მომღერალი თამუნა ამონაშვილი და რეჟისორი რეზიკო არჩვაძე მშობლები გახდნენ. წყვილს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა, რომლებსაც იონა და მელანია დაარქვეს. ამის შესახებ რეზიკო არჩვაძე Ambebi.ge-ს ვრცლად ესაუბრა:
"ბავშვები 1-ელ სექტემბერს დაიბადნენ, უკვე სამი თვისები არიან. უბრალოდ, ამის აფიშირება არ გვინდოდა ჯერ, ასე გადავწყვიტეთ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა ნანატრი შვილების შეძენა. რა თქმა უნდა, დამხმარეს გარეშე ვზრდით მე და თამუნა. თამუნა ძალიან შეცვალა დედობამ. იონა და მელანია ჩვენი ბიოლოგიური შვილები არიან, სუროგაციით შეგვეძინა".
თამუნა ამონაშვილმა პირველი ნაბიჯები მუსიკაში 5 წლისამ გადადგა, როცა ის მასწავლებელთან მიიყვანეს.
დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა ვიოლინოს სპეციალობით. იგი კონსერვატორიაში გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, ვიოლინოს სპეციალისტი იყო და მომღერლობაზე არც კი ფიქრობდა. კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდაზე გასვლის წინ უცებ დაფიქრდა, რომ მთელი ცხოვრება ვიოლინოთი სიარული, ორკესტრთან ერთად ჯდომა და დღე და ღამე მეცადინეობა მოუწევდა. თამუნა არ გავიდა გამოცდაზე, სახლში კი მოიტყუა — ვითომ ჩაიჭრა.
იმავე წელს ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტზე. ჯგუფში საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა და 1987 წელს თეატრალური ინსტიტუტიც შესაბამისად წარჩინებით დაამთავრა. მიღებული აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება.
მომავალი მეუღლე, რამდენიმე წლით უმცროსი რეჟისორი რეზიკო არჩვაძე, ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს გაიცნო.
"ლალი ტოტიკაშვილის მეგობარი იყო რეზიკო და მან გამაცნო. მერე დავმეგობრდით, ერთად მივდიოდით, მოვდიოდით. თურმე შევყვარებივარ, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. ორი წელი არაფრის აზრზე არ ვიყავი. ლალიმ იცოდა და არ მეუბნებოდა. ამერიკაში მივდიოდი გასტროლებზე და წასვლისას მითხრა. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, გავგიჟდი. ცუდი პერიოდი, დეპრესიული სიტუაცია მქონდა და თავს კარგად არ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. ვფიქრობდი, საქმეში გადამეტანა ეს ყველაფერი და რაღაც გამეკეთებინა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ დამანახა დამოკიდებულებებში. ვიფიქრე, დავაფასე მისი ეს დამოკიდებულება და გადავწყვიტე, გავყოლოდი. ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო. რეზიკო იმდენ რამეს აკეთებს მოსკოვში, მე მარტო ამას ვერანაირად ვიზამდი. კაცის ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს რეზიკო აგვარებს. მან ყველაფერი იცის, ქალაქი იცის ფანტასტიკურად, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. მე და რეზიკო 14 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ქორწინებიდან 3 წელი არის ადაპტაციის პერიოდი. ერთად ბევრი ეტაპი გავიარეთ, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ. ყველას გვაქვს მინუსი და პლუსი, მაგრამ, რაც წლები გადის, ცოლქმრობაში მინუსები აღარ არის მნიშვნელოვანი, აღარ აქცევ ყურადღებას.
გული მწყდება, რომ არ მყავს შვილი. როდესაც პატარა ვიყავი, მქონდა, ასე ვთქვათ, ეს ახირებები, რომ ჩემს კარიერას არ შევწირავ. ცოტა დროულად რომ გავთხოვილიყავი, ალბათ, მექნებოდა ის დიდი ბედნიერება ცხოვრებაში, რაც ყველა ადამიანს აბედნიერებს… სიამოვნებით ავიყვანდი ბავშვს, გავზრდიდი ერთსაც, ორსაც. ძალიან რთულია, მაგრამ იმდენი დრო გავიდა, რომ რამდენიმე წელია, მზად ვარ, მეც და რეზიკოც", - ამბობდა მომღერალი.