ქეთი გაბისიანი თანამედროვე ქართული მუსიკის სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორი, პიანისტი, მომღერალი და მუსიკალური პროდიუსერია. ის ოთხივე მიმართულებით აქტიურად საქმიანობს - მისი შემოქმედება კი ქართველი მსმენელისთვის საყვარელი და შეუცვლელია.
ქეთის მიღებული აქვს კლასიკური მუსიკალური განათლება — სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში, ათწლედსა და შემდეგ კონსერვატორიაში; მოგვიანებით დასრულებული აქვს მაგისტრატურა საკომპოზიციო მიმართულებით. ოჯახის გავლენაც დიდი იყო (დედა მუსიკის პედაგოგი), რამაც თავდაპირველ ინტერესსა და მუსიკალურ გემოვნებას შეუქმნა ფუძეს.
ქეთი გაბისიანი ძირითადად მელოდიური, ლირიკული რომანსები და დახვეწილი „ქალაქური“ სიმღერები; თავის ფორმებთან და რეპერტუართან მუშაობისას ხშირად ფიქრობს, ვის მოუხდება სიმღერა სტილისტურად. რეგულარულად მონაწილეობს ტელე-რადიო გადაცემებსა და კონცერტებში. არის პროექტებისა და ანსამბლების პროდიუსერი; ბოლო წლებში აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ჯგუფთან.
ქეთიმ რამდენიმე წლის წინ საჯაროდ ისაუბრა ცხოვრების რთულ პერიოდებზე: 17 წლის ასაკში შედგა მისი პირველი ოჯახი; მისი პირველი მეუღლე ვაჟა კუჭაიძე გარდაიცვალა ავტოავარიაში — ამ ტრაგედიას დიდი გავლენა ჰქონდა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. აღნიშნავდა, რომ ამ რთულ პერიოდთან გამკლავებაში მუსიკა დაეხმარა და სწორედ მუსიკამ შეახვედრა საყვარელ ადამიანს - მეორე მეუღლეს, ლევან დეისაძეს.
ქეთი გაბისიანმა განვლილი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ "რადიო ფორტუნასთან" ისაუბრა.

ქეთი გაბისიანი ახლა აქტიურადაა დაკავებული საპროდიუსერო საქმიანობით. როგორ თავად აღნიშნავს, ამ საქმემ მთავარი პროფესია, კომპოზიტორობა გვერდზე გასწია...
- თქვენმა ამჟამინდელმა საქმიანობამ ხომ არ წაართვა დრო კომპოზიტორ ქეთი გაბისიანს?
ჩემი პირდაპირი პროფესია არის კომპოზიტორობა. ეს აშკარად გვერდზე დამრჩა. პერიოდულად მახსენდება ეს ამბავი და ისე მიჩუყდება გული… მწამს და მჯერა, რომ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და დრო. ახლა, ალბათ, ეს პერიოდია, როცა მე სხვას უნდა დავუთმო დრო და რაღაც შევუქმნა. ჩემი მეუღლე, ლევან დეისაძე მეუბნებოდა, ქართულად მომღერალი გოგონებისა და ბიჭების ქუინსი ჯონსი ხარო. ქართულ ანსამბლებს მთელი პროგრამები აქვთ გაკეთებული და შექმნილი, თუმცა რა თქმა უნდა, გული მწყდება… რასაკვირველია, ჩემს მეუღლეს ვუზიარებ ჩემს გულის წყვეტას…
მისკენ ვიშვერ ხოლმე თითს, შენი ბრალია-მეთქი, მაგრამ მეუბნება, ჩემგან რა გინდა, დრო შენ არ გაქვსო. მიდევს ბევრი მასალა, ზოგი ძველიც წამოსაწევია წინ და გასაახლებელი, ზოგიც სრულიად ახალი – გასაკეთებელი. ნიკა ნიკვაშვილს რამდენჯერ უთქვამს, დაიწყე, რომ გავაორკესტრო და კონცერტი გავაკეთოთო.
- როგორც მივხვდი, მეუღლე თქვენი უპირველესი გამზიარებელია…
ასეა და რთულია მეორე ნახევარზე ასე საუბარი, მაგრამ როგორც მეუღლეზე, რომ არ ვისაუბრო და გადავდოთ ეს ამბავი, უამრავი წელია ვიცნობ და ბევრი პროექტიდან მქონია შეხება, ის, როგორც მუსიკოსი, არის თითზე ჩამოსასვლელ მუსიკოსებს შორის. ამას წინათ მანანა მორჩილაძე მეუბნებოდა, იმედო სად არისო და გამიკვირდა, მაგრამ მართლა იმედიანად ხარ, როცა ის სცენაზე დგას.
