ერთი ფოტოს ისტორია: ლეგენდარული კადრი და ამბავი 4 გენიალური ქართველი ქალის შესახებ - Marao

ერთი ფოტოს ისტორია: ლეგენდარული კადრი და ამბავი 4 გენიალური ქართველი ქალის შესახებ

2025-08-07 14:52:08+04:00

დოდო ჭიჭინაძე, მედეა ჩახავა, მარიკა ბარათაშვილი და ლეილა აბაშიძე - ალბათ, შეუძლებელია, საქართველოში ვინმემ ეს სახელები არ იცოდეს - 4 გამორჩეული ქალი ქართული ხელოვნების კვალდაკვალ. ეს კადრი ნაკლებადაა ცნობილი, ჩვენ კი ამ ისტორიული ფოტოს მიღმა, მოგიყვებით საინტერესო ამბებსა და ისტორიებს მათ შესახებ, ვინც განსაკუთრებული ეპოქა შექმნა. 

leila_abashidze

დოდო ჭიჭინაძე - უიღბლო სიყვარული, 2 ქორწინება და უშვილობა

დოდო ჭიჭინაძე საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მსახიობია. მან განასახიერა ოცდაათამდე თეატრალური და არაერთი კინოროლი. 

„საკუთარი თავით კმაყოფილება არასოდეს მიგრძნია, მუდამ ახლის ძიებაში ვიყავი. რა თქმა უნდა, ქალისთვის სილამაზე დიდი განძია, მაგრამ ჩემთვის უფრო ფასეული სულიერი მშვენიერებაა. ულამაზესი და უნიჭიერესი მსახიობების გვერდით მომიწია ცხოვრება და როცა ვხედავდი, რომ ისინი კარგად თამაშობდნენ, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი“,- ამბობდა ჭიჭინაძე.

  • ბავშვობა

"უბედნიერესი ბავშვობა მქონდა, განებივრებული ვიყავი. ერთხელ მამაჩემის ამხანაგმა ჩამომიტანა ლაკის ფეხსაცმელები და რა ბავშვი ვიქნებოდი, თუ ერთი საათით მაინც არ წავიდოდი მდინარეზე და კარგად არ გავრეცხავდი წყალში ამ ფეხსაცმელებს. რეცხვის დროს მდინარემ ცალი ფეხსაცმელი წამართვა, ვეღარ დავიჭირე".

  • იმედგაცრუებული სიყვარული

პირველი სიყვარული 16 წლის ასაკში ეწვია. მამის მეგობრის ვაჟს, ახალგაზრდა გენერალს და დოდო ჭიჭინაძეს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდათ. როცა პატარა გოგონა ვარსკვლავად იქცა, შეყვარებული გენერლისთვის ნათესავებს უთქვამთ, მსახიობი მეუღლედ არ გამოგადგებაო და ცოლად სხვა შერთეს. პირველი სიყვარულით იმედგაცრუებულმა მსახიობმა ნაჩქარევი ნაბიჯი გადადგა და გათხოვდა. ძალიან მალე მიხვდა, რომ მასთან ცხოვრება არ შეეძლო და ქმრის ოჯახი დატოვა. გენერლის ქორწინებაც უიღბლო გამოდგა. ცოლს მალევე გაშორდა და თავისი შეცდომის გამოსწორება სცადა.

  • პირველი ქორწინება

მისი პირველი მეუღლე, ცნობილი ფეხბურთელი მიხეილ ჯოჯუა იყო. 19 წლის ვიყავი, როდესაც გათხოვდა, მაგრამ მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.

"სულ ორწელიწად-ნახევარი ვიყავით ერთად.... რომ იტყვიან, იძულებით ვცხოვრობდი მასთან სახლში, ძლივს გავძელი მთელი ის პერიოდი. მერე გამოვიქეცი, მაგრამ იმდენი ვინერვიულე, რომ ავად გავხდი, ტუბერკულოზი ავიკიდე. საერთოდ აღარ მინდოდა მამაკაცის დანახვა, ხსენებაც კი შემძულდა. სიყვარულით სავსე წერილებს მწერდა. მეხვეწებოდა, ცოლად გავყოლოდი, ყველაფერი მეპატიებინა, მაგრამ ვერ შევძელი იმ ტკივილის დავიწყება.

