ნინო მეუნარგია ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ "მეორე არხიდან" გაიცნო. მას შემდეგ ნინოს ცხოვრებაში არაერთი ცნობილი და პოპულარული პროექტი იყო, მაგალითად, "ვარსკვლავები გვამცნობენ", "საოჯახო ლოტო", "ამინდის პროგნოზი", "კინორეიტინგი", "ალიონი", "ღამის ჯაზი" და სხვ.
ნინო მეუნარგია დღესაც ამ სფეროში საქმიანობს, თუმცა ამ წლების მანძილზე მის ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მათ შორის, მესამე შვილის, დაჩის დაბადება იყო. დაჩი ახლა 16 წლისაა, მისი დიაგნოზისა და ცხოვრების შესახებ კი ცნობილი ჟურნალისტი ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს.

ნინო მეუნარგიას ოჯახი და შვილები
„დაჩიკოს ცერებრული დამბლა აქვს. მის მდგომარეობაზე ბევრჯერ მისაუბრია.14 წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ. როცა მისი დიაგნოზი პირველად გავიგე, იმდენად გავნადგურდი, რომ მორალურად და ფსიქოლოგიურად მოვკვდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ დეპრესიაში ყოფნის უფლება არ მქონდა და მალე გამოვცოცხლდი, ფეხზე დავდექი.
მივხვდი, რომ დაჩის მიხედვა უნდოდა და დავიწყე მოქმედება. მამაკაცებს ძალიან უჭირთ ასეთი ამბის გადატანა. გიორგისაც გაუჭირდა, მაგრამ მე დავეხმარე და ერთად გადავიტანეთ, ერთად დავძლიეთ. ერთს ვიტყვი მხოლოდ – დაჩიკოს სახით მე სახლში ანგელოზი მყავს.
26 წლის ვიყავი, მეორედ რომ შევქმენი ოჯახი და უკვე 26 წელია, ერთად ვართ. გიორგი იმდენად ნამდვილი იყო, იმდენად ვაჟკაცური, რომ მოვიხიბლე. მას ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემს შვილებზე.“
ნინო მეუნარგია მესამე შვილის, დაჩის დედა 38 წლის ასაკში გახდა. თავად ამბობს, რომ ამ დღის შემდეგ მან ახალი სიცოცხლე დაიწყო, სხვა სამყაროს დანახვა შეძლო. "ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ მაღალი ბილირუბინის გამო, ბირთვული სიყვითლე განუვითარდა, გამოწერის შემდეგ ერთ კვირაში ცუდად გახდა და საბოლოოდ, - ცერებრული დამბლა მივიღეთ", - ამბობდა ნინო.

ნინო მეუნარგია იხსენებდა, რომ ეს ოჯახის ყველა წევრისთვის შოკისმომგვრელი და სტრესული ამბავი იყო, თავად კი ფსიქოლოგის გარეშე შეძლო ფეხზე წამოდგომა და შვილების გვერდით ყოფნა. სიცოცხლე მიყვარს. კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რომ ამქვეყნად ერთხელ მოვედი, მეორედ აღარ დავიბადები და ყველაფერი რეალობად მივიღე. ხშირად მქონია პერიოდები, როდესაც ვფიქრობდი, ამას ვერ მოვერევი-მეთქი. მეგობრებს სულ უკვირთ, როგორ არ იღლები, ამდენი რამის კეთება როგორ შეგიძლიაო? სამი შვილის დედას დეპრესიის უფლება არ მაქვს. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, კარგი შვილები, სამეგობრო და ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ", - ამბობდა ნინო.