ჟურნალისტი ნინო ხაჟომია უკვე არაერთი წელია, რაც საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეა. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ის განსხვავებულ თემებს აშუქებდა, თუმცა ყოველთვის ღიად გამოხატავდა თავის მხარდაჭერას ქალების მიმართ. მაყურებელს მან თავი ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის იმიჯით დაამახსოვრა.
მოგვიანებით ნინომ ძალები აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროში მოსინჯა და ბიზნესში გადაინაცვლა. ნინო 2020 წელს აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების რედაქტორად დანიშნეს, მას შემდეგ კი ეკრანიდან უფრო მეტად კულისებში გადაინაცვლა და მოგვიანებით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.
"ერთადერთი ქალი ვარ საქართველოში, რომელიც ამ სიმაღლეზე ბიზნესს აკეთებს. წელს მეზობლები მეუბნებოდნენ: ვა, ქალის კვალობაზე, ყოჩაღ შენო. მე ვფიქრობ, საკაცეთს დავუმტკიცე, რომ ქალებსაც შეგვიძლია იმ საქმის კეთება, რომელიც მამაკაცებთან ასოცირდება. საზოგადოების რეაქციას რაც შეეხება, მთელი ცხოვრება ჟურნალისტიკაში ვარ და ვიცი, რაც უნდა კარგი გააკეთო, მაინც ყველაზე ცუდი ხარ, ამიტომ ამაზე ყოველთვის იმუნიტეტი მქონდა", - ამბობდა ნინო ხაჟომია.
ახლა ნინო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, მაგრამ ამჯერად არა პროფესიული საქმიანობის გამო - ის ცხოვრების რთულ ეტაპს გადის და მძიმე სენს ებრძვის, ამის შესახებ კი ღიად საუბრობს.
"პირველი ეტაპი არის აღიარება, უნდა აღიარო რაც გჭირს. მე რომ ვამბობ, რომ კიბო მაქვს, ეს უკვე აღიარებაა. მეგობრები მეჩხუბებიან, რატომ ამბობ, რომ კიბო გაქვს, ადამიანი ხომ ამბობს, როცა რამე სტკივა, წონაშია მომატებული, მე რატომ არ უნდა ვთქვა? - ეს აღიარება ბრძოლისთვის შემართებას მაძლევს.
სანამ მეტყოდნენ, ტვინში უკვე ვიცოდი, რომ კიბო მქონდა. მთელი ცხოვრების მანძილზე ველოდებოდი კიბოს და ვიცოდი, რომ კიბო უნდა მქონოდა. ერთი დეიდა ძუძუს კიბოთია გარდაცვლილი, მეორეს რემისია აქვს ოცწლიანი. თან როგორი მოწესრიგებულად ვაკეთებდი, იცით? 6 თვეში ერთხელ ვიმოწმებდი თავს. 100 პროცენტით ვიცი, რომ მე დავმართე საკუთარ თავს. ახლა, ამ გადმოსახედიდან, სხვანაირად წარვმართავდი ჩემს ფიქრებს. იქ მივდივართ და ის გვემართება, რისიც გვეშინია. ყველა შიშს სიკვდილის შიში უდგას უკან, არ არსებობს სხვა შიში.
ქალებს მინდა ვუთხრა, არ იტირონ და არ აღიქვან ეს, როგორც განაჩენი. ძალიან კარგი წლები გელოდებათ წინ და მოდით, 6 თვე გადავდოთ და ვიმკურნალოთ.
მე მივხვდი, რატომ დავიწყე მთაში სიარული, ეს იყო ჩემი გლოვის რიტუალი, მარტო ვრჩებოდი საკუთარ თავთან. მეშინია, როგორ აისახება ეს ექვსი თვე ჩემი დარჩენილი ცხოვრების ხარისხზე.
ემოციებს, ადამიანებს ფერებით აღვიქვამ, გემოც ასეა ჩემთვის. კარიერიდან არაფერი დამრჩა, დროის ფუჭი დანახარჯია. ჩემი 21 წლის შვილი რამდენიმე თვის წინ მომიტრიალდა და მითხრა - დე, ყოველთვის ყველაზე ძალიან რომ მჭირდებოდი, მაშინ შენ იყავი სამსახურშიო. მარტო ვიყავი, როცა გავიგე, რომ კიბო მაქვს, იმ დღიდან არ დამიშვია სხვა გამოსავალი, რომ მე მექნება რემისია, მერე რა იქნება, არავინ იცის. პატარამ შვილი 13 წლის არის, მკითხა, დე, ხომ არ მოკვდებიო... უფროსი შვილი 21 წლის არის, ერთად გავიზარდეთ, მეგობრები ვართ.
ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ამას არასოდეს ვამჟღავნებ. ვკლავ, სადღაც ვაგდებ, უკან. არაფერი არ ხდება ცხოვრებაში კანონზომიერების გარეშე, ეს ჩემი „ვირუსიც“ კანონზომიერებაში ჯდება. რაღაც უნდა მასწავლოს. ჩემს შვილებს ვეფერებოდი, როცა ეძინათ, არ ვაძლევდი ემოციებს გამოხატვის საშუალებას.
ვიყავი უხეში, არარომანტიკული, დამოუკიდებელი ქალი. როგორც კი უარი თქვა სხეულმა ამ პერსონაჟის თამაშზე, იმ წუთას გაჩნდა კიბო. რაში მჭირდებოდა პოპულარობა, რა, ბომონდურ წვეულებებსა და პრეზენტაციებზე დავდიოდი? დროის ხარჯვაა... სხვა რამით ჩაანაცვლე, იოგით დაკავდი, ერთი ფურცლით მეტი წაიკითხე, ერთით მეტი ენა ისწავლე. ორ თვეში ტვინმა დაისვენა.
ერთადერთი, რაზეც ჩავიციკლე, არის ის, რომ ადრე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, როგორი კომბინეზონი მეცვა, ვიდრე ის, თუ რამდენად ჯანსაღ საჭმელს ვჭამდი. ახლა ChatGPGT-ს ვეკითხები ყველაფერს ჯანსაღ კვებაზე. ორი მკერდი მოვიკვეთე, "ანჯელინა ჯოლის ოპერაცია" გავიკეთე, იმაზე შიშით, რომ არ მინდა მთელი ცხოვრება ჩავსვა ჩარჩოში, რომ რეციდივის შიშით ვიცხოვრო, თუმცა არ იყო ამის საჭიროება", - ამბობს ნინო ხაჟომია ინტერვიუში.