  • პირველი ქალი გამომგონებლები: ქალები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს 

მაშინ ჩემი მეგობარი, მედეა ჯაფარიძე, დამიდგა გვერდით და ყველაფერი მისმა თანაგრძნობამ, სიყვარულმა გადამატანინა. განქორწინების შემდეგაც მედიკო მყავდა გვერდით. საერთოდ, ქალი რომ შეცდომას დაუშვებს, მერე კარგად უნდა დაფიქრდეს. განათხოვარი რომ ვიყავი, სულ მეშინოდა, ვინმეს ცუდად არ შემოეხედა, რაიმე არ ეთქვა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ მეორედ გვიან, 45 წლის ასაკში გავთხოვდი".

  • მეორე ქორწინება

"მეორედ როცა გავთხოვდი, უბედნიერესი ქალი ვიყავი. ქმარი, ალექსანდრე ბუზოღლი, ჩემზე 12 წლით უფროსი იყო, უგანათლებულესი პიროვნება, დიდი ინჟინერი. აბსოლუტურად ყველა ენა იცოდა, სადაც ჩავიდოდა, იმ ენაზე თავისუფლად საუბრობდა. ყველაფრით მაოცებდა. მასთან ბოლომდე ერთად ვიყავით. ძალიან ბევრს შრომობდა და გულმა ვეღარ გაუძლო. მთელი მსოფლიო ჰქონდა შემოვლილი და მეც მომატარა. ის ჩემი ბიძაშვილის, დათო ჭიჭინაძის, მეგობარი გახლდათ. როცა მასთან სტუმრად მივდიოდი, მაშინ ვხედავდი. ისიც ხშირად მოდიოდა. დათო ჩამაცივდა, ხომ ხედავ, ცოლს არ ირთავს, სულ მოგზაურობებშია, ადექი და გაჰყევი ცოლადო. უნდა გამოგიტყდეთ, მეც ძალიან მომწონდა, მაგრამ ცოტა ვყოყმანობდი. კრივში ჩემპიონი იყო. დაგვავლეს ორივეს ხელი და გაგვაქანეს მაჩის ბიუროში, მაგრამ იქ რომ მივედით, არ გვიღებდნენ. გვითხრეს, განცხადების შემოტანიდან ორი თვის შემდეგ უნდა მოაწეროთ ხელიო. ატყდა ერთი ამბავი, როგორ, ძლივს დავითანხმეთ და ახლა მოვიცადოთო… აი, ასე მოვაწერეთ ხელი. მერე მთელი ცხოვრება ვნანობდი, თურმე ასე ვყვარებივარ და რატომ დროზე არ გავყევი-მეთქი. არასოდეს გვიკამათია, დიდი მეგობრები ვიყავით. ერთი შეხედვითაც კი გვესმოდა ერთმანეთის. ვფიქრობ, რომ თუ ქალს ქმრისადმი ლტოლვა არა გაქვს, ბედნიერი ვერ იქნები. მარტო სულიერი ლტოლვა არა, ფიზიკური ლტოლვაც უნდა იყოს. მაშინ ქალიც ბედნიერია და კაციც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქალი ბევრს ითმენს, თუ მამაკაცი სულიერად არის ამაღლებული.

  • 10 ქალი – 10 მიზეზი: რატომაა 50 წელი საუკეთესო დრო ცხოვრების შესაცვლელად

სიყვარული ფსიქოლოგიურად რთულზე რთული რამაა… ჩემი მეუღლე ძალიან ხელგაშლილი კაცი იყო. ყოველმხრივ ჰქონდა საშუალება, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ჩაცმის გიჟი. მქონდა 2-3 ხელი ჩასაცმელი და ამითაც კმაყოფილი ვიყავი. მერი დავითაშვილი მეუბნებოდა ხოლმე, ხომ გაქვს საშუალება და ჩაიცვი, დაიხურეო. არასოდეს მქონია ოქრო, ვერ ვიტანდი ძვირფასეულობას. ყოველთვის მომწონდა სისადავე, მიყვარდა სისუფთავე. რაც უცხოელები ჩამოდიოდნენ, ჩვენთან მოჰყავდათ სახლში, რადგან მოსწონდათ ეს ჩემი ძველი სახლი, ძველებური ავეჯი".

