„17ივლისს ჩვენი ქორწინებიდან 15 წელი გავიდა. ამ დღეს თავადაც ვსაუბრობდით, თუ რამდენი გამოვიარეთ და რამდენი რამ მოხდა ამ 15 წლის განმავლობაში. რეალურად მივხვდით, რომ მართლა დროსა და სიტუაციაში გამოიცადა და გამოიწრთო ჩვენი ურთიერთობა. პირველ რიგში, ეს ყველაფერი დაფუძნებულია ძალიან დიდ სიყვარულსა და ნდობაზე. ჩვენც არ გვჯერა, რომ ამდენი წელი გავიდა.
ამ დროის განმავლობაში კრიზისულ ეტაპებად შეიძლება ჩაითვალოს, როცა საქმე კარიერას ან ჯანმრთელობას ეხება. ოჯახში თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, ეს საერთო პრობლემაა და ყველანი ერთობლივი ძალებით ვცდილობთ მის გადალახვას. პრინციპში, ბევრს გავუძელით და ამით უფრო გავძლიერდით“, – ამბობს გვანცა დარასელია „სარკესთან“ ინტერვიუში.
გვანცა დარასელია 1989 წლის პირველ სექტემბერს დაიბადა. არის ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი. 2008 წელს წარადგინა საქართველო "მის სამყაროზე". 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში. ჰყავს მეუღლე, ბიზნესმენი ვახო მჭედლიძე და ორი შვილი, ერეკლე და ლილე.
გვანცა დარასელია ტელეწამყვანის ამპლუას 15 წლის მანძილზე ირგებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მშობლიური არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო: "ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.
"ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.
გვანცა ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას მისი ოჯახის წარმატების შესახებ საუბრობდა: "ჩემმა ოჯახმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეძლო და პრაღაში ქართული რესტორანი გახსნა. ძალიან დიდი შრომა და რესურსი ჩაიდო ამ საქმეში. ჩვენმა მონდომებამ გაამართლა და ეს ძალიან გვახარებს. ამ საქმით ჩემმა მეუღლემ აიხდინა თავისი დიდი ოცნება. ჩვენ ორივე ვითარდებით ცალ-ცალკეც და ერთადაც. ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ერთმანეთის ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ. გვაქვს ერთობლივი მიზნები, რომლებიც გვინდა განვახორციელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი საქმის გამო გარკვეული ნაწილი ცალ-ცალკე გვიწევს ყოფნა", - ამბობდა გვანცა დარასელია.