ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საკულტო ფილმის – „ეშმაკს აცვია პრადა“ გაგრძელებაზე მუშაობა უკვე ოფიციალურად დაწყებულია. წლების განმავლობაში მაყურებელი ელოდა, თუ დაბრუნდებოდა თუ არა ეკრანებზე მირანდა პრისტლისა და ენდი საქსის ისტორია, და როგორც ჩანს, 2025 წელი ამ მოლოდინების ასრულების წელია.

გადაღებები და მსახიობები
გადაღებები ოფიციალურად დაიწყო 2025 წლის დასაწყისში ლონდონსა და ნიუ-იორკში. მთავარი ინტრიგაა, რა თქმა უნდა, მსახიობთა გუნდია. პროექტს კვლავ უბრუნდება ოსკაროსანი მერილ სტრიპი, რომელიც შეუდარებელი მირანდა პრისტლის როლს კიდევ ერთხელ მოირგებს. ასევე დაბრუნდება ენ ჰეთეუეი, რომელიც ენდი საქსის როლს შეასრულებს – ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელიც წლების წინ „Runway“-ის სასტიკ რეალობაში აღმოჩნდა.
მაყურებლის დიდი მოლოდინია ასევე ემილი ბლანტის დაბრუნებაზე, რომელმაც ენდის თანამშრომლისა და კონკურენტის – ემილი ჩარლტონის როლი შექმნა. გავრცელებული ცნობით, ბლანტი მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა და დიდი შანსია, რომ კვლავ ვიხილოთ.
მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის დეტალები საიდუმლოდ ინახება, ჰოლივუდურ გამოცემებში გავრცელებული ცნობებით, ფილმის მეორე ნაწილი თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ახალ გამოწვევებზეა აგებული: სოციალურ მედიასა და ციფრული გავლენიანების ეპოქაზე, სადაც „Runway“-ის მსგავსი ჟურნალები იბრძვიან, რომ ისევ შეინარჩუნონ გავლენა.

როდის დასრულდება გადაღებები და რა ვიცით პრემიერის შესახებ?
გადაღებები, როგორც გეგმავენ, 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება. პრემიერის თარიღი ზუსტად ჯერ არ არის დადასტურებული, თუმცა დიდი ალბათობით ფილმი 2026 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე გამოვა. სტუდია ვარაუდობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დაბრუნება იქნება ეკრანებზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ პირველი ფილმი დღემდე მოდის სამყაროსა და კინომოყვარულთა საყვარელ კინოსურათად რჩება.
„ეშმაკს აცვია პრადა 2“ უკვე აღიქმება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდებული კინომოვლენა, რომელიც არა მხოლოდ საკულტო პერსონაჟებს დაგვიბრუნებს, არამედ თანამედროვეობის მოდის სამყაროს ახალ ფენომენებსაც წარმოგვიდგენს
"ეშმაკს აცვია პრადა 1"
2006 წელს გამოსული „ეშმაკს აცვია პრადა“ მოდის სამყაროსა და ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კინოფილმად იქცა. დევიდ ფრენკელის მიერ გადაღებული ფილმის მთავარი მოქმედება ძირითადად ნიუ-იორკში ვითარდებოდა, სადაც მოდის ინდუსტრიის ბრჭყვიალა, მაგრამ სასტიკი რეალობა წარმოჩინდა. გადაღებები ძირითადად ნიუ-იორკის ცნობილ ლოკაციებზე მიმდინარეობდა, მათ შორის Times Square-სა და Bryant Park-ში, ხოლო რამდენიმე მნიშვნელოვანი სცენა პარიზშიც გადაიღეს, სადაც პერსონაჟები მოდის კვირეულზე მიემგზავრებოდნენ.
ფილმმა მალევე მოიპოვა საკულტო სტატუსი — მერილ სტრიპის მირანდა პრისტლი და ენ ჰეთეუეის ენდი საქსი კინოს ისტორიაში დაუვიწყარ პერსონაჟებად იქცნენ.