ფრანგი მსახიობი ალენ დელონი კინოს ლეგენდად ითვლება. ის იმ მსახიობთა შორისაა, რომელმაც მოახერხა ცუდი პერსონაჟებიც კი მომხიბვლელ ფიგურებად ექცია.
მომხიბვლელი მსახიობის ცხოვრება არც თუ ისე მარტივი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ალენ დელონი დაბადებული იყო იმისთვის, რომ ყველა მოენუსხა, თუმცა ხშირად მარტოსული იყო - ერთის მხრივ იყო ანგელოზიც და ეშმაკიც. ეს ორივე შეიკრიბა ალენ დოლონის გარშემო.
მოხიბველელი მსახიობის წინააღმდეგობრივი ბუნება, მის პირად ურთიერთობებზეც ახდენდა გავლენას. ბავშვობაში მიყენებულმა ჭრილობებმა მას მძიმე დაღი დაასვა. როდესაც მშობლები დაშორდნენ, დელონი აღსაზრდელად სხვა ოჯახს გადასცეს, რადგან ბიოლოგიურ მშობლებს დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ ცხოვრება.
„ძალიან პატარა ასაკში ვისწავლე, რას ნიშნავს განცალკევება, მიტოვება და მარტოობა... როგორ უნდა გაიგო, რომ მშობლები უბრალოდ დაგთმობენ ოთხი წლის ასაკში? მათთვის არ ვიყავი პრიორიტეტი. ოთხი წლის ვიყავი, როცა გამიშვეს... მშობლები ერთად არასდროს მინახავს. მამა ერთ მხარეს, დედა - მეორე მხარეს. მე კი - შუაში, კუნძულზე…“ — აღიარა მან 2018 წელს ჟურნალ Paris Match-თან მიცემულ ინტერვიუში.
ასე იქცა იგი ველურ და უბედურ ბავშვად, რომელიც ყურადღების მისაპყრობლად ყველაფერს აკეთებდა. ჩხუბებში ეხვეოდა, საშინელი მოსწავლე იყო, ხშირად აძევებდნენ სკოლებიდან, სახლიდან გარბოდა და ბოლოს 17 წლის ასაკში ფლოტში ჩაეწერა. ამ დროისთვის მისი აღმზრდელი მშობლები გარდაიცვალნენ და მეურვეობა ისევ ბიოლოგიურ მშობლებს დაუბრუნდათ, მაგრამ ბიოლოგიურ მშობლებს ახალი ოჯახები ჰქონდათ შექმნილი და აღარ ქონდათ დრო ალენი აღეზარდათ.
ბავშვმა, რომელიც ასე სასტიკად მიატოვეს, საბოლოოდ ტრაგიკულ გმირად იქცა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა ეპოვა სიყვარული, ის რაც ბავშვობაში დააკლდა. ალენ დელონი მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ფილმში გადაიღეს, მალევე იქცა სასურველ მამაკაცად, კინოს სიმბოლო, რაც აშკარად სიამოვნებდა.
ალენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი იყო მსახიობ რომი შნაიდერთან. მათი ურთიერთობა 1958 წელს ფილმ „კრისტინას“ გადაღებების დროს დაიწყო, წყვილი დაინიშნა, მაგრამ 1963 წელს დაშორდნენ.
"უნდა დაგემშვიდობო, ჩემო თოჯინა. ჰო, ასე გეძახდი, ჩემო პატარა თოჯინა. ახლა მეც შენსავით მარტო ვარ, შენს გვერდით ვზივარ და გიყურებ, როგორ გძინავს. გრძელი, შავი კაბა გაცვია, წითელი ნაქარგებით, მგონი ყვავილები უნდა იყოს, მაგრამ ყვავილების მაგივრად შენს სახეს ვუყურებ და პირველად გხედავ ასე დამშვიდებულს. თითქოს ვიღაცამ ყველა დარდი ერთი ხელის მოსმით მოგაშორა. ვფიქრობ შენზე, ჩემზე, ჩვენზე... ნუთუ ჩემი ბრალია?! ვიცი, რომ სიცოცხლე გინდოდა, ვიცი, რომ თავს არ მოიკლავდი, მაგრამ მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია იმ ტკივილის, რომელსაც გულით ატარებდი. გთხოვ, მაპატიე... მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი. ჩემო თოჯინა, გიყურებ, როგორ გძინავს და თვალს ვერ გწყვეტ. როგორ მინდა შენი ყველა ნაკვთი დავიმახსოვრო. არასოდეს ყოფილხარ ასეთი მშვიდი და მშვენიერი. გერმანული დღემდე არ ვიცი, მაგრამ შენ ერთი ფრაზა მაინც მასწავლე: “მე შენ მიყვარხარ”... ჰო, ძალიან მიყვარხარ, ჩემო თოჯინა. მე შენ ყოველთვის მეყვარები”, - ეს ალენ დელონის ყველაზე ცნობილი წერილია რომი შნაიდერისადმი, სადაც მათი დიდი სიყვარულისა და, ასევე, დიდი ტრაგედიის ნათლად ამოკითხვა შეიძლება.
„არის სიცარიელეები, რომლებიც არასდროს ივსება. როცა ქალთან ვიყავი, როცა მიყვარდა - მაინც მარტო ვგრძნობდი თავს. ეს მარტოობაა, რასაც მთელი ცხოვრება ვატარებდი, უდავოდ ბავშვობიდან მომყვება. მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ისინი, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს - შეიძლება მიგატოვონ,“ — აღიარა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.
სამწუხაროდ, მისმა შვილებიც - ანტონი, ალენ-ფაბიენ და ანუშკა, რომლებიც ჰოლანდიელ მოდელ როზალი ვან ბრეემენისგან ყავდა, ვერ შესძლეს დელონისთვის იმ ემოციური სიცარიელის შევსება, რასაც მთელი ცხოვრება გრძნობდა. დელონს, ასევე ჰყვდა შვილი ბულონი, რომელიც 1962 წელს შეეძინა გერმანელ მომღერალ და მსახიობ ნიკოსთან რომანის შემდეგ, თუმცა დელონმა იგი არასდროს აღიარა. ბულონი 2023 წელს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
განსაკუთრებით რთული იყო მისი ურთიერთობა ვაჟებთან, მუდმივ გაუცხოებას განიცდიდა.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ კარგი მამა ვიყავი. არც ის ვიცი, ვიყავი თუ არა კარგი ბაბუა ჩემი შვილიშვილებისთვის. მზად ვიყავი? არ მგონია..." - გულწრფელად აღიარა დელონმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
„მშობლების ყურადღება მოვიპოვე, მაგრამ სიყვარულს, რომელიც ასე მჭირდებოდა - ვერასდროს მივიღე. ორივე მაშინ მომიახლოვდა, როცა ცნობილი გავხდი. დედაჩემი თავს 'მადამ დელონს' უწოდებდა, მიუხედავად იმისა, რომ გვარად ბულონი იყო. ის ფანი გახდა, დედა აღარ იყო. რაც შეეხება მამაჩემს, ის მისი სიცოცხლის ბოლოს გამოჩნდა. მაგრამ ამით ვერ გამიყუჩა ის სიცარიელე რასაც ბავშვობიდან ვგრძნობდ.“ - ამბობდა დელონი.