სოფი ლორენი ლეგენდარული მსახიობი და ოსკარის მფლობელია, რომელმაც 70 წლის განმავლობაში 100-ზე მეტ ფილმში ითამაშა. მისი ბოლო ფილმი, *The Life Ahead*, გამოვიდა 2020 წლის 6 ნოემბერს, Netflix-ზე.
სოფი ლორენი ერთ-ერთ ინტერვიუში მის წარსულს იხსენებს, ამბობს, რომ რთული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, იპოვა თავდაჯერება, რომლითაც დღემდე ამაყობს. გთავაზობთ სოფი ლორენის სრულ ინტერვიუს, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა და სადაც მთელი განვლილი გზა გაიხსენა.
„დავიბადე 1934 წელს. მე და ჩემი და მარტოხელა დედამ გაგვზარდა. ის არასდროს ყოფილა დაქორწინებული ჩვენს მამაზე. ჩვენ ვცხოვრობდით პატარა სახლში ბებიასთან, დედასთან და ბიძებთან ერთად. ომისგან დანგრეულ იტალიაში ცხოვრება - დაბომბვები, შიმშილი და არეულობა - ჩემთვის და ჩემი დისთვის ისე მძიმე არ იყო, როგორც ის დამცინავი სიტყვები, რასაც სკოლაში სხვა ბავშვებისგან ვისმენდით, ან ის მზერა, რასაც ქუჩაში უფროსებისგან ვგრძნობდით. ყველასთვის უცხოები ვიყავით. დაგვცინოდნენ და გვიწუნებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ დედა არ იყო დაქორწინებული.
დედას ყველა შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენიებდნენ და სიტყვა „მეძავი“, ალბათ, ყველაზე რბილი იყო მათ შორის. სახლში მე და ჩემს დას არ გვესმოდა ასეთი სიძულვილის არსი, მაგრამ დედამ გვასწავლა, რომ ძლიერები ვყოფილიყავით.
ეს მარტივი არ იყო.
როცა დედასთან ერთად რომში გადავედი, რომ მსახიობის კარიერა დამეწყო, სულ რაღაც 16 წლის ვიყავი. გადაღებებზე მეუბნებოდნენ, რომ კინოში წარმატების მიღწევა თუ მინდოდა, ცხვირი უნდა გამესწორებინა, ტუჩებიც უნდა მომეწესრიგებინა.
საკმარისად პატარა ვიყავი, რომ მათ სიტყვებს გული ეტკინა, მაგრამ საკმარისად დიდი, რომ მივმხდარიყავი - ჩემს გარეგნობას არასდროს შევიცვლიდი. როცა საკუთარი თავი მივიღე ისეთი, როგორიც ვიყავი, სწორედ მაშინ გახდა ჩემი სახე ლამაზი სხვებისთვისაც. არანაირი ცვლილება არ შემიტანია, მხოლოდ ერთი - შევიცვალე დამოკიდებულება. და ჩემს თვალებში ეს ახალი თავდაჯერება აისახა. ეს თავდაჯერება იყო ჩემი კარიერის საძირკველი.
ჩემსა და ჩემს მეუღლეს, კარლო პონტის შორის ურთიერთობა იმით იყო წარმატებული და ხანგრძლივი, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ერთდროულად ვიყავით ცოლ-ქმარი, პროდიუსერი და მსახიობი, დედა და მამა - და უპირველესად, მეგობრები. ეს მრავალფენოვანი ურთიერთობა ცხოვრებას ღირებულს ხდიდა. ის, რაც ამ კავშირს განსაკუთრებით ამყარებდა, იყო, როგორ მოიქცა კარლო ჩემ მიმართ, როგორც ქალის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იმ თაობის იყო, სადაც ქალებს ტრადიციული როლები ერგებოდათ, ის პროგრესულად აზროვნებდა.
მიუხედავად წარმატების და კარიერული წინსვლისა, დედობა ძალიან მინდოდა. მსურდა, მყოლოდა ოჯახი, რომელიც ბავშვობაში არასდროს მქონია.
ძალიან მძიმე იყო არაერთი მუცლის მოშლა, ვიდრე ჩემი ორი ვაჟი ამ ქვეყნად მოევლინებოდა. ისე ძალიან მინდოდა დედობა, რომ როცა მათ დაბადებას ვიხსენებ, სიხარულის ცრემლები მდის. რთული იყო მუშაობა და ოჯახური ცხოვრება, მაგრამ მაქსიმუმს ვაკეთებდი.
ქმართან მუშაობა დიდ სიხარულს მანიჭებდა, მაგრამ ჩემს შვილ ედუარდოსთან თამაში კიდევ უფრო დიდი ჯადოსნობა იყო. საოცარი შეგრძნებაა, როცა შეგიძლია შვილთან ერთად რისკზე წასვლა, რაღაცის შექმნა, როცა ის შენი რეჟისორია და როცა სამუშაო გარემო კრიტიკისგან თავისუფალია. ჯერჯერობით სამჯერ ვიმუშავეთ ერთად. განსაკუთრებული კი ბოლო ფილმი „The Life Ahead“ იყო, რადგან როლში, რომელიც განვასახიერე, მადამ როზაში, დედაჩემის სახე ვნახე: ის თავხედობა, სიძლიერე, მაგრამ, ამავე დროს, სიფაქიზე და სიბრძნეც. მეჩვენება, რომ ამ ფილმით ორ ყველაზე ძვირფას რამეს შევხვდი: ოჯახსა და ჩემს პროფესიას.
86 წლის ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი. ახლა კი შემიძლია ვთქვა — კარგი ცხოვრება მქონდა. იღბალიც მქონდა, მაგრამ ყველაფრისთვის მძიმე შრომაც გავწიე. ეს ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ის, რაც ღირებულია, იშვიათადაა მარტივი“ - ამბობს სოფი ლორენი ინტერვიუში.