დიდი ბრიტანეთის მკვლევარებმა შეადგინეს ბავშვების მიერ დასმული იმ შეკითხვების რეიტინგი, რომელთა მოსმენისაც ყველაზე მეტად ეშინიათ მშობლებს. შეკითხვების სია შეადგინეს იმ ანკეტირების საფუძველზე, რომელში მონაწილეობაც მიიღო ორი ათასზე მეტმა მშობელმა და 5-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვმა.
მაშ ასე, ყველაზე რთულად დასახელდა კითხვა: "რატომ ჩანს მთვარე ხანდახან დღისითაც?" რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა შეკითხვა: "რატომ არის ცა ცისფერი?" ხოლო მესამეზე – "შევხვდებით თუ არა ოდესმე უცხოპლანეტელებს?"
შემდეგი შეკითხვები რეიტინგში ასეთია:
- რამდენს იწონის ჩვენი პლანეტა?
- რატომ ჰკიდია ჰაერში თვითმფრინავები?
- რატომ არის წყალი სველი?
- სად მიდიან ზამთარში ფუტკრები და ჩიტები?
- საიდან ჩნდება ცისარტყელა?
- რატომ არსებობს დედამიწაზე წელიწადის სხვადასხვა დრო?
როგორც Reuters-ი წერს, მშობლები თვლიან, რომ ბავშვების ბევრი შეკითხვა სატელევიზიო-შემეცნებითი გადაცემებით არის განპირობებული. ცნობისმოყვარე შვილისთვის შეკითხვაზე პასუხის გაცემაში კი მშობლებს ხელს უშლის არასაკმარისი ცოდნა მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მშობლების 26%-ს გამუდმებით აქვს იმის შეგრძნება, რომ შვილებს იმაზე მეტი ცოდნა აქვთ მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ვიდრე თავად მათ. მშობლების 50%-ზე მეტი უკმაყოფილოა საკუთარი თავით, რადგან მათ შვილებს არ შეუძლიათ, მიიღონ პასუხი დასმულ შეკითხვაზე.
მშობლების მესამედი ეძებს პასუხს შეკითხვაზე, რომელიც შვილმა დაუსვა, მაგრამ ამასთანავე, ბევრი მშობელი შვილს პასუხისთვის ქმართან ან ცოლთან ამისამართებს.