  • თაყვანისმცემლები

"აურაცხელი თაყვანისმცემელი მყავდა. მიძღვნიდნენ უამრავ ლექსს, ლექსების კორიანტელი იყო, ერთ დიდ წიგნად აიკინძებოდა. ხშირად მჩუქნიდნენ ყვავილებს. ჩემს სახლთან ბიჭები მოდიოდნენ გიტარით ხელში და მშვენიერ სიმღერებს მიმღეროდნენ. მძიმე დღეებთან ერთად ბედნიერი დღეებიც მქონდა".

მედეა ჩახავას უკანასკნელი ინტერვიუ 

მსახიობმა 88 წელი იცოცხლა და მთელი შეგნებული ცხოვრება თავის პროფესიას შეალია, სიცოცხლის ბოლომდე იდჟურნალმა „სარკემ“ მსახიობთან ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ ჩაწერა....

- რა განიცადეთ, როდესაც თეატრიდან წამოხვედით?

– ბევრი რამ ხდება, ამიტომ ადამიანი ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. მთელი ცხოვრება ამ შეგნებით ვიყავი. ამაში ჩემი ხასიათიც მიწყობდა ხელს. ამდენად, შედარებით რბილად გადავიტანე თეატრიდან წასვლის ტკივილი, მაგრამ ახლა არ მინდა ლაპარაკი, თუ რა როგორ არის, რადგან მე ხომ რაღაცის მჯერა, რაღაცა მიყვარს, რაღაცას ვუფრთხილდები. მთელი ცხოვრება თეატრში გავატარე. ახლა მოვტრიალდე და ვიღაცა ვლანძღო, ვინმეს დავუპირისპირდე იმის გამო, რომ მე იქ არა ვარ, არ შემიძლია…

- პირველი სიყვარული როდის გეწვიათ?

– ჩემი სიყვარული, რომელსაც შედეგი მოჰყვა, თემურის მამა იყო – ნოდარი, ბიჭიკოს ვეძახდით. იგი გიორგი ქუჩიშვილის ვაჟი, ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო. მის დედ-მამას ძალიან ვუყვარდი, ხელისგულზე მატარებდნენ. უფროსი ქალიშვილი ჰყავდათ – ციალა. ეს იყო შესანიშნავი ქალბატონი, რომელიც ჩემზე დაახლოებით 7 წლით უფროსი იყო. ბატონი გიორგი თვლიდა, რომ მე პატარა ვიყავი და ციალას რომ არ სწყენოდა, გემრიელ რამეს თუ იშოვიდა, ბალიშის ქვეშ ჩუმად მე დამიდებდა ხოლმე.

- თქვენი გაშორების მიზეზი რა იყო?

– არ მინდა ამაზე ლაპარაკი, რადგან ცხოვრებაში ერთი სიყვარული არ მქონია. მე და ნოდარი ომის პერიოდში ერთად ვიყავით, მაგრამ ვერ შევთანხმდით. ხომ იცით, ახალგაზრდებმა ერთმანეთზე წყენა, გაბუტვა იციან. ომის უბედურება, გაჭირვება… მე კოტეც თავდავიწყებით მიყვარდა და ბიჭიკოც. ამ სიყვარულს ამტკიცებს ისიც, რომ ერთისგან და მეორისგანაც მყავს შესანიშნავი შვილები და ბედის მადლობელი ვარ, რომ ერთიც ჩემი ქმარი იყო და მეორეც. სამწუხაროდ, არ ვარ ის ქალი, რომელსაც მხოლოდ ერთხელ ეწვია სიყვარული.

