ქალი ფეხბურთელი აიტანა ბონმატი 1998 წლის 18 იანვარს დაიბადა და დღეს ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეა. ის არამარტო ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების ლიდერია, არამედ სიმბოლოა შრომის და მონდომების.
აიტანა კატალონიაში გაიზარდა. მისი მშობლები, ვისენტ კონკა და როზა ბონმატი მასწავლებლები იყვნენ და მუდმივად ხელს უწყობდნენ ქალიშვილის განათლებასა და სპორტული კარიერის განვითარებას. აიტანა ბავშვობაში კალათბურთსაც თამაშობდა, თუმცა ფეხბურთის სიყვარულმა ყველაფერი გადაწონა.
ის ფეხბურთს ხშირად თამაშობდა ბიჭებთან ერთად, მათთან ერთად ვარჯიშობდა, რაც რასაკვირველია თავიდან რთული იყო, თუმცა ამ ყველაფერმა მას ძლიერი ხასიათი ჩამოუყალიბა.
მნიშვნელოვანია, რომ მისი ოჯახი ყოველთვის იცავდა თანასწორობის პრინციპებს. სწორედ მშობლების ძალისხმევით აიტანას პირველ გვარად დედის გვარი ჩაიწერა. ეს ისტორია თავად ფეხბურთელმა არაერთხელ გაიხსენა, როგორც საკუთარი ცხოვრების სიმბოლო.
აიტანამ პროფესიონალური საფეხბურთო გზა „ბარსელონას“ აკადემიაში – „ლა მასიაში“ დაიწყო და მალევე დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე იყო.
2016 წელს იგი პირველ გუნდში გადაიყვანეს და მას შემდეგ „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში ირიცხებოდა.
მის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს UEFA Women’s Champions League-ის ტიტულებს, ესპანეთის ჩემპიონატებსა და თასებს. დღეს ის „ბარსელონას“ ერთ-ერთი მთავარი ლიდერია, რომელიც არა მხოლოდ შეტევას წარმართავს, არამედ თამაშის ტემპსაც აკონტროლებს.
აიტანა ბონმატი კლუბში ლეგენდარულ 14 ნომერს ატარებს. ეს არის იოჰან კრუიფისადმი მიძღვნილი პატივისცემა - სიმბოლო, რომელიც მისი კატალონიურ გუნდში თამაშის დროიდან მომდინარეობს და „ბარსაში“ კლუბის საფეხბურთო ფილოსოფიას ასახავს.
14 ნომრის არჩევა 2024 წლის სექტემბერში სიმბოლურზე მეტი გახდა: მისი კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად 14:14 საათზე გამოცხადდა, რაც საჯაროდ ადასტურებს იმ ნომერს, რომელიც მისი ვინაობის ნაწილი გახდა.
ესპანეთის ნაკრებთან ერთად ბონმატიმ არაერთი ტურნირი მოიგო. იგი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ესპანეთმა ისტორიული ტრიუმფი მოიპოვა. 2025 წელსაც, ევროპის ჩემპიონატზე, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში.
2025 წლის სექტემბერში აიტანა ბონმატიმ ზედიზედ მესამედ მოიგო ქალთა ოქროს ბურთი. გამარჯვება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ბონმატი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
მიუხედავად „ბარსელონას“ მარცხისა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მისი ინდივიდუალური თამაშის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ სპეციალისტებმა ერთხმად აღიარეს სუპერ-კლასის ფეხბურთელად.
სამი „ოქროს ბურთის“ მფლობელი დღეს უკვე არამხოლოდ ბარსელონას გულშემატკივართა სიამაყეა, არამედ მთელი ქალთა ფეხბურთის სახე.
იგი ასევე გამორჩევა სოციალური აქტივიზმით. ხშირად საუბრობს ქალთა სპორტში თანასწორობის მნიშვნელობაზე და ცდილობს მაგალითი იყოს მომავალი თაობებისთვის.
ბონმათი პირად ცხოვრებაზე ძალიან ცოტას ლაპარაკობს. მისი სრული ყურადღება ფეხბურთსა და კარიერას ეთმობა. თუმცა მისთვის ოჯახი და მშობლების როლი უდიდესი მნიშვნელობისაა, რასაც ხშირად უსვამს ხაზს.