"ვიღაცისთვის შეიძლება საღლიცინო და სასაცილო ვიდეო ჩემთვის გახდა ჯოჯოხეთური დღეების დასაწყისი" - თიკა ჯამბურია 2025 წელს აჯამებს - Marao

"ვიღაცისთვის შეიძლება საღლიცინო და სასაცილო ვიდეო ჩემთვის გახდა ჯოჯოხეთური დღეების დასაწყისი" - თიკა ჯამბურია 2025 წელს აჯამებს

2025-12-31 19:04:44+04:00

მომღერალი თიკა ჯამბურია 2025 წელს აჯამებს. მისი თქმით ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი იყო.

"მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ალბათ, ყველაზე რთული წელი მქონდა... იანვარში ვიპოვე ფართი, რომ ჩემი ოცნება ამეხდინა და კაფე გამეხსნა... ასე გამოიყურებოდა "1991" რემონტამდე. იანვარში გავიგე, რომ საოპერაციო ვიყავი... ზუსტად ერთი წელი დამჭირდა, რომ ის შედეგი მიმეღო, რაც მინდოდა. 4 მარტი ჩემი და "with lovee 1991"-ის დაბადების დღეა. 

აპრილში გამოვიდა ჩემი და თედოს სიმღერა, რომელიც ჩვენნაირ ადამიანებს მივუძღვენით... ეს არის მიზანდასახულ და განვითარებისკენ მიმართულ ადამიანებზე, რომლებიც ბევრი დაცემის, ტკივილის და წინაღობის მიუხედავად, მტკიცედ მიდიან საკუთარი ოცნებების და მიზნების გზაზე. აპრილში დაიბადა მედუზაც. ამ პერიოდში ველოდებოდი ოპერაციის შემდეგ გერმანიაში გაგზავნილ პასუხებს. პარალელურად, მიდის ჩემი სერიოზული ბულინგი სიმღერასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიმღერე უბედურ ხალხზე (თუმცა ამ სიმღერის აზრი და შინაარსი ეს ნამდვილად არ ყოფილა). არ ვიმჩნევ, თუმცა ეს თემა სერიოზულად მანგრევს.

ამასთან, ვმუშაობ კაფეში და თავად ვამზადებ ყველაფერს... მაქვს "ვინ ვინ არის" გადაღებები და ჩაწერები. ამ პერიოდში  მედუზა მავიწყებდა ყველა პრობლემას და მხდიდა უბედნიერესს. მედუზა იყო კიდევ ერთი ჩემი ახდენილი ოცნება. ფინალის შემდეგ დაიწყო კიდევ ერთი სიძულვილის ტალღა... რამაც მენტალურად ძალიან დამამძიმა. რა თქმა უნდა, იყო უამრავი სიყვარული და სითბო, რისთვისაც დიდი მადლობა ამ ადამიანებს. ჩემ გვერდით ყოველთვის სიყვარულია დაა ამიტომ ვერევი რთულ სიტუაციებს. 

ივნისი - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ბედნიერი ზაფხულის დღეები. პირველად წავიყვანეთ ტოკიო და ზოი ზღვაზე. ეს დღეები სავსე იყო სიხარულით, სიცილით, სიმშვიდით და ზღვის სურნელით.

ივლისში მქონდა პირველი გამოცდილება სთრით ფუდის მიმართულებით და საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა. ამასთან, ვიპოვე სამყაროში ყველაზე ლამაზი ფისო და გავაშვილე საუკეთესო ოჯახში. 

აგვისტოში ვიმოგზაურე ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ერთად. ზაფხული ნამდვილად ძალიან კარგი იყო, ბევრი ბედნიერი და დასამახსოვრებელი წუთით. 

სექტემბერში ახალი იდეებით დავბრუნდით კაფეში და შევქმენით ფორთოხლის სენდვიჩი, რომელიც ხალხს ძალიან მოეწონა და ეს თვე იყო ყველაზე დატვირთული და წარმატებული. ოქტომბერში კი უბრალოდ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ.

ნოემბერი იყო ყველაზე რთული. ვიღაცისთვის შეიძლება საღლიცინო და სასაცილო ვიდეო, ჩემთვის გახდა ჯოჯოხეთური დღეების დასაწყისი. არ მინდოდა ამ ისტორიის მოყოლა, ვცდილობდი არ შემემჩნია, მაგრამ ამ პერიოდში, რაც ჩემ ირგვლივ ხდებოდა ეს იყო... ყველაზე რთული პერიოდი, რომელმაც მარტო ფიზიკურად კი არა, არამედ მორალურად დამანგრია.

ძალიან კარგი იუმორის გრძნობა მაქვს, მეც მეცინება სასაცილო მომენტებზე, მაგრამ კარგად ვაცნობიერებ, რა არის იუმორი და რა არის დაცინვა... მთაგავდნენ და იღებდნენ ჩემზე  ვითომ იუმორისტულ, მაგრამ რეალურად სარკასტულ ვიდეოებს... ვერ გავდიოდი ხალხმრავალ ადგილებში, რადგან პირდაპირ ჩემკენ იშვერდნენ ხელს და ურცხვად მესროდნენ ხმამაღალ რეპლიკებს. კაფეში მოდიოდნენ და ჩუმად ვიდეოებს მიღებდნენ და იცინოდნენ... ნინას და ჩემს ტელეფონზე შემოდიოდა ზარები. დილიდან საღამომდე ამ თემაზე ღლიცინებდნენ (უცხო ადამიანები). რა თქმა უნდა, არ მინდა მსხვერპლის როლი მოვირგო, მაგრამ, დამიჯერეთ, ეს იყო ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი.

  • "თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა, რომ ჩემი გულის ტკენა გამოეწვია, გამოუვიდა, მაგრამ..." - თიკა ჯამბურია კრიტიკოსებს მიმართავს 

პირველად დავიწყე ფსიქოთერაპევტთან სიარული, რადგან დამეწყო ხალხში გასვლის შიშები. დამეწყო პანიკური შეტევები, ვერ ვმუშაობდი, არ მქონდა არაფრის ძალა, ხალისი და ნერვი. ბოლო ენერგიებით ვცდილობდი კაფესთვის ყურადღება მიმექცია, თუმცა ჩემმა მენტალურმა პრობლემამ ამაზეც იმოქმედა და კაფეშიც დაიწყო ფინანსური კრიზისი, სამწუხაროდ, ჩემი პატარა ლამაზი კაფე დროებით დავკეტე... მინდა ძალები აღვიდგინო და გავძლიერდე, რომ მალე დაგიბრუნდეთ.

მგონი, ჩემი ძალა იმაშია, რომ ყველაფერი მალე მავიწყდება - წყენაც, ბრაზიც, ტკივილიც და ღალატიც... ზუსტად ამიტომ მაქვს ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება, რომ დიდ ხანს არ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, ნეგატიური განწყობა მქონდეს... დეკემბერმაც ხელი შემიწყო და დამტვირთა ბევრი კონცერტით და გადაღებით, იმ საქმით, რომელიც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. 

სამწუხაროდ, მიწევს იმ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ბევრი შემდგარი და დაკარგული ადამიანია... ისინი საკუთარი შეუმდგარი აზროვნებით აღიქვამენ გარემოებას და ამიტომ ადამიანები, ვინც წინ მივდივართ, მათში ძალიან დიდ აგრესიას იწვევენ.  მადლობა ღმერთს, რომ ამ ყველაფრის რეალურად აღქმის უნარი მაქვს და პირიქით გავძლიერდი და დავაფასე, ვინ ვარ და როგორი ვარ... 

2026 წელს ვეგებები დიდი სიყვარულით, ბედნიერებით და მარტო დადებითი ენერგიით. თქვენ კი ყველას იმას გისურვებთ, რასაც იმსახურებთ", - წერს მომღერალი.