"15 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი, ჩემს უფროს შვილზე 16 წლით უფროსი ვარ" - დიზაინერი ფატუნა გიორგაძე ოჯახის, კარიერისა და განვლილი გზის შესახებ - Marao

"15 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი, ჩემს უფროს შვილზე 16 წლით უფროსი ვარ" - დიზაინერი ფატუნა გიორგაძე ოჯახის, კარიერისა და განვლილი გზის შესახებ

2025-09-10 14:59:44+04:00

 ფატუნა გიორგაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ ფატუნა ბუშიჰედის სახელით გაიცნო, ქართველი დიზაინერია, რომელმაც მოდის სამყაროში განსხვავებული ხედვა შეიტანა და შექმნა საკუთარი ბრენდი PATUNA. მან მოახერხა, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა — ფატუნა წლების წინ Vogue-ში დაიბეჭდა Christian Dior-თან, Versace-სთან და Chanel-თან ერთად. ამის შესახებ ჩვენ ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ.

  • ინტერვიუ: ქართული ბრენდის - Patuna-ს დიზაინერი, რომელიც ჟურნალ vogue-ში Cristian Dior-თან, versace-სთან, chanel-თან ერთად იბეჭდება

წარსული და შემოქმედებითი გზა

ფატუნა გიორგაძე საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, საკუთარ კოლექციებში კი ხშირად იყენებდა ავთენტურ დეტალებს - ქმნიდა სამოსს სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და სამეგრელოს დამახასიათებელი ელემენტებით. მოგვიანებით PATUNA საერთაშორისო სცენაზე, პარიზის მოდის კვირეულზე „დედამიწის ცეცხლის, მიწის, წყლის და ჰაერის სტიქიების“ თემაზე შექმნილი კოლექციით წარსდგა. ეს  ინსპირაცია  ერთ-ერთი უდიდესი ქართველი პოეტის შემოქმედებამ შეუქმნა. 

  • "ახლა რომ ვუყურებ, ჭაობიდან ამოვედი, ფატუნამ ამომიყვანა ჭაობიდან" - 8-წლიანი სიყვარული და ცნობილი წყვილის ოჯახური ამბები

ფატუნა გიორგაძე  აქტიურად იღებდა საერთაშორისო ჩვენებებში მონაწილეობას პარიზში, ნიუ-იორკსა და მაიამიში. 

FATUNA_GIORGADZE

ფატუნა გიორგაძისა და გია ნიკოლაძის ოჯახი 

ცოტა ხნის წინ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მომღერალი გია ნიკოლაძე მეუღლის შესახებ საუბრობდა: 

"უკვე რვა წელია, მეორე ცოლი მყავს და ჩემი ფატუნა არის ჩემთვის მუზაც და მოტივატორიც – ყველაფერია. მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერი და საქართველოს სიამაყე, ფატუნა გიორგაძე არის ჩემი უახლოესი მეგობარი. ფატუნას ვეკითხები ხოლმე, რა ჩავიცვა. მას ვუმადლი ყველაფერს. გრძელი თმაც მისი დამსახურებაა. ფატუნამ შეცვალა ჩემი ცხოვრების სტილი, დამამშვიდა, დამაწყნარა და დამადინჯა. მისი ძალიან მადლობელი ვარ. 

ჩემი ცხოვრების სტილი იყო შემოქმედებითი. ნამეტანი გადავარდნილი ვიყავი. ვბაძავდი გალაკტიონს მანერებსა და ქცევებში, სმაშიც, არა მხოლოდ გალაკტიონს… ვერც ვხედავდი ამაში ვერანაირ პრობლემას. ჩემი სფერო იყო. ახლა რომ ვუყურებ, ჭაობიდან ამოვედი, ფატუნამ ამომიყვანა ჭაობიდან", - ამბობდა გია ნიკოლაძე. 

ამჯერად კი საინტერესო თემების შესახებ "თბილისელებს" თავად ფატუნა გიორგაძე ესაუბრა: 

FATUNA_GIORGADZE

"მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ ასიამოვნოს მის გვერდით მყოფ ადამიანებს და მაქსიმალურ კომფორტში ამყოფოს ისინი. ბავშვობიდან მქონდა ეს სურვილი. ბევრი უარყოფითი მომენტი იყო ჩემს ბავშვობაში და, ალბათ, როდესაც ფსიქოლოგიურად გავაანალიზე, რატომ მინდა ასე ძალიან, ყველა კარგად და კომფორტულად მყავდეს, მივხვდი, რომ ძალიან განვიცდი ყველა მათგანის ყოფას, ძალიან ვნერვიულობ მათ მდგომარეობაზე და ამიტომაცაა, რომ ყველანაირად ვცდილობ გარშემო მყოფებისთვის კომფორტის შექმნას.

მე გავურბივარ კონფლიქტურ სიტუაციებს და ვცდილობ, ნებისმიერ დროს შევძლო გარშემო მყოფების დახმარება. ამას მარტო ვერ შევძლებ და დახმარებას ღმერთსა და სამყაროს მთელი გულით შევთხოვ ხოლმე. დილით რომ ვიღვიძებ, ზუსტად ამ თხოვნით მივმართავ უფალს, ვევედრები მომცეს სიკეთის კეთების ძალა ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება.

FATUNA_GIORGADZE

ჩემს გამარჯვებად მიმაჩნია ღმერთის სიყვარული ამ უღმერთობაში, ასევე, ის, რომ მე ღმერთმა მაჩუქა ჩემი სამი შვილი; ის, რომ მყავს დედა და მამა, მყავს საოცარი მეგობრები; ის, რომ ღმერთი ყოველთვის მიგზავნის კარგ ადამიანებს. პროფესიასა და კარიერაზე აღარაფერს ვამბობ, რადგან ყველაფერი, რაც ხდება, უფლის ნებაა.

15 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი, ჩემს უფროს შვილზე 16 წლით უფროსი ვარ", - ამბობდა ფატუნა გიორგაძე. 

ფატუნა გიორგაძის პირველი მეუღლე ამერიკელი ჯონ ბუშიჰედი იყო. ის წარმოშობით ჩეროკ ინდიელთა ტომის შთამომავალია. ჯონი ფატუნაზე 19 წლით უფროსი იყო.