"უცებ გავიფიქრე გიორგი, ხომ საუკეთესო ადგილას არის, მაშინ რა გატირებს, თამუნა" - თამუნა მდივანის ემოციური მიმართვა შვილის გარდაცვალების შემდეგ - Marao

"უცებ გავიფიქრე გიორგი, ხომ საუკეთესო ადგილას არის, მაშინ რა გატირებს, თამუნა" - თამუნა მდივანის ემოციური მიმართვა შვილის გარდაცვალების შემდეგ

2025-09-30 10:58:03+04:00

მსახიობ თამუნა მდივანს საზოგადოება კარგად იცნობს. მის ოჯახში ცოტა ხნის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა. მას ვაჟი გარდაეცვალა. თამუნა ამ ამბების შემდეგ ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს მის მდგომარეობაზე და იმ დედებს, რომლებიც ამ გზას ახლა გადიან, აძლევს სტიმულს, რომ არ დანებდნენ.

ამჯერად ერთ-ერთმა გამომწერმა თამუნას უთხრა, რომ მსგავს მდგომარეობაშია, რასაც თამუნამ ვრცელი ვიდეომიმართვა მიუძღვნა.

"პირველ პერიოდს შოკის პერიოდი ჰქვია, ფსიქოლოგები ასე უწოდებენ. ალბათ, ეს შოკის პერიოდი ისევ ჩვენი ფსიქიკისთვის არის უფლისგან, რომ ჭკუიდან არ გადავიდეთ. ჩვენ უფალი არასდროს გვტოვებს - ეს არ დაგავიწყდეთ. ამის შემდეგ მოდის პერიოდი, როცა აცნობიერებ, რა დაგემართა. ეს არის განუზომელი ტკივილი, მაგრამ მე, პირადად, ჩემი რწმენა ძალიან მეხმარება. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილი უფალთან არის, ცოცხალია და საუკეთესო დედიკო ჰყავს ღვთისმშობლის სახით, ამის მჯერა იმიტომ, რომ ეს ასეა. ეს არის ჭეშმარიტება და ჩვენი შვილები ცოცხლები არიან, ამის გამო ჩვენ სასოწარკვეთაში ჩავარდნის უფლება არ გვაქვს. ჯერ ერთი, იესო გვყავს და რომელ სასოწარკვეთილებაზეა საუბარი.

მოგვიწევს, გავაგრძელოთ ცხოვრება იმ უდიდეს ტკივილთან ერთად, რასაც მონატრება ჰქვია. რაც უფრო დიდია ეს ტკივილი, მჯერა, როცა შევხვდებით, ასმაგად დიდი სიხარული იქნება. 

ერთხელ, მე და ჩემი მეგობრები ვისხედით და ვსაუბრობდით, უფროსი შვილი, სალომე, ამერიკაში, რომ წავა ხომ მოგენატრებაო, მე ვუთხარი, სადაც კარგად იქნება ჩემი შვილი და ბედნიერი იქნება, იქ უნდა იყოს, ჩემი მონატრება რა მოსატანია, მთავარია, ის იყოს კარგად-მეთქი. უცებ გავიფიქრე - გიორგი, ხომ საუკეთესო ადგილას არის, მაშინ რა გატირებს, თამუნა?

მე ძალიან ბევრ ნიშანს მაძლევს უფალი, თუ დააკვირდებით, ვინც ჩემს მდგომარეობაში ხართ, ყველანი მიხვდებით და ამისგან დიდი ნუგეში მოდის. როცა მონატრება ძალიან მომაწვება, მაშინ მივმართავ იესოს და ვთხოვ, რომ მიშველოს და გამაძლებინოს. მე თუ არ დამესიზმრა ან გოგოებს, ვიღაცა დარეკავს და აუცილებლად იტყვის, გიორგი ვნახე სიზმრად, შემდეგ ისეთ სიზმარს მიყვება, რომელიც მამშვიდებს და მანუგეშებს. 

რაც შეეხება ცხოვრების გაგრძელებას, ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთაში, თქვენს შვილებს ეს არ მოეწონებათ. ცხოვრების გაგრძელება ამ ტკივილთან ერთად არის უფრო ძნელი, ვიდრე სახლში დარჩენა, დეპრესიასა და ტირილში ცხოვრება - ეს უფრო იოლია, ვიდრე გააგრძელოთ ცხოვრება. ცხოვრება აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი შვილებისთვის, რომლებიც აქ გვყავს და ჩვენი შვილებისთვის, რომლებიც უფალთან არიან. მათ ჩვენი ლოცვა სჭირდებათ," - ამბობს თამუნა მდივანი.

  • "პირველ რიგში, უფლის მადლიერი ვარ, რომ მაძლებინებს. ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მასთან არის" - თამუნა მდივანის პირველი განცხადება შვილის გარდაცვალების შემდეგ 

თამუნა მდივანი

დრამისა და კინოს მსახიობს, თამუნა მდივანს, უკვე არაერთი წელია, რაც წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს - ის მონაწილეობს რამდენიმე ქართულ სერიალში, გადაღებულია სარეკლამო კამპანიებსა და რგოლებში. მიუხედავად ამისა, თამუნა განსაკუთრებით ბევრმა ადამიანმა "ტიკტოკის" პლატფორმიდან გაიცნო. 

კოვიდპანდემიის პერიოდში, როცა ჩვენი ცხოვრების რიტმი შენელდა, მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, განსაკუთრებით გაიზარდა გასართობი პლატფორმა "ტიკტოკის" პოპულარობა. რთულ პერიოდში დროის გასაყვანად გადაღებულმა ვიდეოებმა თამუნას და მის ოჯახს დიდი პოპულარობა მოუტანა, რაც დღემდე გრძელდება - მასთან ერთად ხშირად ჩნდება მისი ქალიშვილი, მშვენიერი მარიამ მდივანიც. დედა-შვილი ყოველდღიური ვლოგებისა და თუ სახალისო მომენტების გარდა, გამომწერებს კულინარიულ კონტენტსა და რეცეპტებსაც სთავაზობენ. თავდაპირველად თამუნამ ვიდეოებს გადაღება სწორედ მარიამის რჩევით დაიწყო და დღეს მათ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ.