"ჩემი კარის მეზობელი გახლდათ მუსიკოს ნიაზ დიასამიძის პაპა, ცოტა ქვევით ბალერინა ნინო ანანიაშვილის ოჯახი ცხოვრობდა" - რას იხსენებს ნანული სარაჯიშვილი - Marao

"ჩემი კარის მეზობელი გახლდათ მუსიკოს ნიაზ დიასამიძის პაპა, ცოტა ქვევით ბალერინა ნინო ანანიაშვილის ოჯახი ცხოვრობდა" - რას იხსენებს ნანული სარაჯიშვილი

2025-10-02 15:08:03+04:00

ნანული სარაჯიშვილი ქართული კინოსა და თეატრის ის ნათელი ვარსკვლავია, რომლის სახელი და გვარი ნიჭსა და პროფესიონალიზმთან ასოცირდება. მას კარგად იცნობს ყველა თაობის მაყურებელი, როგორც კინოს, ასევე თეატრის სცენიდან. მისი სახელი უკვე მრავალი წელია, რაც ქართული ხელოვნების ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა მხოლოდ “მანანას“ როლითაც კი, თუმცა მისი კარიერიდან არაერთი დასამახსოვრებელი როლის გახსენება შეგვიძლია. 

  • "ჩემს დას დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი... ქიმიამ მოკლა ჩემი და; ჩემი დისშვილისთვის დედა გავხდი" - ნანული სარაჯიშვილი

ამჯერად ნანული სარაჯიშვილი საინტერესო თემებზე ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს. 

"მომწონდა, სახლში სუფრა რომ იშლებოდა. ეს იყო მთელი აკადემია. მამას მეღვინე ჰყავდა და ძალიან კარგი თამადა გახლდათ. ვანო სარაჯიშვილის შვილიშვილი ვარ და წარმოიდგინეთ, რა სკოლა გავიარე! ჩემი ოჯახი ძალიან სტუმართმოყვარე იყო.

ჩემი კარის მეზობელი გახლდათ მუსიკოს ნიაზ დიასამიძის პაპა, ცოტა ქვევით ბალერინა ნინო ანანიაშვილის ოჯახი ცხოვრობდა. როცა ჩვენი ფანჯრიდან სიმღერის ხმა გადიოდა, ქუჩაში ხალხი ჩერდებოდა და გვისმენდა. დღეს ოჯახში სამი ადამიანიც რომ მივიდეს სტუმრად, მაშინვე რესტორანში მირბიან. დღესაც ვფიქრობ, სად და როგორ ვეტეოდით 40 კაცი ჩემს ოჯახში. ზოგი ფანჯრის რაფაზე იჯდა, ზოგი – სად, ყველა ვხალისობდით. ზოგი მღეროდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი ლექსს ამბობდა… დღეს ყველაფერი სხვანაირად არის…“

nanuli_sarajishvili

ნანული სარაჯიშვილის ცხოვრება და კარიერა

ნანული სარაჯიშვილი დაიბადა 1948 წლის 13 იანვარს თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს.

  • "ზოგს თავისუფლება უხეშობა და აღვირახსნილობა ჰგონია" - ნანული სარაჯიშვილის ინტერვიუ საინტერესო საკითხებზე

1971 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია მანანა („მანანა“, 1958), ტურფა („ვერის უბნის მელოდიები“, 1973), ვარდო („უჩინმაჩინის ქუდი“, 1976), მარო („გარიგება", 1993) და სხვა. 1993 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა „ოქროს არწივით“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

nanuli_sarajishvili

„90-იან წლებს დაემთხვა ცუდი ამბავი… ჩემს დას დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი. თავიდან მე გავიგე, შემდეგ დედას ვუთხარი, თუმცა თვითონ არ იცოდა. მძიმე პერიოდი იყო ჩემთვის. მაშინ სხვანაირი მკურნალობა იყო… ქიმიამ მოკლა ჩემი და. რომ გაუკეთეს, ცუდად გახდა…

დარჩა 9 წლის ბიჭი, რომელიც მე გავზარდე. ახლა 2 შვილიშვილი მყავს.

  • ერთი ფოტოს ისტორია: 4 ლეგენდარული მსახიობი და განსაკუთრებული მეგობრობის ამბავი

სანამ მამა გარდაიცვლებოდა, მანამდე ცუდი სიზმარი ვნახე, ჭერი ჩამოინგრა. 52 წლის ასაკში გარდაიცვალა მამაც და ჩემი დაც.

სანამ ჩემი და გარდაიცვლებოდა, მინდოდა, რომ აფხაზეთიდან დევნილი, უპატრონოდ დარჩენილი ბავშვი ამეყვანა, თუმცა შემდეგ ამ ბავშვებს მშობლები გამოუჩნდნენ.

მერე მალე ჩემი დის ამბავიც მოხდა და ჩემის დისშვილისთვის დედა გავხდი“, - იხსენებდა მსახიობი.