მსახიობ რუსკა მაყაშვილს საზოგადოება დიდი ხანია იცნობს. ეკრანზე პირველად გამოჩნდა "საქართველოს ბანკის" 2010 წლის რეკლამაში; შემდეგ - სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერასა და წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მოგვიანებით მან ეპიზოდური როლი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალში, „შუა ქალაქში“ შეასრულა. რუსკა მაყაშვილი იყო სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წამყვანი და შემდეგ ამავე პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა ორსულობაზე და დედობაზე "აჭარის ტელევიზიასთან" ისაუბრა.
"პირველი შვილი რომ გავაჩინე, მივხვდი, რა არის თურმე მნიშვნელოვანი. აქამდე რაც იყო და რაც მანერვიულებდა, თურმე, არაფერს აზრი არ ქონია. ჩემს შემთხვევაში ასეა, არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს. პირადად ჩემი ცხოვრება დაიწყო ილიას შემდეგ. ჯერ ეს ერთი, გმირი მეგონა ჩემი თავი, ვის არ გაუჩენია შვილი, ხალხი 10,15 და 20 შვილს აჩენს, ხომ არსებობს მრავალშვილიანი დედები და მე ერთი შვილი რომ გავაჩინე, შოკში ვიყავი, თავი მეგონა გმირი.
ერთი კვირა მატრიგერებდა, ღმერთო, ეს რა ვქენი და დღემდე ვამბობ, მაგრამ არავის არ სჯერა, ვგიჟდები მშობიარობაზე. შემიძლია დღეში 13-ჯერ ვიმშობიარო. ეს ჩემთვის იმდენად სასიამოვნო ტრიგერია, ყველანაირი სიამოვნება რომ შეკრიბო შენს ცხოვრებაში, ეს შვილის გაჩენაა. თავი მგონია ყოვლისშემძლე ქალი და ყველა ეგრეა, მერე აუფასურებენ, მაგრამ, რეალურად, ისეთ რაღაცას ჩადიხარ, მართლა გმირი ხარ", - ამბობს რუსკა მაყაშვილი.
რუსკა მაყაშვილმა რამდენიმე წლის წინ სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანან და კომერციულ ვიდეოებშიც მონაწილეობენ. შვილებისგან განსხვავებით, რუსკასთან ერთად საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მისი მეუღლე, მსახიობი განმარტავდა, რომ სანდროს კამერები არ უყვარს და მათთან ურთიერთობას მაქსიმალურად ერიდება.
ცოტა ხნის წინ რუსკა მაყაშვილმა თქვა, რომ ის და სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს დაშორდნენ, ახლა კი შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს.
"ძალიან დიდი ხანი იყო ეს ყველაფერი. ბევრი წლის ფიქრი ბევრი წლის აწონ-დაწონა. არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა. ძალიან მიჭირს ცვლილებები. რა ჩანგლითაც ვჭამდი ბავშვობაში, იმ ჩანგლით ვჭამ ახლაც. ცვლილებების მეშინია. რომ გავთხოვდი და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, ძალიან დიდხანს ისევ ჩემს ოჯახში, ჩემს დანგრეულ სახლში მივდიოდი და იქ ვიჯექი. მიუხედავად იმისა რომ დიდი ვარ და ორი შვილი მყავს მიჭირს მაინც.
დაშორება რთულია. თანაცხოვრების პროცესში არ მიმდინარეობდა დაშორება. უბრალოდ ამაზე ფიქრი მიდიოდა. ეს არის ურთულესი მძიმე პერიოდი, ფიქრობ, რომ ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდები. ახლაც გამკლავების პროცესში ვარ. რთულია, ორი შვილი რომ გყავს... ეს ისეთი თემაა, ძალიან მტკივნეული. 8 თვე გავიდა და ახლაც გამკლავების პროცესში ვარ" - თქვა რუსკა მაყაშვილმა.