"მამიდა ინ ექშენ. "ეს ქალი"-ს ძახილს რა მიზანი აქვს?? აჰ, "იმ ქალის" ბრალია ყველაფერი და თვითონ არის სპეტაკის მამიდა... "იმ ქალს" ექნება ალბათ ჯანმრთელობის საბუთები, სათანადო არგუმენტები, მათ შორის, მის სამწუხაროდ დანგრეულ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენს მხარეს რა არგუმენტია, ის, რომ მამიდა ხმას კარგად აკანკალებს?!
ძვირფასო მამიდა, ხმის აკანკალებას თავი დაანებეთ და "კანონი და სამართლიანობის" ფარგლებში იმოქმედეთ, შეაფასეთ ასევე დაზარალებულის მდგომარეობაც ! აჰ, არ გინდათ, იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში, დაზარალებულზე საუბარი არ გაწყობთ??! და "იმ ქალზე" ხელის შეწმენდას თავი დაანებეთ, რადგან ეს უზნეობაა, რაც თქვენს ძმის შვილს არ უკადრია და სავარაუდოდ არც მერე იკადრებს.
და ნუ შეგვაწუხეთ თქვენი პირადი პრობლემებით, ყველას ჰყავს ოჯახი, რაც მამიდას ყოველთვის ცალ ფეხზე ეკიდა. სულ მე, მე რა, (საბჭოელი) თხა ხართ? ნეტავ, დაზარალებულს არ მოსთხოვდეთ იქით პასუხს იმაზე, რომ ბაბუამისს ჯანუკი არ ერქვა და რაღას დავეძებ. ძალით ევროპიელები, ესენი", - წერს სოციალურ ქსელში თეა წულუკიანი და თბილისში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

5 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს 6 მამაკაცი ერთ-ერთი სუპერმარკეტის 2 თანამშრომელზე. ფაქტს წინ უძღოდა მანანა გიორგობიანის ინციდენტი, როცა მას შელაპარაკება მოუვიდა და სწორედ მან დაურეკა ძალადობაში მონაწილე 6 პირს დახმარებისთვის.
თეა წულუკიანი საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ამ პოსტში თაკო ჩარკვიანს მიმართავს. თაკო ჩარკვიანის ძმისშვილი, ჯაკო ჩარკვიანი იმ 6 პირს შორის ერთ-ერთია, ვისაც მანანა გიორგობიანმა დახმარებისთვის დაურეკა.
"თავისი ფეხით მივიდა ჯაკო ადვოკატთან ერთად პოლიციაში, რამდენიმე საათი გავიდა უკვე. არ ვიცი რა ჩვენება მისცა, მაგრამ ფაქტი მოხდა ასე, ჯაკო და მისი მეგობრები სვამდნენ, ამ დროს დაურეკა მისი გარდაცვლილი მეგობრის დედამ, მანჩო გიორგობიანმა კივილით, მიშველეთ, მცემესო. უთხრა რომ შველა სჭირდებოდა. მთვრალი ბიჭები მივიდნენ და მოხდა ის, რაც ვნახეთ კადრებში.. მე ვფიქრობ ჩემთვის, მთვრალები რომ არ ყოფილიყვნენ, შეიძლება გაერკვიათ დეტალები, მე არანაირად არ ვამართლებ ამ ქმედებას, ბევრმა რატომღაც აღიქვა ასე, რომ თითქოს ვამართლებ. არა, არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ, კითხვებს ვსვამ და ვკითხულობ.
მანჩო გიორგობიანი ამ ხელისუფლების მეხოტბეა, შემომწირველი, ამ ქალმა რატომ არ დარეკა პოლიციაში? მისთვის ხომ არის სანდო პატრული. ამის ნაცვლად მთვრალ ბიჭებს დაურეკა. არანაირი გამართლება მომხდარს არ აქვს, შენი შვილის ტოლა ბიჭებს რატომ უნდა დაურეკო? პროვოკაცია მგონია ეს ყველაფერი. გაშტერებულები ვსხედვართ მთელი ოჯახი. მე პირადად ჯაკო არ მინახავს, მართლა შოკი მივიღე ეს ამბავი როცა გავიგე ჟურნალისტებისგან, მერე კადრები რომ ვნახე, გავოგნდი. წარმოუდგენელია. არ ვიცი, რა ვთქვა. საათებია უკვე თავისი ფეხით მივიდა. არ ვიცი თვითონ რა ჩვენება მისცა. კიდევ კარგი იმ ბიჭებს რამე არ დაემართათ, საერთოდ დავიღუპებოდით" - ამბობს თაკო ჩარკვიანი.

ჯაკო ჩარკვიანის სახელი და გვარი ბოლო წლების მანძილზე მედიაში არაერთხელ გაჟღერებულა - 2016 პირველ ოქტომბერს, საღამოს 7-ის ნახევარზე, დოლიძის ქუჩაზე, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, კომპოზიტორ მამუკა ჩარკვიანის 19 წლის ვაჟს - ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს. საბედნიეროდ, არც ერთი ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა.
„ჯანუკის სადარბაზოდან ათიოდე მეტრში ესროლეს. მანამდე, ერთი საათით ადრე ვნახე, საქმეზე მიდიოდა. ღმერთმა დაგვიფარა, რომ გადავრჩით - ორი ტყვია ფეხში, ერთი კი იღლიაში აქვს ნასროლი”, - ამბობდა მაშინ თაკო ჩარკვიანი. იმ დროისთვის ჯაკო ჩარკვიანი 19 წლის იყო.
ჯაკო ჩარკვიანი კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში 2025 წლის იანვარში, როცა პარტია „კანონი და სამართლის“ მასმედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი თამარ ბუჩუკური წერდა, რომ ჩარკვიანს თავ დაესხნენ. მაშინ თამარ ბუჩუკური განმარტავდა, რომ ორ მხარეს შორის დაპირისპირება პირად საკითხებზე დაიწყო. ამ ამბამდე მათ შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, როცა ჩარკვიანს მრავლობითი ტრავმა და დაზიანება მიაყენეს, 2025 წლის იანვარში კი ეს კონფლიქტი გაგრძელდა.
ამჯერად ჯაკო ჩარკვიანი ისევ ყურადღების ცენტრშია.

ცნობილ ქართველ პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილები საზოგადოებისთვის ასევე კარგად ნაცნობი სახეები, თაკო და მამუკა ჩარკვიანები არიან. თაკო ჩარკვიანი არის ქართველი მუსიკოსი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი, არის 63 წლის, ჰყავს მეუღლე, ჯონი გიგანი და ერთი ქალიშვილი, პიანისტი ირმა გიგანი.
მამუკა ჩარკვიანი სულ ცოტა ხნის წინ 69 წლის ასაკში გარდაცვალა. ყველასთვის საყვარელი მუსიკოსისა და შემსრულებლის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. მამუკა ჩარკვიანს ჰყავს ორი შვილი ირინოლა და ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანები.