სოფი ლორენი ეკრანის ლეგენდა, ხუთგზის "ოქროს გლობუსის" მფლობელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იტალიელი მსახიობი, 90 წლის ასაკშიც არ კარგავს ახალგაზრდულ ენერგიას და შარმს.
სოფი ლორენი საკუთარ ცხოვრებას რამდენიმე პრინციპზე ამყარებს, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი ბედნიერებაა. როგორც თავად ამბობს, როცა სარკეში იხედება, დიდებულების დადასტურებას არ ეძებს. მისთვის მთავარი ისაა, თუ რას გრძნობს შინაგანად - სიმშვიდეს, კმაყოფილებას და თავდაჯერებას. ერთ-ერთ ინტერვიუში ღიმილით აღიარა:„ზოგჯერ უბრალოდ არ მჯერა… თავს 20 წლისავით ვგრძნობ.“
მიუხედავად იმისა, რომ ლორენი შვეიცარიაში ცხოვრობს და მისი ოჯახი - შვილები და შვილიშვილები, სხვა ქვეყნებში არიან, ის მუდმივად ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს მათთან. ტექნოლოგიების დახმარებით ის მუდმივ კონტაქტზეა ოჯახის წევრებთან. მისი თქმით, ოჯახი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
ლორენი თვლის, რომ ადამიანი უნდა შეიყვაროს საკუთარი თავი ისეთად, როგორიც არის. მისთვის მიუღებელია სხეულის ან პიროვნების შეცვლა მხოლოდ იმისათვის, რომ საზოგადოებრივ მოლოდინებს მოერგოს. მას მოსწონს ბუნებრივი დაბერება და აღიარებს, რომ თითოეულ ნაოჭს თავისი ისტორია აქვს. მისი აზრით, სწორედ ეს ქმნის ნამდვილ სილამაზეს.
სოფი ლორენმა დიდი ტკივილი გადაიტანა, როცა 2007 წელს მეუღლე, ცნობილი პროდიუსერი კარლო პონტი, გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დაკარგვამ ღრმა კვალი დატოვა, ლორენი ამბობს, რომ მსგავს ტკივილთან გამკლავება შეუძლებელია, თუმცა ესეც ცხოვრების ნაწილია - გაკვეთილი, რომელიც ყველა ადამიანმა საკუთარ გზაზე უნდა ისწავლოს.
ლორენის ახალგაზრდობის წყარო მისი საქმეა. ის არასდროს გაჩერებულა. მსახიობობა მისთვის უბრალო პროფესია არ არის - ეს ცხოვრების სტილია, სულის ნაწილი. „სოფია სამუდამოდ,“ - ამბობს ის ღიმილით და მიანიშნებს, რომ პენსიაზე გასვლა მის გეგმებში არ შედის.
როდესაც საუბარია სირთულეებზე, ლორენი გულწრფელად აღიარებს, რომ მის ცხოვრებაშიც ყოფილა იმედგაცრუება და სულიერი დაღლა. თუმცა ყოველთვის ახსენებს საკუთარ თავს: "იყავი ძლიერი, განაგრძე გზა, ისწავლე და იამაყე გამარჯვებებით".
სოფი ლორენის ცხოვრება არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა იცხოვრო ღირსეულად, თავდაჯერებით და სიყვარულით. მისი შინაგანი ენერგია, ოპტიმიზმი, საქმისადმი ერთგულება და ოჯახური ღირებულებების დაცვა დღესაც აღფრთოვანებას იწვევს. ის არ არის უბრალოდ ვარსკვლავი - ის არის ეპოქა, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას.
სოფი ლორენი, თეატრისა და კინოს იტალიელი მსახიობი, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი და საყოველთაოდ აღიარებული ვარსკვლავია. იგი არა მხოლოდ სილამაზისა და სტილის ეტალონად ითვლება, არამედ მე-20 საუკუნის საკულტო პიროვნებაცაა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მისი გამოჩენის დღიდან მისი სტილი და ჩაცმულობა მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალმა გადაიღო.
მსახიობის წარმატება სილამაზის კონკურსით დაიწყო, როცა დედამისმა ქუჩაში განცხადება ნახა: "გინდა, გახდე ზღვის პრინცესა? მიიღე მონაწილეობა კონკურსში!" მან შვილს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია, სადაც სოფიმ მეორე ადგილი დაიმსახურა. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კინოკარიერა. 1950-იანი წლების დასასრულს მან ითამაშა ფილმებში: "ბიჭი დელფინზე" და "სიამაყე და ვნება", სადაც თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.
"დაიმახსოვრეთ, რომ ქალურობა და თავდაჯერებულობა არასდროს გადადის მოდიდან" - ეს სოფი ლორენის ცხოვრების მთავარი კრედოა!