კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერების რიცხვმა თითქმის 5000-ს მიაღწია და მათი უმრავლესობა ჰიტია. ამბობს, რომ 25 წლის წინ დაწერილი სიმღერები ახალ თაობასაც მოსწონს და კონცერტებზე მათზე დიდი მოთხოვნაა. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, მან შეძლო ყველაზე მთავარი - თავისი შემოქმედებით მსმენელამდე მივიდა.
ამჯერად რუსა მორჩილაძე ჟურნალ "თბილისელების" რესპონდენტია. მან ცხოვრებისა და კარიერის მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა და გაიხსენა ის სირთულეები, რაც ბოლო წლებში გაიარა:
„ბოლო წლებია, სულ რთული პერიოდი დგას ჩემს ცხოვრებაში და აღარ დამთავრდა. სირთულეში ბევრ რამეს ვგულისხმობ, ათასნაირ ფიზიკურ თუ სულიერ განსაცდელს. მათ შორის, სმენის პრობლემას.
წარმოიდგინეთ, 8 ოპერაცია გადავიტანე და ახლობლები მეხუმრებიან, შენ, მგონი, ორგანოებით ვაჭრობო. პრობლემები იყო, პრობლემები არის, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო. მეგონა, უფრო ძლიერი ვიყავი, მაგრამ არ ვყოფილვარ.
55 წლის ვარ და დამშალა ამდენმა განსაცდელმა, ძლიერი ვერ გამოვდექი. საბედნიეროდ, ახლა არა მიშავს და ცუდზე საუბარი არ მინდა. არ მიყვარს საკუთარ პრობლემებზე საუბარი და ადამიანებისთვის ნეგატივის გაზიარება. მინდა, ყველასთვის ღიმილიანი და პოზიტიური რუსა ვიყო…“
რუსა მორჩილაძე 1970 წლის 30 მაისს დაიბადა. ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა ამ სურვილს მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. ეუბნებოდნენ, მძიმე ხასიათი გაქვს და რეჟისორებთან მუშაობა გაგიჭირდებაო.
მიუხედავად ამისა, დიდი სცენაზე გამოსვლა 6 წლის ასაკიდან დაიწყო და არაერთი სიმღერა აჩუქა ქართველ მსმენელს. უდიდესი წვლილი კი მუსიკალური კუთხით განვითარებაში რუსას ბიძას, ყველასათვის ცნობილ ლოტბარს, ომარ კელაპტრიშვილს მიუძღვის, სწორედ მისი თხოვნით ჩააბარა მუსიკალურ სასწავლებელში.
საწყისი ნაბიჯები „კელაპტარსა“ და კვარტეტ „თოლიაში“ გადადგა. მალევე მოუწია ისეთ ლეგენდებთან შეხვედრა, როგორებიც გია ყანჩელი, ჯანო კახიძე და რობერტ სტურუა იყვნენ...
მომღერლის თქმით, ძალიან უყვარს საინტერესო და სწორი ენერგეტიკის მუსიკა. სწორედ ასეთ მუსიკას ქმნიდნენ კვარტეტში „თოლია“. ამ პერიოდში გაიცნო ლელა წურწუმია, რასაც მრავალი დუეტი და ახალი სიმღერები მოჰყვა.
"ყველა ადამიანის ცხოვრება ინდივიდუალურია, თუმცა საფუძველი გამოცდილებისა ოჯახიდან მოდის. საკმაოდ ჯანსაღი სიტუაცია იყო ჩვენს ოჯახში. დედაჩემისა და მამაჩემის უსიამოვნება თითქმის არ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ წყნარი და მშვიდი არც ერთი არ არის. ორივე საკმაოდ ემოციური ადამიანია. მამაჩემი, მურად მორჩილაძე, ძალიან კარგი ინჟინერია. სულ ახალგაზრდაა, გული არ უბერდება. მღერის, ცეკვავს, ქეიფობს, ცოტა იპრანჭება კიდეც. შენიშვნას რომ ვაძლევ, რა იყო, ბებერი ხომ არ გგონივარო, მეუბნება. დედამ ბიოქიმიური დაამთავრა, მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია. სულ მუშაობდა, დარბოდა წინ და უკან, გასტროლებსა და რეპეტიციებზე დამატარებდა. ახლა პენსიონერია და მიმძიმს დედაჩემზე ამის თქმა. ძალიან აქტიური ქალი იყო ყოველთვის. შოკოლადის ქარხანაში მუშაობდა.
„მძიმე სულიერი მდგომარეობა, ფიზიკური ტანჯვა, ყველაფერი გავიარე, მაგრამ ფეხზე ვდგავარ… ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ყველაზე ძალიან რაც მჭირდებოდა, შემექმნა პრობლემა – სმენაზე. ამ დაავადებას ჰქვია ოტოსკლეროზი. თითქმის ორივე ყურში განვითარდა, სმენის 70% დამაკლდა. ეტაპობრივად ვატყობდი ცოტ-ცოტას. ბოლოს ძალიან რომ შევწუხდი, ჩემმა მეგობარმა ძალისძალად მომიგვარა ყველაფერი, გერმანიაში გამიშვა და ორივე ყურზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ორივე ყურში იმპლანტები მაქვს. ახლა კარგი სმენა მაქვს, მაგრამ იყო პერიოდი, რომ მანქანების ხმა არ მესმოდა ქუჩაში. ასე ზუსტად არავინ იცის, რამ განაპირობა ეს დაავადება, მაგრამ მივიჩნევ, რომ ყველა ჩემი დაავადება ჩემი ხასიათის ბრალია. ძალიან დიდი ამპლიტუდა აქვს ჩემს განცდებს…
გავიკეთე რამდენიმე ოპერაცია სამი წლის განმავლობაში, ალბათ, ოთხი. სტრესები და ჩემი ნერვიულობები აქაც მოვიდა და კაპილარული კარცინომის ოპერაციაც გავიკეთე. ახლა ცოტა ხმაზე მაქვს პრობლემა, მაგრამ ალბათ, გადავლახავ ამასაც…“