- რატომ სამწუხაროდ, რას ნანობთ?

– არაფერსაც არ ვნანობ. ქართველ ქალებს უყვართ ხოლმე იმით ტრაბახი, რომ ცხოვრებაში ერთხელ უყვარდათ. საერთოდ, ადამიანს როცა გიყვარს, გგონია, რომ ახლა გიყვარს და წინათ ასე არავინ გყვარებია. ეს აუცილებლად ინტიმურ სიახლოვეს არ გულისხმობს. დეტალურად როგორ და რა იყო, ეს ძალიან ჩემია და არ მინდა ლაპარაკი. რატომ უნდა ,,გავაბაზრო?”. ორივე გარდაიცვალა. რამხელა გულისტკივილი და ჭრილობა მოჰყვა ამას ჩემს გულში… ამ ჭრილობაზე ლაპარაკიც კი მიჭირს. იმ პიროვნებებთან დაკავშირებული სიხარულიც და ტკივილიც მარტო ჩემია, რომელსაც არავის გავუზიარებ.

- რამდენი წელი იცხოვრეთ თითოეულთან?

– მე და ბიჭიკო შეუღლებამდე 3 წელი ვმეგობრობდით და 5 წელი ერთად ვცხოვრობდით. კოტესთან 2 წელი ვმეგობრობდი. მას შეუღლებიდან ზუსტად 20 წლისთავზე დავშორდი. აგვისტოში მოვაწერეთ ხელი და 20 წლის შემდეგ, აგვისტოში დავშორდით.

- ბრძანეთ, სიყვარული ყველაფერს ჩაგადენინებსო, რა ჩაგიდენიათ მამაკაცის სიყვარულის გულისთვის?

– არ დამჭირვებია, თორემ ალბათ ჩავიდენდი. როცა თემურიკო გამიჩნდა, გაკვირვებიდან ვერ გამოვდიოდი, რომ ჩემგან იშვა ეს სიცოცხლე. საოცარი შეგრძნებაა, ეს დიდი ბედნიერებაა ქალისთვის, ეს ბედნიერება არ ნელდება, თანდათან რაღაცები ემატება – პირველი შეგნებული გამოხედვა, ასე გააკეთა და ისე შემომხედა… თემურზე ისეთ სიგიჟეებს ვაკეთებდი, არც ითქმება. რაღაც გამოცდებს ვუტარებდი ჩემს თავს – თუ გიყვარს, ეს გააკეთე, თუ გიყვარს, ის გააკეთე-მეთქი. მიკვირდა, რომ რაღაც არსება ასე შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. მიკვირდა, მანამდე როგორ ვცხოვრობდი-მეთქი.

- როგორი დამოკიდებულება გაქვთ სოფიკო ჭიაურელისადმი – კოტეს მახარაძის მეუღლისადმი?

– მისი ნიჭის დიდი პატივისმცემელი ვარ, სოფიკო ვაჟკაცური, შეუპოვარი ხასიათის და ძალიან პრინციპული ქალია. იგი ბავშვობიდან მიყვარს, სულ პატარა გოგო იყო, როცა ვერიკომ გამაცნო, ეს ჩემი სოფიკოაო. სოფიკო ხომ ვერიკომ ძალიან გვიან გააჩინა, მერე ჩვენთან თეატრში მუშაობდა. ის არასოდეს ყოფილა ჩემი მოქიშპე, მე და კოტე უკვე დაშორებულები ვიყავით, როცა ისინი შეუღლდნენ. კოტე მისი გულისთვის არ დამშორებია, სოფიკოსთან მივდიოდი, მივდივარ და მომავალშიც წავალ, აბა, როგორ? ჩემი შვილები ძალიან მეგობრობენ სოფიკოსთან და როგორ დავუშლი?! კარგის მეტი რა არის ამაში, სოფიკოს რომ არ ეპატრონა და არ მოევლო კოტესთვის, შეიძლება მას ამდენი ხანი ვერც კი ეცოცხლა. კოტე ძალიან ბობოქარი, ბოჰემისტი იყო, უყვარდა სიცოცხლე, ქეიფი. ამის მომთოკავი მხოლოდ სოფიკო იყო, ჩარჩოებში მიუჩინა ადგილი და ამან დიდი ნაყოფი გამოიღო. სოფიკო იმიტომ კი არ უკეთებდა ამ ჩარჩოებს, რომ კოტეს რაღაც შეექმნა, არამედ იმიტომ, რომ მისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა. მაინც მოხდა ეს კატასტროფა… 

