"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი, ბაია დვალიშვილი გვანცა დარასელიასთან პოდკასტში საკუთარ ბავშვობაზე საუბრობს. ამასთან, ის ამბობს, რომ იქცეოდა ისე, როგორც ოჯახს სურდა და არა ისე, რაც მას შინაგანად ანიჭებდა სიამოვნებას.
"იმ დროში შენი პიედესტალის შეფუთვა იყო შენი შვილი. კარგი ვიყავი, ოღონდ როგორი კარგი, არ ვიცი... დამჯერი, დაკომპლექსებული, ძალიან ჩაკეტილი, მორცხვი... იცით, როგორი მორცხვი ვიყავი? აი, კანკალი მეწყებოდა. თითქოს არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომ მე ვარ ოჯახის სარკე. ამას შეჭამ, ამას დალევ, ამას ჩაიცვამ, ამ დროს მოხვალ სახლში... და მაშინ ვიყავი კარგი გოგო", - ამბობს ბაია დვალიშვილი
ბაია დვალიშვილის ბიოგრაფია
ბაია (ბარბარე) დვალიშვილი 1960 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. დედამისი ცნობილი ქართველი მსახიობი მარინე თბილელი იყო.
ბაია დვალიშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1983-2001 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1997 წლიდან თეატრალური სარდაფის, 2007 წლიდან მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრისა და 2017 წლიდან სამეფო უბნის თეატრის მსახიობია. მისი დებიუტი კინოში 1978 წელს შედგა. თუმცა, ქართველმა მაყურებელმა უკეთ გაიცნო და განსაკუთრებულად შეიყვარა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ნელიკოს როლით.

ბაია დვალიშვილი პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე ყველასთვის საყვარელი მსახიობი მურმან ჯინორია იყო, მაგრამ წყვილი ერთ წელში დაშორდა. ბაია დვალიშვილი პირველ სიყვარულს ასე იხსენებს:
„მაშინ, 17 წლის ასაკში, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ერთად შემოვიდა – პირველი სიყვარული, თეატრი, მიშა თუმანიშვილი. ჩემი გათხოვება პროტესტი იყო – ოჯახში დედა წყვეტდა ყველაფერს. მე სიტყვის გამოთქმის თავისუფლება არ მქონდა. ამიტომ გავთხოვდი, თუმცა ბანალურად და ძალიან მალე დამთავრდა – მე და მურმანი ერთ წელში დავშორდით.
ამბობდნენ, რომ ეს დედაჩემის ჩარევის გამო მოხდა, მაგრამ არა. ეს იყო დიდი გრძნობა, ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინათ იყო. მერე დიდხანს არხეინად თავისუფალი ვიყავი.
ბაიამ მეორე რეზო ხატისკაცზე იქორწინა.
"რაც შეეხება მეორე მეუღლეს, ჩამოყალიბებული „სტარაია დევა“ ვიყავი, 31 წლის. რეჟისორის, ნანა ხატისკაცის 60 წლის იუბილეზე მივედი და იქ გავიცანი მისი ბიძაშვილი, რეზო ხატისკაცი. მერე რეზომ დამირეკა და რომანტიკის და შეხვედრების გარეშე, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ცოლად გავყევი”, - ამბობდა ბაია.