დალი ჩიტალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ის დედისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნავს, დიდი სიყვარული და უამრავი კომენტარი მოჰყვა. მან 85 წლის დედისთვის ნაძვის ხე მორთო, მასთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარა და კადრები მეგობრებსაც გაუზიარა.
დალი ჩიტალაძე გასულ წელს "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში დედაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობდა:~
"დედა არის ჩემთვის ყველაფრის საწყისი. რომ ამბობენ, მშობელს ასაკი არ აქვსო, მართალია. არ აქვს მნიშვნელობა, დედა ადრე წავა ამ ქვეყნიდან თუ-გვიან, ყოველთვის ძალიან მწარე და მტკივნეულია. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება, ვინმეს დედა დავუძახო, რომ დედა მყავს.
მახსოვს, დედა მხოლოდ მაშინ ბრაზდებოდა, როცა ვინმესგან უმადურობას იგრძნობდა, ამბობდა, რომ ყოველთვის მადლიერი უნდა იყო. რაც მეტად მადლიერი ხარ, უფრო მეტი მოგეცემა - ეს დედასგან ვიცი და ცხოვრებამაც მასწავლა.
დედას აქვს ცისფერი თვალები, ეს ფერი ჩემთვის სიმშვიდეა, სიწყნარეა...
ბევრი ტრაგედია აქვს დედას გადატანილი, მე ძმაც გარდაცვლილი მყავს და - დაც. ამდენი სტრესის შემდეგ დედა აღარ არის კარგად, ჩვენთვის დიდი სიხარულია, როცა დედას ფეხზე ვნახულობთ.
როცა დედას ვნახულობ, სულ ვეხუტები, ვეფერები, მინდა, ჩემგან დარჩეს სითბო. მინდა, მეტი დრო მქონდეს მასთან გასატარებელი"...
ამბობს, რომ გენეტიკა და ბუნება ყოველთვის ვერ დაეხმარება, თუკი გარკვეულ დისციპლინას თავადაც არ გამოიმუშავებს, არ ივარჯიშებს, ჯანსაღად არ იკვებება და ა.შ.
"ეს ყველაფერი ცოტა გენეტიკის, ცოტა თავის მოვლის დამსახურებაა. ვცდილობ, კვირაში სამჯერ მაინც ვივარჯიშო, ღამე არ გავათენო, სრულფასოვნად გამოვიძინო, შეძლებისდაგვარად ჯანსაღი პროდუქტები მივიღო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ტკბილეული, ნამცხვარი და მისი ცხობაც, ერთ დღეს რომ დავაგემოვნებ, შემდეგ რამდენიმე დღე თავს უფლებას აღარ ვაძლევ, ვჭამო.
ადამიანები უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ თავს მოვუაროთ, შევიყვაროთ, არ ვავნოთ საკუთარ თავს. სიგარეტი არ მოწიოთ, ბევრი სასმელი არ დალიოთ და ა.შ.
საერთოდ, ასაკი რაც უფრო გემატება, ჯანმრთელობას მეტად აფასებ, თუმცა მე ბავშვობიდან ასე ვიყავი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ოჯახში როგორ იზრდები, გასწავლიან თუ არა, რა არის ჯანმრთელი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ადამიანი რომ ბერდება, ეს არის ღვთისგან ბოძებული მადლი. სიბერე იმას ნიშნავს, რომ შენ განვლე ცხოვრება. ასაკის მატებასთან ერთად ბევრ გამოცდილებას და ცოდნას იღებ. მერე კი უკვე გაქვს უფლება, ადამიანებს რჩევა მისცე, გამოცდილება სხვებსაც გაუზიარო, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა.

ნეტავ ყველა დავბერდეთ. ჩემი და და ძმა ძალიან ახალგაზრდები გარდაიცვალნენ. ამის მიხედვით, მე ჩემი დასკვნები გავაკეთე – ძალიან კარგია ასაკის მატება და ამის კი არ უნდა გეშინოდეს, უნდა გიხაროდეს. ასაკი თავდაჯერებასაც გმატებს. ბევრი ქალი და მამაკაცი მინახავს, რომლებსაც ეშინიათ ამის. მე – არა, ნამდვილად არ მეშინია ასაკის მატების, პირიქით, ღმერთს მადლობას ვეუბნები ყოველი დღისთვის, რომ თენდება. ეს მართლაც დიდი მადლია.
ქალი შეიძლება არ იყოს ლამაზი, მაგალითად, 90/60/90, დაწყობილი ნაკვთებით, მაგრამ უნდა იყოს გემოვნებიანი. თუ ქალი გემოვნებიანია, ის უკვე ძალიან მომხიბვლელია. გემოვნება ნიშნავს, რომ ყოველთვის ხარ ელეგანტური.
სამოსში ხარისხიანი და კლასიკური ელემენტები უნდა ჭარბობდეს და ტენდენციებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. წელიწადში ორჯერ რამდენიმე მოდურ ნივთს თუ შეიძენთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარდერობი განაახლეთ. მაგალითად, ჩემი გარდერობი წლების განმავლობაში იქმნებოდა. აუცილებელი არ არის, წელიწადში ორჯერ თავიდან ბოლომდე შეცვალოთ, უბრალოდ უნდა დაამატოთ ტენდენციური ნივთები" - ამბობდა დალი ჩიტალაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.