ძნელია, თვალს ადევნებდე ტელევიზიასა თუ სოციალურ ქსელებს და არ დაგამახსოვრდეს ჟურნალისტი განსაკუთრებული გარეგნობითა და განსაკუთრებული ნიჭით- მარიამ გაფრინდაშვილი ახალგაზრდა, ენერგიული ჟურნალისტია, რომლის გამოცდილებას ამ სფეროში უკვე 15 წელზე მეტს ითვლის. სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა არხზე, მაგრამ ფართო საზოგადოებამ ის "რუსთავი 2"-დან გაიცნო.
"პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ტელე-რადიოჟურნალისტიკა. შემდეგ მაგისტრატურაში ჩავაბარე, დოკუმენტური კინოს რეჟისორიც ვარ. სულ ვამბობ, რომ ტელევიზიაში შემთხვევით მოვხვდი. ძალიან ცუდი სტუდენტი ვიყავი, ხშირად ვაცდენდი. ჩემი ლექტორი იყო ნინო შუბლაძე. 2008 წელს გამოცდები ახლოვდებოდა და ლექციაზე რომ მივედი, სწორედ იმ დღეს თქვა ნინომ, რომ ტელევიზიაში პრაქტიკა უნდა გაგვევლო. როდესაც ამის სურვილი გამოვთქვი, ნინომ მითხრა, შენ არ იმსახურებო. კიდევ ვიმეორებ, ცუდი სტუდენტი ვიყავი", - იხსენებდა მარიამი.
მიუხედავად მისი ამ მოგონებისა, დღეს მარიამ გაფრინდაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია ქართულ ტელესივრცეში.
მარიამ გაფრინდაშვილი საინტერესო თემებზე ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა.
– ვინ არის მარიამ გაფრინდაშვილი?
ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად უსამართლობის განცდა აწუხებს, შესაბამისად, როცა მას აწყდება, მწვავე რეაქცია აქვს. ვერ ვიტან უსამართლობას ვერც სხვების, ვერც ჩემ მიმართ. ვყოფილვარ უსამართლო შეფასების თუ ქცევის სამიზნე და ვიცი, ეს რასაც ნიშნავს. ვფიქრობ, რომ სამართლიანი ადამიანი ვარ.
კიდევ ერთი რამ ვიცი ზუსტად, ყველაფრის კადრება, საერთოდ არაფრის გამო არ ღირს – ეს ჩემი ცხოვრების დევიზია.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ხარ?
– ემოციური რომ ვარ, ალბათ, ეს ეთერშიც იგრძნობა. უკიდურესად ემოციური ვარ. ცხოვრებაში ძალიან ბევრი პრობლემა შემქმნია იმის გამო, რომ ემოციების მართვა მიჭირს. გამიკონტროლებია, მაგრამ ძალიან რთულად. რაც შეეხება გულჩვილობას, ალბათ, ბევრს გაეცინება, მაგრამ სინამდვილეში ასეთი ვარ. ჟურნალისტებს გვიწევს მუშაობა ტრაგედიებზე, უბედურ შემთხვევებზე. როგორც ჟურნალისტს, გამიმართლა, სულ მოვლენების ეპიცენტრში ვარ, თუმცა, ეს ემოციურად მარტივი არ არის. ერთი შემთხვევა განსაკუთრებით მახსენდება: დიღომში ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. იქ რომ მივედი, ექიმმა მითხრა, გარდაიცვალაო. მახსოვს, რამდენიმე წუთი ჩართვაზე ვერაფრით დავდექი. ატირებული ეთერში ვერ ჩავერთვებოდი – ეს ჩემს პროფესიულ სისუსტეზე მიუთითებდა. ჟურნალისტებს არ გვაქვს ხოლმე ემოციების ეთერში გამოხატვის უფლება. სამწუხაროდ, ბევრი ასეთი შემთხვევა ყოფილა.
– წარსულიდან რა მიგაჩნია შენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?
– რა თქმა უნდა, რაღაცები არასწორად გამიკეთებია და ეს როცა დამიფიქსირებია, მიღიარებია კიდეც, სხვასთან თუ არა, საკუთარ თავთან მაინც და ეს დიდი ძალაა, ასე ვფიქრობ. მე მგონია, რომ შეცდომები „მოსულა“, მაგრამ მათი გამეორება – აღარ. შეცდომები დამიშვია ცხოვრებაშიც, პროფესიაშიც, მთავარია, ადამიანს მათი გააზრების, აღიარებისა და გამოსწორების უნარი გქონდეს, უშეცდომო ნამდვილად არ ვარ.
