არქიტექტორობა უნდოდა. ჩააბარა კიდეც არქიტექტურის ფაკულტეტზე, მაგრამ მერე შემთხვევით ტელევიზიაში მოხვდა და ყველაფერი შეიცვალა. ტელევიზია მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა... ნიკა ლომიძე ცნობილი ტელეწამყვანი, რეჟისორი და სარეკლამო სააგენტოს დამფუძნებელი საკუთარ განვლილ გზასა და გამოცდილებაზე გვიყვება...
- არქიტექტურის ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული. როცა იქ სწავლობდი, წარმოიდგენდი, რომ ტელევიზია იქნებოდა შენი მომავალი საქმიანობის სფერო?
- ვერაფრით წარმოვიდგენდი, რადგან ბავშვობაში როდესაც „პიონერფილმში“ გრიშა ჩიგოგიძესთან დავდიოდი, მან ერთხელ ტელევიზიაში და რადიოში წაგვიყვანა... იმ დღიდან ვინც იქ ვიყავით, მართლა ვოცნებობდით, რომ იმ შენობაში რა სტატუსითაც არ უნდა გვემუშავა, რა მაგარი იქნებოდა... ვერც წარმოვიდგენდი, თუ შესაძლებელი იყო, ეს მომხდარიყო. ძალიან ოცნების სფეროდ მიმაჩნდა. არაფრით დამიშვია, რომ იქ ოდესმე მოვხდებოდი, არც ნაცნობი არავინ მყავდა, რომ ვთქვათ, ამაში დამხმარებოდა... გავიდა დრო და იქ შემთხვევით მოვხვდი...

- თავიდან „პიონერფილმში“ კინოს სიყვარულმა მიგიყვანა?
- კინო, მულტიპლიკაცია ძალიან მიყვარდა, მაგრამ იქ რომ აღმოვჩნდი, ეს საერთოდ ჩემი მშობლების დამსახურება, რაც ძალიან კარგი იყო. ის წლები საუკეთესოდ და საინტერესოდ გავატარე, - უამრავი პერფორმანსი გვქონდა და საღამოებს ვაწყობდით.

- და არქიტექტორობა რატომ გადაწყვიტე?
- არავინ იცის... დედა ფიზიკოსი მყავს, მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში ასწავლიდა, პედაგოგია. მისი დამსახურებით, ბავშვობაში სულ ფიზიკა მესმოდა, დედას მოწაფეები ჰყავდა, თან სულ უნივერსიტეტში ვიყავი. სკოლაც ფიზიკა-მათემატიკური განხრით დავამთავრე. ყველას ეგონა, რომ მაგ მიმართულებით წავიდოდი, მაგრამ უცბად გამოვაცხადე, რომ არქიტექტურა მინდა, რადგან მომწონს-მეთქი. და არქიტექტურისთვის პირდაპირ მზადება დავიწყე.
წაიკითხეთ სრულად