მარიკა ბარათაშვილი - როცა სიტყვები ზედმეტია...

მარიკა ბარათაშვილი –  ქართველი პოეტი, დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

დაიბადა 1908 წლის 7 აპრილს, ჭიათურაში, სოფელი მერევში.

1945 წელს დაამთავრა თსუ-ის დაუსწრებელი პედაგოგიური სექტორის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1965–1991 წლებში ჟურნალ “საქართველოს ქალის” რედაქტორი იყო. მისი პირველი ლექსი 1936 წელს გამოქვეყნდა, ლექსების პირველი კრებული – 1945 წელს.

დიდი პოპულარობა მოიპოვა ბარათაშვილის პიესამ “ჭრიჭინა” (1950, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), რომელიც დადგა ბევრმა უცხოეთის თეატრმა, ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, იტალიურ, ესპანურ, ჩინურ და სხვა ენებზე. პიესის საფუძველზე გადაიღეს ფილმი ჭრიჭინა.

  • უყვარდა შოტლანდიური ვისკი და იღებდა ვიტამინი B12-ის ინექციებს ენერგიისთვის: ამბები იმ ქალის შესახებ, რომელიც ვერავინ დააჩოქა

აღსანიშნავია ბარათაშვილის ლექსთა კრებულები: “ლექსები“ (1948), “საპოვნელა“ (1958), “დღე დღევანდელი“ (1969), საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებულები “ნანული“ (1941), “სოფელა, თინა და ჭიანჭველები“ (1949) და სხვა. ჩვენი რესპუბლიკის თეატრების სცენაზე დაიდგა ბარათაშვილის პიესები “ჩემი ყვავილეთი“, “სართულები“, „მაღალი ოცნება“, “რატომ?“, “სიყვარულის წისქვილი“, „ჩქარი მატარებელი“ და სხვა.

ბარათაშვილი დაჯილდოებულია “საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, საქართველოს სახელმწიფო, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიები, ღირსების ორდენი.

მარიკა ბარათაშვილი 2008 წლის 30 დეკემბერს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეილა აბაშიძე - ამბავი, რომელიც უნდა იცოდეთ

„ერთხელ ქუჩაში ჩემთვის მოვსეირნობ, დავინახე ტროტუარზე ვიღაც ქალს ლეილა აბაშიძე ეხმარებოდა, რა თქმა უნდა, მეც მივედი მისახმარებლად, ლეილამ შემომხედა და მეუბნება - ერთი საათია აქ ვარ, კაციშვილი არ შეწუხებულა გაეგო რა ხდებოდა, გათიშული ეგდო ძირს და აბა გვერდს როგორ ჩავუვლიდი?! სასწრაფო დახმარების მანქანა როდესაც მოვიდა, ლეილამ თავისი მანქანა დატოვა და ჩაჯდა იმ ქალბატონთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანაში... რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც ვიკითხე იმ ქალბატონის მდგომარეობა, მითხრეს, ლეილა აბაშიძეს ნათესავს რას დააკლებდნენო! თუ კი რამე აწუხებდა, ყველაფრისგან განკურნესო... სახტად დავრჩი, ასეთი ადამიანობისა და სიკეთის შემდეგ.აი, ეს იყო ლეილა აბაშიძე - სიკეთის განსახიერება, პირველ რიგში ადამიანი და შემდეგ მსახიობი, რომელმაც შექმნა უამრავი დასამახსოვრებელი სახე ქართულ კინოში“.