"მე ძალიან გაჭირვებული ბავშვობიდან მოვდივარ... პირდაპირი მნიშვნელობით, მშიოდა" - მარიკა ბაკურაძე განვლილი გზის შესახებ - Marao

"მე ძალიან გაჭირვებული ბავშვობიდან მოვდივარ... პირდაპირი მნიშვნელობით, მშიოდა" - მარიკა ბაკურაძე განვლილი გზის შესახებ

2025-09-01 15:12:43+04:00

მარიკა ბაკურაძე მრავალი წელია ტელეკომპანია “იმედთან” ასოცირებული ჟურნალისტია და მისი საქმიანობა ძირითადად კულტურის თემებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას ეხება.

"პირველად მუშაობა 2000 წელს დავიწყე, ამიტომ მარტივად ვითვლი ჩემს სამუშაო გამოცდილებას, ანუ, უკვე 25 წელია, ვმუშაობ. 2000 წელს 16 წლის ვიყავი, ჩემი პირველი სამსახურიც ჩემს დღევანდელ პროფესიას უკავშირდება – ინტერვიუებს ვწერდი. ეს საქმე მარტო არ დამიწყია, ჩემი ბავშვობის მეგობართან თეონა ალაშვილთან ერთად გავაკეთე პირველი ინტერვიუ, რომელიც ჟურნალ „ვარსკვლავებში“ დაიბეჭდა. მერე უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში დავიწყე მუშაობა, მაშინ პირველ კურსზე ვსწავლობდი. მერე უკვე „მეცხრე არხზე“ დავიწყე მუშაობა", - იხსენებს ბაკურაძე. 

  • "ჩემი ყოფილი დედამთილი სამაგალითო ქალია... ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ მე­გუ­ლე­ბა" - მარიკა ბაკურაძე ოჯახის შესახებ

განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა მის მიერ მომზადებული მასალა სოციალურ ქსელში სიძულვილის ენასთან დაკავშირებით. მარიკა ბაკურაძემ სცადა, უშუალოდ დაჰკავშირებოდა ნეგატიური კომენტარების ავტორებს და მათ დაურეკა. მოგვიანებით, ამ ნაბიჯის გამო,  მარიკა ბაკურაძე განხილვისა და კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. 

მარიკა ბაკურაძე ხშირად დადის სხვადასხვა დიდ ფესტივალებზე და მაყურებელს კინემატოგრაფიის სიახლეებსა თუ მიმოხილვებს სთავაზობს. 

ამჯერად მარიკა ბაკურაძემ ჟურნალ "თბილისელებთან" საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

marika_bakuradze

მარიკა ბაკურაძის ინტერვიუ 

"მე ძალიან გაჭირვებული ბავშვობიდან მოვდივარ. პირდაპირი მნიშვნელობით, მშიოდა. 90-იან წლებში სახლიდან „ბანკებს“ ვაბარებდი, რომ ერთი ცალი პატარა წვენი მეყიდა. დედა მუსიკის მასწავლებელი იყო და მოსწავლე რომ ბამბანერკას მოუტანდა, შეჭმის შემდეგ კოლოფს მაცივარში ვინახავდი, რომ მისი სურნელი დიდხანს შემეგრძნო.

გამონაცვალ ტანსაცმელში გავიზარდე. ალბათ, აქედან გამომდინარეც ჩამომიყალიბდა ასეთი ხასიათი. მაგრამ ამის გამო ცხოვრების ხალისი არ დამიკარგავს. ალბათ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩვენი განწყობა ფულის ქონა-არქონაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. გაჭირვება არ მიკვირს, მახსოვს ერთხელ მთელმა სადარბაზომ ავაგროვეთ ფული ერთი საზამთროსთვის და მე იმ საზამთროზე გემრიელი არაფერი მიჭამია. მგონი, ისეთი ბედნიერი, როგორც მისი ჭამისას, არასდროს ვყოფილვარ. დღეს ასეთი სიხარული შეიძლება, ვეღარ ვიგრძნო, არადა ბევრი რამის ყიდვა ძალიან მარტივად შემიძლია.

  • "გელა ჩარ­კვი­ა­ნის­გან ვიცი, რაც უნდა ცუ­დად ვიყო, ვდგე­ბი და საქმეს ვაკეთებო... დედა ყველაფერია" - მარიკა ბაკურაძე უსინათლო დედისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ

ჩემი ორივე შვილი 16 წლიდან მუშაობს – ხან მოკლე, ხან გრძელვადიან სამსახურებში. ვცდილობ, საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლის დაფასება შეეძლოთ. ზუსტად ახლა ვეუბნებოდი, თუ რამე ზედმეტი გაგიჩნდებათ, ხელფასისა და ჩემგან მოცემული ფულის გარეშე, ეს ხომ არსაიდან მოსული ფულია და მოდი, გადავდოთ-მეთქი. მინდა, რომ ამასაც მიეჩვიონ. მთავარია, რომ იციან, თუ თვითონ არ იმუშავებენ, მშიერს არც მე დავტოვებ, მაგრამ არის რაღაცები, რისი ფულიც 17-18 წლის ასაკში მე აღარ უნდა მთხოვონ. თვითონაც არ ეზარებათ, მუშაობენ და შრომას არ თაკილობენ. ჩემი ბავშვობისგან განსხვავებით, არ შიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი ფული არ უნდა ჰქონდეთ.

marika_bakuradze

  • „43 კილოგრამი ვარ... სულ დაბალი წნევა მაქვს და ისეთი მისუსტებული ვარ, ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არ ავდგებოდი საწოლიდან“ - მარიკა ბაკურაძე

მე რომ რამე დამემართოს, მერე რა მოხდება? ამ ლოგიკით, ვცდილობდი, დამოუკიდებლობისთვის მიმეჩვია. მაგალითად, პატარებს სკოლაში მანქანით რომ ვატარებდი, გზის რაღაც მონაკვეთში ჩამოვსვამდი, აბა, ახლა თვითონ გააგრძელეთ გზა სკოლისკენ ან სახლისკენ-მეთქი. ჩემ გარეშეც ხომ უნდა შესძლებოდათ გადაადგილება?! არასდროს მიტარებია მათი ჩანთა, რადგან სკოლის მოსწავლეს საკუთარი ჩანთის ტარება უნდა შეეძლოს – მე ასე მიმაჩნდა. იმიტომ, რომ ცხოვრება მერე ბევრი ტვირთის ტარებას დააჭირვებს და ჩანთა მასთან რა მოსატანია. არავინ იცის, წლები რომ გავა, როგორები იქნებიან, მაგრამ მე ვცდილობდი, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომემზადებინა. მე რომ მათ ასაკში ვიყავი, ინტერვიუებზე ხან სად მიბარებდნენ, ხან სად, რაც იმ დროს არ იყო უსაფრთხო და დედაჩემი დამყვებოდა. ხელს კი არ მიშლიდა მუშაობაში, მხარს მიჭერდა და სანამ მე ინტერვიუს ვწერდი, ის გარეთ მელოდებოდა, მაშინ სხვა დრო იყო და როგორც შეეძლო, ხელს მიწყობდა. მეც, როგორც შევძელი, ვეცადე, ჩემი შვილები დამოუკიდებლობისთვის მომემზადებინა", - ამბობს მარიკა ბაკურაძე "თბილისელებთან" ინტერვიუში.