ცოტა ხნის წინ მომღერალ ირმა სოხაძესთან რადიო "ფორტუნას" ჰქონდა ინტერვიუ, სადაც ირმამ მის სილამაზის საიდუმლოზე ისაუბრა. მომღერალი 70 წლის ასაკში არაჩვეულებრივად გამოიყურება და აღნიშნავს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი გენეტიკაა.
"გენეტიკაც განაპირობებს. მამაჩემი 85 წლის ასაკში პატარა ბიჭივით იყო,ქცევები, ნაბიჯები, აზრები – ახალგაზრდა იყო თავისი მოცემულობით. ამ ასაკში ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი იყო და ბოლომდე ატარებდა ლექციებს. დედაჩემმა 90 წლამდე იცოცხლა… რაოდენობას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა, კიდევ 10 წელი ვიცხოვრებ თუ 15, მთავარია, კარგად ვიყო და სიცოცხლე მეხალისებოდეს. ამით მამას ვგავარ. ორივე ვართ მშვილდოსანი. მამა 25 ნოემბერს იყო დაბადებული, მე 28-ში ვარ. ხასიათითაც ვგავდით. ძალიან იოლად უყურებდა ცხოვრებას, მთავარია, კარგად და ერთად ვიყოთო, მეუბნებოდა… მეც ვეთანხმებოდი…
40 წლისას მქონდა ლამის დეპრესია, რომ ცხოვრება დამთავრდა, რომ ვერაფერი გავაკეთე, რაც მინდოდა. ძალიან მეცოტავებოდა ის, რაც მანამდე მოვასწარი. 40-დან 50-მდე არის სერიოზული გადაფასების პერიოდი. არ ვიცი, ამას ფსიქოლოგები როგორ ალაგებენ, მაგრამ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით ასეა – 40 წელს შევხვდი შეშინებული, ორმოცდაათისამ უკვე ხელი ჩავიქნიე, ვთქვი, რომ არაფერი ცუდი არ არის, ყველაფერი შედარებითია. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერის გამო არ წავედი მოსკოვში, რეზო რომ აქ ყოფილიყო და მე იქ, ოჯახი დაინგრეოდა. არაფერი დამიშავდა ამით. საქართველოს მასშტაბით შეიძლებოდა მეტი, მეტი ხელშეწყობა რომ მქონოდა, მაგრამ არ ვწუწუნებ, არ ვდარდობ, არ ვნანობ, დღესაც კი, ქუჩაში რომ გავდივარ, ყველა მესალმება, მცნობს, თუ უცხოელი არ არის… ძალიან ბევრი, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, მაჩერებს, მოდიან, სელფებს იღებენ. ამაზე დიდი სიამოვნება რა არის? ამიტომ მე ვარ უაღრესად მადლობელი ჩემი ქვეყნის."- ამბობს ირმა სოხაძე.
ირმა მეუღლეზეც საუბრობს, როგორც აღნიშნავს ახალგაზრდობისას, რეზო ასათიანი იშვიათად ანებივრებდა კომპლიმენტებით.
"სულ მეუბნებოდა, გადაიღე სურათები, დარჩება, რომ კოსმეტოლოგიური ჩარევებისა და ფოტოშოპის გარეშე კაი გოგო ხარო. ცოტა არ სჯერა. ამაზე ვხუმრობთ, რა თქმა უნდა. ახალგაზრდობაში არ მანებივრებდა კომპლიმენტებით. ახლა, ბოლო 10 წელია განსაკუთრებით, სულ აღნიშნავს და მამხნევებს. კარგი განწყობის საფუძველია, როცა მეუღლე ასე გელაპარაკება… ამ ბოლო დროს გადარეულია, ისე მოსწონს ჩემი გარეგნობა. სხვები რომ მეუბნებიან, უცხოები რომ აღნიშნავენ, გადაჭარბებულად, ეს ზოგჯერ უხერხულია, მაგრამ მეც არ მეგონა, რომ მეუღლის კომპლიმენტს ასეთი დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. ერთად ვბერდებით, მაგრამ ყოჩაღ, რომ ყველაფერს ასწრებ, ახერხებ და კარგად გამოიყურებიო. ასეთი სიტყვების შემდეგ, გინდა, რომ კარგ ხასიათზე იყო. ეს არის ცხოვრება ბოლო-ბოლო, მეტი რა არის, ერთმანეთს ხასიათი გამოუკეთო, განსაკუთრებით ასაკში. ის ვნება და გულის ფართხალი, რა თქმა უნდა, აღარ არის, რაც ურთიერთობიდან პირველ 10-15 წელს ახასიათებს. მის ნაცვლად რაღაც უნდა მოვიდეს, ხომ? თემები გვაქვს საერთო, ერთმანეთს ამხნევებთ და ა.შ." - ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე.
მომღერალი ირმა სოხაძე წლებია, სასურველ წონას ინარჩუნებს, გადასარევად გამოიყურება და სულ ფორმაშია. გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მას ამისთვის არც მტანჯველი დიეტების დაცვა უწევს, არც კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება და არც სილამაზის სალონებში ხშირი ვიზიტი. მისი ახალგაზრდობის, ფორმაში ყოფნისა და ხიბლის მთავარი საიდუმლო მისსავე ხასიათსა და იმ ყოველდღიურ თავის მოვლის მარტივ რუტინაშია, რომელსაც სახლის პირობებში აკეთებს.
"რომ მეკითხებიან, რა მოგწონს შენს თავშიო, ვპასუხობ: ჩემი ხასიათი. ვარ ძალიან დამთმობი და მიმტევებელი. ჩემთვის დასკვნები, რა თქმა უნდა, გამომაქვს ადამიანებზე – ახლობლებზეც და შორეულებზეც, მაგრამ ვცდილობ, კონფლიქტში არ შევიდე, საქმეები არ ვარჩიო, არ გავართულო. ვამარტივებ ყველაფერს, მთელი ცხოვრება.
სახლის პირობებში ჩემით გადასარევად ვიწესრიგებ ფრჩხილს, ვიკეთებ მანიკიურ-პედიკიურს და თმასაც ჩემი ხელით ვიღებავ. მაგალითად, თუ ზღვაზე მივდივარ დასასვენებლად, შეიძლება წავიდე სალონში და პედიკიური პროფესიონალს გავაკეთებინო. თუ არა და, მეც საკმაოდ ოსტატურად ვაგვარებ ამ საქმეს. არ მცალია არასოდეს თმის შესაღებად და ფრჩხილების დაგრძელების გამო სალონში საათობით ვიჯდე. ასე რომ, მთელი ცხოვრებაა, თმას თავად ვიღებავ, სალონში არასდროს შემიღებავს. ბევრი მეუბნება, თმა რა კარგ ფერზე გაქვსო. ვიცი, როგორ შევიღებო ძირები სხვა საღებავით და დანარჩენი თმა – სხვა ფერით. ამ საქმეს სკრუპულოზურად არ ვუდგები, თმას მარტივად და ადვილად, თვე-ნახევარში ან ორ თვეში ერთხელ ჩემით ვუვლი და ვიღებავ. ბევრი ჭაღარაც არ მაქვს და ამისთვის მადლობა გენეტიკას. არადა, ყველას ჰგონია, ათასგვარ პროცედურას ვიტარებ კანზე, თმასა და ტანზე, მაგრამ ასე არაა", - ამბობდა ირმა სოხაძე.