 

წლების განმავლობაში, ზურაბ შევარდნაძის მოპოვებული და დამუშავებული მასალებით შეიქმნა  წიგნები: "ბაღში, როგორც სცენაზე" (2018), "მაი როის იქნება" (2021),  "ვინ მყავს უფროსი" (2022). თავს მიხეილ მამულაშვილის საქმის, ემოციური მებაღეობის გამგრძელებლად მიიჩნევს და ხშირად იმეორებს მისივე სიტყვებს:

"იყო მებაღე, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს იყო მადლიერი ადამიანი, რადგან არ შეიძლება იცხოვრო მცენარეებთან ერთად და არ გქონდეს გული მადლიერებით სავსე".

zura

ერთი ამბავი ზურა შევარდნაძის შესახებ

„ესმა ბებია ასკანელი თალაკვაძის ქალი იყო, ლადიმე ბაბუასთან ერთად წულაძეების ოჯახში, ბახვში 80 წელი იცხოვრა. ერთი ქალი, ქეთო და 4 ვაჟი, შალვა, შოთა, შაქრო და გაბილა გაზარდა. შაქრო და გაბილა ტყუპები იყვნენ. ახოვანი და კარგი შესახედები, ლაღები ყოფილან, მხიარულები და უსაშველოდ შრომისმოყვარე, დიდი ოჯახი ჰქონდათ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ძალიან მალე, ისე, როგორც თითქმის ყველა ოჯახში მოსულა წერილი, ორ უფროს ვაჟს, შალვას და შოთას ომში იწვევდნენ. მშვიდად შეხვედრია ბებია ამ ამბავს.

  • რეცეპტი: "ვინ არ სცადა, მისნაირი არავის გამოსდის... დედაჩემი ხშირად შეუძლოდაა, მაგრამ კუხე პომიდვრის სეზონზე ცოცხლდება და იმდენს ამზადებს, გამვლელ-გამომვლელსაც რომ ეყოფა " - მკვახე პომიდორი ნიგვზით ზურა შევარდნაძისგან 

ვახშამზე, შუაცეცხლთან ტყუპ ძმებს უთქვამთ, როგორ დავრჩებით შინ, როცა ჩვენი ორი ძმა ომში წავა, ჩვენც წავალთ და მათთან ერთად ვიომებთო. არ შეეწინააღმდეგა შვილებს მამა და ჰყვებიან, რომ ესმა ბებიამ მოუწონაო კიდეც გადაწყვეტილება ბიჭებს. ოზურგეთის რკინიგზის სადგურიდან გააცილეს ბახვიდან ბევრი ახალგაზრდა და ესმამ და ლადიმემ 4 ვაჟიშვილი ერთად ომში. ესმას კურცხალი არ გვინახავსო, ამასაც ჰყვებიან, იდგა გამეხებული და გულში ლოცულობდაო, თავისთვის…

სადგურიდან სოფელში ფეხით დაბრუნებულა ლამის მთელი სოფელი. დუაბზუში ესმა თანასოფლელებს გამოეყო და ასე ისურვა, ბჟუჯის რიყეს გაუყვა თურმე მარტო. რიყეზე უპოვია ნახვრეტიანი კარგად მოზრდილი ქვა, ცახოცისთვის ნაპირი ჩამოუხევია და გულზე დაუკიდებია.

ზუსტად ეს ამბავი არავინ იცოდა, ქვას საგულდაგულოდ მალავდა თავსაფრებისა და ხილაბანდების ქვეშ. ის კი ყველამ იცოდა, რომ სახლში დაბრუნებულს ლეიბი დაბლა ჩამოუგდია და ექვს წელიწადზე მეტი კაბაგაუხდელს ძელის ტახტზე ფარდაგზე ეძინა.

ომში წასული ბიჭების უმრავლესობა ქერჩში დაიხოცა, არ დარჩა ბახვში ოჯახი, რომელიც არ გლოვობდა. დაობლდნენ შვილები, დაქვრივდნენ ქალები, კვირაში ორჯერ, სამჯერ შეიცხადებდნენ თურმე ხან რომელ და ხან რომელ მეზობელს, მოყვარეს, ნათესავს.

ჩვენი სოფლიდან წასული 128 ჯარისკაცი არ დაბრუნებულა შინ. ესმა ბებიამ ყველა იგლოვა, ყველაზე შავი ატარა, ყველა შეიცხადა და საკურთხი უკეთა. თვითონ კი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ მისი ოთხივე შვილი დაბრუნდებოდა. ვერავინ ვერ უბედავდა შეკითხვას, ცხოვრობდა, შრომობდა, ელოდა...გაგრძელება