- შეგიძლიათ, გითხრათ, ამდენწლიანი ნაცნობობის შემდეგ, სად გაჩნდა გადაკვეთის დამატებითი წერტილი?
ჩვენ შევხვდით პროექტზე „ორი ვარსკვლავი“… ორი ვარსკვლავი შეხვდა ერთმანეთს. უკვე 11 წელია, ერთად ვართ… ისედაც წლები ვიცნობდით ერთმანეთს, მუსიკოსები ვართ და ბევრგან გვინახავს ერთმანეთი. „მზიურში“ ბასისტი ვიყავი და ჩემთვის ეს ინსტრუმენტი არის უმნიშვნელოვანესი, სულ მიყურადებული ვარ, მაჩვენებელი ეს არის… მუდმივად ვიყავი აღფრთოვანებული ლევანის ოსტატობით, იმით, თუ როგორი მუსიკოსია. არ ვიცი, როგორ იბადება ხოლმე სიყვარული, ძნელი ასახსნელია, მაგრამ იქ დაიბადა გრძნობა – ყველაფერში დამნაშავე მაინც არის მუსიკა. 7 წელია, ჩვენი ურთიერთობა გავაოფიციალურეთ.
- რა არის ის მთავარი, მუსიკის გარდა, რაც ერთმანეთთან გაკავშირებთ?
ადამიანობის ჩვენი საზომები გვაქვს, საერთო ღირებულებები. ყოველთვის ჩემთვის ვფიქრობდი, რა უნდა ახასიათებდეს ჩემს საყვარელ მამაკაცს – კეთილგანწყობილია ადამიანების მიმართ, კეთილშობილი და ცუდის არმთქმელი, ნამდვილი მამაკაცი ძალიან იხდენს ამ თვისებებს.
რასაკვირველია, ორი ხელოვანის თანაარსებობა არ არის მარტივი, ორივე ცოტა ხმაურიანი ადამიანი ვართ, ორივე ბასისტი (იღიმის).
- არის სიურპრიზები და რომანტიკა თქვენს ურთიერთობაში?
არის, რა თქმა უნდა, თუმცა ორივე ძალიან დაკავებული არტისტი ვართ. ხშირად ერთად გვიწევს პროექტებში მუშაობა, ხშირად – ცალ-ცალკე. შეიძლება, მხოლოდ ღამე, სახლში გვქონდეს გადაკვეთა და მთელი დღე ვერ ვნახოთ ერთმანეთი, თუმცა მუდმივად ხაზზე ვართ. ჩემი თვისებაა ის, რომ ვარ ძალიან პრანჭია, ასეთი ვიყავი ბავშვობიდან და მით უმეტეს, როცა სიყვარულია ორ ადამიანს შორის, დღემდე არ დამიკარგავს ეს თვისება – სულ, მუდმივად ვეპრანჭები ჩემს ქმარს. არ გავიდა ეს ემოციები (იღიმის). მერე მივხვდი, რომ ეს არის შენი თვისება, რომელიც არ იცვლება…
- თქვენი ურთიერთობის სიმყარეს რა განაპირობებს?
ჩვენს ურთიერთობაშიც არის მომენტები, როცა ერთმანეთის რაღაც არ მოგვწონს, თუმცა ღიად და გულწრფელად ვსაუბრობთ, რაც ძალიან კარგია. ეს არის ის მახასიათებელი, რაც წყვილს ხელს უწყობს. გამონაკლისი არ ვართ, ყველგან არის ჩავარდნები. ვფიქრობ, ჩავარდნას იწვევს მოუცლელობა და გადაწვა, რესურსების არასწორად გადანაწილება. ძალიან მარტივ შედარებას მოვიტან მაგალითად – ყვავილს მუდმივად უნდა მორწყვა. ეს ხომ ელემენტარულია, რა უნდა მორწყვას, მაგრამ შეიძლება დაგავიწყდეს, გაიხედავ და გამხმარია მცენარე. ადამიანები ერთმანეთისგან, პირველ რიგში, ვითხოვთ ყურადღებას. მეც ვაკლებ ხანდახან ალბათ და ისიც, მაგრამ ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რომ დაჩქარებებით, გადახვევებით აღვადგენთ ხოლმე ყველაფერს…
სრულად ნახავთ fortuna.ge-ზე