– ჩვენი ბავშვობის გასართობ რვეულებში რომ კითხვა იყო – რას ვერ აპატიებდით ადამიანსო, ხომ იცით... მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფრის პატიება შეიძლება. სასტიკი არასდროს ვყოფილვარ. ძალიან გაბრაზებულსაც კი განზრახ დაზიანება არავისთვის მიმიყენებია, სიბოროტე არავისთვის გამიკეთებია, თუმცა, უკიდურესად გაბრაზებული ვყოფილვარ და ეს გამომიხატავს ყვირილში. თუმცა, ამ ყვირილის დროსაც არ მახასიათებს, ადამიანს გამიზნულად რამე წამოვაძახო. ძირითადად, ყვირილითა და უხეშობით შემოვიფარგლები.
– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– წინა კითხვის გაგრძელება გამოვა. ყველაზე დიდ გამარჯვებად საკუთარ თავზე გამარჯვება მიმაჩნია. ვიღაც რომ ძალიან უსამართლოდ მოგექცევა, მაგრამ შენ შენს თავს არ გადააბიჯებ და არ მოექცევი ისე, როგორც ის იმსახურებს. სხვათა შორის, ამას ძალიან კარგი ეფექტი აქვს. მე არ ვარ ის კატეგორია, ვინც ზის და ელოდება, როდის ასრულდება სამართალი მის მიმართ, ვინც მაწყენინა. თუ დავინახე, რომ ადამიანი, ვისზეც გაბრაზებული ვარ, დაეცა, ფეხს არ დავაბიჯებ. არაერთხელ მქონია ასეთი შემთხვევა და ეს მიმაჩნია საკუთარ თავზე გამარჯვებად.
მარცხიც როგორ არ მქონია – უკიდურესად სასოწარკვეთილიც ვყოფილვარ, გამოსავალს რომ ვეღარ პოულობ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მიპოვია, თვითონ გამოჩენილა. ჩემი მტერი, ძირითადად, ჩემი ემოციებია, რომლის კონტროლიც მიჭირს, სამწუხაროდ.
– ალბათ, უამრავი რამ გსმენია საკუთარ თავზე, მაგრამ რა არის ის, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდა, კარგიც და ცუდიც...
– კი, მართლა ძალიან ბევრი რამ მსმენია და წამიკითხავს. გჯერათ, რომ ყველა კარგი თუ ცუდი სიტყვა მახსოვს?! მართლა გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის თითოეული სიტყვა ფასეულია. ცუდი, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, წლების წინ, ნანა კაკაბაძესთან დაკავშირებული ამბავია, ვიდეო, რომელსაც ახლაც ატრიალებს რუსული პროპაგანდა და მიდის კომენტარების მთელი ზღვა. სხვათა შორის, ამ ამბის შემდეგ კომენტარებს ხშირად აღარ ვკითხულობ. ტროლები და ბოტები რომ წერენ ცუდს, ეგ ჩემზე არა, ჩემი ოჯახის წევრებზე უფრო მოქმედებს. მე ვიცი ამ ყველაფრის მიზანი. ვიღაცები წერენ, რომ ვარ უხეში, უზრდელი, წერონ, ამ შემთხვევაში არაფრის თქმა არ შემიძლია. მე ვიაზრებ, რომ ყველას ვერ მოვეწონები და ზოგჯერ მეც არ მომწონს ჩემი თავი. ზოგჯერ დედაჩემსაც არ მოსწონს ჩემი გაკეთებული რაღაც. კრიტიკის მიმართ მიმღებლობა ყოველთვის მაქვს. შესაბამისად, არაფერს ვიტყვი, წერონ, არ არის პრობლემა, ვიღებ კრიტიკას, მაგრამ რაღაცები ძალიან გადამეტებულია.
აი, მონსტრი რომ ვარ, ჩვილების სისხლს რომ ვსვამ, მკვლელი ვარ და ასე შემდეგ ასეთიც ძალიან ბევრი წამიკითხავს. ესეც ადამიანების არჩევანია. მე ვიცი, რომ როცა ამ ქვეყანაში სამთავრობო პროპაგანდის გამტარებელი არ ხარ, სამიზნე ხდები.
რაც შეეხება კარგს, ერთი სიტყვა კი არა, ერთი სმაილიც კი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ძალიან ვაფასებ.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობ?
– ჩემი დიდი ოჯახი. ოჯახია ჩემი მთავარი საყრდენი და მოტივაცია. ალბათ, ისინი ხშირად ვერ ამაყობენ ჩემით, ძირითადად, ვანერვიულებ, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ყველაზე დიდი სიამაყეა.
სრულად ნახავთ tbiliselebi.ge