"და, აი, დადგა ის დღე, როცა გიყვებით, როგორ დავიკელი 80 კილოგრამი" - დეტალური ინსტრუქცია და შთამბეჭდავი გარდასახვა იაკო ჭალაგანიძისგან - Marao

"და, აი, დადგა ის დღე, როცა გიყვებით, როგორ დავიკელი 80 კილოგრამი" - დეტალური ინსტრუქცია და შთამბეჭდავი გარდასახვა იაკო ჭალაგანიძისგან

2025-07-22 11:38:19+04:00

"და, აი, დადგა ის დღე, როცა თავიდან გიყვებით, როგორ დავიკელი 80 კილოგრამი. ზუსტად 5 წლის წინ დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება. შეინახეთ ეს ვიდეო მოტივაციისთვის. 

ეს ყველაფერი დაიწყო სამშაბათს, არ დავლოდებივარ ორშაბათს. დავიწყე 18-საათიანი დიეტა. მაშინ არ ვიცოდი, ზუსტად რა როგორ უნდა გამეკეთებინა. 9 თვის მანძილზე შევისწავლე ჩემი ორგანიზმი და მივხდი, რა უფრო ეფექტური იყო. ახლა თქვენ ამ ყველაფერს გიზიარებთ.

  • "ვიკვებებოდი 10:00 და 16:00 საათზე, პირველ კვებაზე ყველაფერს ვჭამდი, მეორედ კი ცილოვან საკვებს ვიღებდი..." - იაკო ჭალაგანიძე, რომელმაც 73 კილოგრამი დაიკლო, ახლა სხვებს უსასყიდლოდ ეხმარება 

ბევრს 18-საათიანი დიეტა არასწორად ესმის. მე ვიკვებებოდი 10:00 საათზე და 16:00 საათზე. თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ 11:00 საათი და 17:00 საათი, ან 12:00 საათი და 18:00 საათი.

  1.  გაღვიძებისას ვსვამდი 1 ჭიქა წყალს. 
  2. პირველად ვიკვებებოდი 10:00 საათზე. 9 თვის მანძილზე არ ყოფილა დღე, როცა ეს რეჟიმი დავარღვიე. ვიკვებებოდი იმით, რაც სახლში გვქონდა. ვახშმისთვის მომზადებულ გემრიელობას მე დილისთვის ვინახავდი ხოლმე, მაგალითად, დილით მიჭამია აჩმა, ლობიანი, მწვადი, ქათამი, აჯაფსანდალი - ადეკვატური რაოდენობით. 
  3. 4 საათამდე არაფერს ვჭამდი, ერთ ცალს მზესუმზირასაც კი. მხოლოდ ვსვამდი წყალს - 30 კილოგრამზე 1 ლიტრი წყალი. იცოდეთ, რომ ამ დროს იცლებით ზედმეტი შლაკებისგან. წყალი მეხმარებოდა, რომ არაფერი მეჭამა და არ მომშივებოდა. ამის პარალელურად, ყოველ დღე დავდიოდი ფეხით, სწრაფი ნაბიჯებით, ერთი საათით. ოპერაცია რომ არ დამჭირდა და კანი არ მომეშვა, ამ სიარულის დამსახურება მგონია. 
  4.  4 საათზე კვებას რაც შეეხება, ვჭამდი იმას, რაც სახლში იყო. არ ვაკეთებდი ცალკე ჩემთვის და არ ვითვლიდი გრამებსა და კალორიებს. უბრალოდ ვცდილობდი, რომ ცილოვანი საკვები მიმეღო. არაფერი ამომიღია მენიუდან. არაფერი მომნატრებია, ორგანიზმი სტრესში არ იყო და მარტივად ვიკლებდი. 

ძალიან მინდოდა რომ ეს ვიდეო ბაკურიანიდან ჩამეწერა, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო -  აქ მეორედ დავიბადე, ჩემი მეორე ცხოვრება დაიწყო", - ამბობს იაკო ჭალაგანიძე. ის აღნიშნავს, რომ დახმარებისთვის მზადაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისწეროს დამატებითი კითხვებისთვის. 

  • "ვთქვი, რომ აი, გაჩვენებთ, თუ როგორ არ შემიძლია!" - იაკო ჭალაგანიძე - ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო

"მინდა, ყოველთვის ვიყო თქვენი მოტივაცია, მინდა, დაგანახოთ, საიდან სად შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი. ვერასდროს ვიოცნებებდი, რომ ამ ზომის ქვედაბოლო ჩამეცვა. მთელი ცხოვრების მანძილზე ვიკერავდი ტანსაცმელს, რადგან ჩემი ზომის არ იყიდებოდა. აქვე გეტყვით, რომ წონაში ბედნიერება არ არის! 140 კილოგრამი ბევრად უფრო ხალისიანი ვიყავი, ვიდრე ახლა. ყველანაირი წონის ადამიანი არის ლამაზი!"

iako_chalaganidze

იაკო ჭალაგანიძის გამოცდილება და საოცარი ტრანსფორმაცია 

ას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების, განსაკუთრებით კი ინსტაგრამ და ტიკტოკ პლატფორმების პოპულარობა გაიზარდა, ხალხმა "ჩვეულებრივი" ადამიანებიც გაიცნო და შეიყვარა. ადამიანები, რომელთა ცხოვრება, გამოცდილებები და რჩევები ხშირად დიდი მოტივაციის წყარო ხდება. ისინი ყოველდღე ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველა ოცნების ახდენის უნდა ვირწმუნოთ.

  • "-30 კილოგრამი მშობიარობის შემდეგ" - "სუხიშვილების" მოცეკვავის, მარიამ მათიაშვილი შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია: როგორ დაიკლო ზედმეტი წონა 

სწორედ ასეთი ადამიანია ინტერნეტ მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი იაკო ჭალაგანიძე, რომელიც გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას ყოველდღიურად უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეძლო, პანდემიის დროს 18 საათიანი კვების რეჟიმითა და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობით სასურველ ფორმაში ჩადგომა. ის დღეს სოციალური ქსელების მეშვეობით ეხმარება სხვებს ოცნებების ახდენაში და ხალხს ცილებს, მეტ სიარულს და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას აყვარებს. იაკო საერთო მიზნისკენ მიმავალ ქალებს, პირადი შეტყობინებების გარდა, Facebook-ის დახურულ ჯგუფში ესაუბრება და ცდილობს, მოტივაციის გაზრდაში დაეხმაროს.