მითი თუ რეალობა: შეიძლება თუ არა ძუძუს კიბოს თავიდან არიდება და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის - Marao

მითი თუ რეალობა: შეიძლება თუ არა ძუძუს კიბოს თავიდან არიდება და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის

2025-10-01 16:22:30+04:00

კიბო დღეს ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კვლევების მიხედვით, ყოველი 12 ქალიდან ერთს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უვლინდება ეს დიაგნოზი. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ: თუ კიბო ადრეულ სტადიაზე გამოვლინდა, განკურნების შანსი 90–95%-მდე იზრდება. ამ სტატიაში გიამბობთ ძუძუს კიბოს ირგვლივ არსებულ მითებზე, რა შეესაბამება რეალობას და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

მითები VS რეალობა

მითი: ძუძუს კიბო მხოლოდ 40 წელს ზემოთ ქალებში ვლინდება

რეალობა: მიუხედავად იმისა, რომ 40 წელს გადაცილებული ქალები რეგულარულ სკრინინგს საჭიროებენ, ძუძუს კიბოსთვის არასდროს ვართ არც ძალიან ახალგაზრდა და არც - ზედმეტად მოხუცი. 

Young Survival Coalition-ის მიხედვით, ძუძუს კიბო 15-დან 39 წლამდე ასაკის ქალებში კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეა. სწორედ ამიტომ, პრევენცია საქართველო გვირჩევს რეგულარულ სკრინინგს ნებისმიერ ასაკში — რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ ცვლილებებს, მით უფრო მაღალია გამოჯანმრთელების შანსი. 

  • მითი: მე ძუძუს კიბო არასდროს მექნება, რადგან ჩემი ოჯახის წევრებს არ ჰქონიათ

რეალობა: ძუძუს კიბოს განვითარების რისკს ნამდვილად წარმოადგენს გენეტიკური წინაპირობა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც „წითელ დროშად“ უნდა განვიხილოთ.

ძუძუს კიბოს გამომწვევ ზუსტ მიზეზებზე მეცნიერები ჯერ ისევ ვერ საუბრობენ. სწორედ ამიტომ,  მიუხედავად გენეტიკური განწყობისა თუ სხვა რისკებისა, მისი ადრეული გამოვლენისთვის, უმნიშვნელოვანესია გადამწყვეტია სისტემატური სკრინინგი.  

  • მითი: ძუძუს კიბოს სამკურნალო წამალი ჯერ არ მოუგონიათ

რეალობა: სიმართლეა, რომ ძუძუს კიბოს სამკურნალო ერთი უნივერსალური პრეპარატი არ არსებობს, თუმცა მის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში განკურნების მაჩვენებელი 90-95%-ს შეადგენს. ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის ყველაზე ეფექტური და საიმედო გზა კი ძუძუს კიბოს რეგულარული სკრინინგია. 

 dzudzus_kibo

 როგორ შევამჩნიოთ ადრეული ნიშნები?

ნებისმიერი სახის სიმსივნე და, მათ შორის, ძუძუს კიბოც იშვიათად მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღებით ვიყოთ, თუ:

  • ვამჩნევთ გამჭვირვალე, ყვითელი, წითელი ან სხვა შეფერილობის გამონადენს მკერდიდან;
  • ვგრძნობთ ტკივილს მკერდის არეში, რომელიც იღებს პერმანენტულ ხასიათს; 
  • კანი მკერდზე იცვლის სტრუქტურას - ხდება უფრო უხეში ან გაღიზიანებული, ჩნდება გამონაყარი, სიმაგრეები ან კვანძები და ა.შ.
  • მკერდი იცვლის ზომას ან ფორმას.

რატომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სკრინინგს?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ძუძუს კიბოს შემთხვევების 50%, ანუ ნახევარი მოდის იმ ქალებზე, რომლებსაც სქესის (ქალი) და ასაკის (40+) გარდა სხვა რისკები არ გააჩნიათ. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგი ერთადერთი გამოსავალია, რათა შევძლოთ შესაძლო გართულებების თავიდან არიდება და ჯანმრთელობის შენარჩუნება. 

სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ქალი თავს არიდებს სკრინინგს, რადგან ეშინიათ არასასურველი დიაგნოზის მოსმენის. მაგრამ რეალურად, სკრინინგზე უარის თქმა არ გვიცავს — პირიქით, საფრთხეს გვიქმნის. სწორედ ამიტომ, განვითარებულ ქვეყნებში ძუძუს კიბოს გამო სიკვდილიანობა ყოველწლიურად მცირდება — და ეს პირველ რიგში, სკრინინგის დამსახურებაა. 

ასევე, სასურველია ვიცოდეთ, რომ საქართველოში 40–70 წლის ქალებს შეუძლიათ სრულიად უფასოდ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სახელმწიფო სკრინინგი, რომელიც მოიცავს:

  • მამოგრაფიას
  • ულტრაბგერით კვლევას
  • საჭიროების შემთხვევაში, ციტოლოგიურ ანალიზს

უფასო სკრინინგი წელიწადში ორჯერ არის ხელმისაწვდომი — და ეს პატარა ნაბიჯი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

რა უნდა ვიცოდეთ ძუძუს კიბოზე?

ძუძუს კიბო არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნის სახეობა ქალებში. ის მაშინ ვითარდება, როცა მკერდში უჯრედები იწყებენ პათოლოგიურ ზრდასა და გამრავლებას და შედეგად წარმოიქმნება სიმსივნური მასა. სიმსივნე შეიძლება იყოს:

  • კეთილთვისებიანი — არ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე და ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.
  • ავთვისებიანი (ანუ კიბო) — შეუძლია გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე (მეტასტაზირება) და სწორედ ამიტომ საჭიროებს დროულ აღმოჩენასა და მკურნალობას.

რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი?

ყოველდღიურად უამრავი ქალი ეძებს ინფორმაციას ინტერნეტში, თუ რა იწვევს ძუძუს კიბოს. ამ კითხვით ხშირად მიმართავენ ექიმებსაც. სინამდვილეში, ძუძუს კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა მეცნიერები საუბრობენ რამდენიმე ფაქტორის შესახებ, რომლებმაც, შესაძლოა, ზოგიერთ შემთვევაში, გავლენა იქონიონ ძუძუს კიბოს განვითარებაზე:

  • თუ გაქვთ გენეტიკური წინაპირობა (თუ თქვენს მშობელს, ბებიას, ბაბუას, ან ოჯახის სხვა წევრს ჰქონდა ძუძუს კიბო);
  • თუ მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
  • თუ დიდი დოზით ყოფილხართ რადიაციული დასხივების ქვეშ.

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ასევე მწეველებმა, ჭარბი წონის მქონე ადამიანებმა და ქალებმა 40 წლის ზემოთ. 

 

წყაროები

  • World Health Organization. Breast Cancer. WHO, 14 Aug. 2025.
  • OncoDaily. “Breast Cancer Cure Rate: A Comprehensive Overview.” 20 July 2025.
  • "Breast Cancer.” Wikipedia, 2025.
  • American Cancer Society. Breast Cancer Facts & Figures 2022–2024.
  • Trimboli, R.M., et al. “Do We Still Need Breast Cancer Screening?” Insights into Imaging, 2020.
  • Huang, S., et al. “Screening History, Stage at Diagnosis, and Mortality.” JAMA Network Open, 2025.
  • "Breast Cancer Facts and Statistics.” Verywell Health, 2025.

R